ბრძანება N 29779-3

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.10.2020
№ დოკუმენტი 29779-3
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 29779

01/10/2020

სს ---------------

(მის.: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 10 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №66) განიხილა სს ----- ს 2020 წლის 18 იანვრის №48727/1/2020 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 24 დეკემბრის №094-251 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

არ ეთანხმება დასაკუთრებული უძრავი ქონების საინვესტიციო ქონებად განხილვას და ქონების გადასახადით დაბეგვრას. მისი განმარტებით, კომპანიის ერთადერთი მიზანი აუქციონის გზით შეძენილი უძრავი ქონების დროული რეალიზაციაა, დასაკუთრებული ქონების ფასის დასადგენად კომპანიის პოლიტიკაა დაფაროს სასესხო ზარალი და არ ითვალისწინებს ქონების საბაზრო ფასს. მომჩივანი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ავალდებულებს მიკროსფინანსო ორგანიზაციას, მის მიერ დადგენილ ვადებში განახორციელოს დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია, ამდენად, ქონების დასაკუთრება და რეალიზაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ჩვეულებრივი საქმიანობის ნაწილია.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 11 ივლისის №23174 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს ----- ს საქმიანობის საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 27 ივნისამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 17 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 24 დეკემბერს გამოსცა №45747 ბრძანება და ამავე თარიღის №094-251 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 251 820 ლარი, მათ შორის, გადასახადი 144 045 ლარი, ჯარიმა 69 781 ლარი და საურავი 37 994 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

სს ----- ს სასესხო პორტფელის 80%-ს შეადგენს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. იმ შემთხვევებში, როდესაც მსესხებელი ვერ ახდენს ვალდებულების შესრულებას, მისი იპოთეკით დატვირთული ქონება ვადაგადაცილებული სესხის დასაფარად გადის აუქციონზე. აუქციონზე გატანილ უძრავ ქონებას ისაკუთრებს სს ----- . გადასახადის გადამხდელი ყველა შესაძლო შემთხვევაში ახდენს მათ რეალიზაციას „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმისა და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ბრძანების მიხედვით. გადასახადის გადამხდელი დასაკუთრებულ ქონებას აღრიცხავს ანგარიშზე - დანარჩენი აქტივები ეროვნულ ვალუტაში, საგადასახადო მიზნებისათვის აღნიშნულ ქონებას პირი განიხილავს, როგორც სასაქონლო-მატერიალურ მარაგს და არ ახდენს მასზე ქონების გადასახადის დარიცხვას.

ვინაიდან პირი წარმოადგენდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, იგი ვალდებული იყო წარედგინა აუდირებული ფინანსური ანგარიშგება ეროვნული ბანკისათვის. 2016 და 2017 წლების საანგარიშო პერიოდზე შემოწმებისათვის წარმოდგენილია პირის ფინანსური ანგარიშგება, რომელშიც განსაზღვრულია დასაკუთრებული ქონებების გადაფასებული ღირებულებები, თუმცა ვინაიდან სს ----- ამ განიცადა ლიკვიდაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ნაწილში, მას არ წარუდგენია 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება, შესაბამისად, შემოწმება არ ფლობდა დასაკუთრებული უძრავი ქონების 2018 წლის საბოლოო ღირებულებებს, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისათვის გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად. საგადასახადო შემოწმებით განისაზღვრა 2017 წლის ბოლოს დასაკუთრებული ქონებების საშუალო აუდირებული ღირებულებები, რომელიც გამოყენებული იქნა 2018 წლის ქონების გადასახადის განსაზღვრისათვის (დასაკუთრებული ქონებების რაოდენობა შემოწმებისათვის ცნობილია ყველა პერიოდში). გადასახადის გამდახდელს ბალანსზე რიცხული დასაკუთრებული ქონების აუდირებული ანგარიშგების შესაბამისად განსაზღვრულ ღირებულებებზე დაერიცხა შესაბამისი ქონების გადასახადი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა სადავო საკითხთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან /და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 40-ის (საინვესტიციო ქონება) თანახმად, საინვესტიციო ქონება არის ქონება (მიწა ან შენობა, ან შენობის ნაწილი ან ორივე), რომელსაც ფლობენ (მესაკუთრე ან მოიჯარე ფინანსური იჯარის პირობებში) საიჯარო შემოსავლების მიღების ან ღირებულების ზრდის ან ორივე მიზნით, გარდა ისეთი მიზნებისა, როგორიცაა: ა) გამოყენება საქონლის წარმოების ან მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის; ბ) გაყიდვა ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში. საინვესტიციო ქონება აქტივად უნდა აღიარდეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც: ა) მოსალოდნელია, რომ საწარმო მიიღებს ამ ქონებასთან დაკავშირებულ მომავალ ეკონომიკურ სარგებელს; ბ) შესაძლებელია საინვესტიციო ქონების თვითღირებულების საიმედოდ შეფასება.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის უძრავი ქონების შეძენა-რეალიზაცია არ წარმოადგენს ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესის შედეგს, გარდა ამისა, აღნიშნული ქონებები უმრავლეს შემთხვევაში რეალიზებულია ნამეტით. ვინაიდან საინვესტიციო ქონების განმარტების თანახმად, მესაკუთრე აღნიშნულ ქონებას ფლობს და ყიდის ღირებულების გაზრდით, საგადასახადო შემოწმება მიიჩნევს მას საინვესტიციო ქონებად.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სესხის სანაცვლოდ დასაკუთრებული უძრავი ქონება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას, ხოლო, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, საგადასახადო შემოწმების მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამდენად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სს ----- ს 2020 წლის 18 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16), ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება დასაკუთრებული უძრავი ქონების საინვესტიციო ქონებად განხილვას და ქონების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით გადამხდელი სასესხო პორტფელის 80%-ს შეადგენს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. იმ შემთხვევებში, როდესაც მსესხებელი ვერ ახდენს ვალდებულების შესრულებას, გადამხდელი ახდენს მათ რეალიზაციას.

გადამხდელი აღნიშნულ ქონებას განიხილავს, როგორც სასაქონლო-მატერიალურ მარაგს და არ ახდენს მასზე ქონების გადასახადის დარიცხვას. დგინდება, რომ გადამხდელისთვის უძრავი ქონების შეძენა-რეალიზაცია არ წარმოადგენს ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობას. უმრავლეს შემთხვევაში ქონება რეალიზებულია ნამეტით. ვინაიდან საინვესტიციო ქონების განმარტების თანახმად, მესაკუთრე აღნიშნულ ქონებას ფლობს და ყიდის ღირებულების გაზრდით, საგადასახადო შემოწმება მიიჩნევს მას საინვესტიციო ქონებად. შემოწმების შედეგად გამდახდელს ბალანსზე რიცხული დასაკუთრებული ქონების აუდირებული ანგარიშგების შესაბამისად განსაზღვრულ ღირებულებებზე დაერიცხა შესაბამისი ქონების გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მიერ სესხის სანაცვლოდ დასაკუთრებული უძრავი ქონება ბასს-ის მიხედვით წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას, შემოწმების მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამდენად, გადამხდელის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1,,ა“)

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 40