გადაწყვეტილება №27630/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.07.2026
№ დოკუმენტი 27630/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

09 ივლისი 2026

N 27630/2/2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 03.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 17.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27630/2/2026).

 

დავის საგანი:

ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 13 მაისის ID: ----- შესაგებელი;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 ივნისის N 12095 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა:

2026 წლის 27 აპრილს გადასახადის გადამხდელმა მიმართა აუდიტის დეპარტამენტს და მოითხოვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. მომჩივნის განმარტებით, ზედმეტობა წარმოქმნილია იმპორტის ოპერაციაზე დღგ-ის თანხის გადახდის შედეგად. აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა და 2026 წლის 13 მაისის ID: ----- შესაგებლით მომჩივანს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, მოთხოვნაზე არ არის დართული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

აღნიშნული შესაგებელი 2026 წლის 19 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 3 ივნისის N 12095 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 63-ე, 65-ე მუხლებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 135 მუხლებზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

კომპანიას პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოეშვა ზედმეტობა გარკვეული მიზეზების გამო. წესისამებრ ატვირთა განაცხადი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე. საყურადღებოა, რომ განცხადების ფორმა არ ითვალისწინებს სავალდებულო ველად დოკუმენტების ატვირთვას. შესაბამისად, გავრცელებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ელოდებოდა, რომ გაუგზავნიდნენ შუალედურს და მოითხოვდნენ საჭირო დოკუმენტაციას. ეს ითხოვა კიდეც განცხადებებში რამდენჯერმე, რომ გაეგზავნათ მოთხოვნა რა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ჭირდებოდათ განხილვისთვის. ასევე, უამრავჯერ სცადა სატელეფონო კავშირის მეშვეობით მიეწვდინა ხმა, რომ როგორმე გაეგზავნათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა დოკუმენტები იყო საჭირო და მომჩივანი მზად იყო დაუყოვნებლივ გაეგზავნა ყველაფერი.

მიიღო წარმოუდგენელი გულგრილი და არაპროფესიული დამოკიდებულება. ასევე, საჩივარზე მიიღო უარყოფითი პასუხი სრულიად დაუსაბუთებლად.

მზად არის წარმოადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია. რადგან განცხადების ველი არ ითვალისწინებს წინასწარ ამ დოკუმენტების წარდგენას და არ იცის რა ჭირდებათ, ამიტომ თვლის ამ ქმედებას სრულ არაპროფესიონალურ და გულგრილ დამოკიდებულებად.

თუ მოთხოვნის გარეშე დოკუმენტების წარდგენა სავალდებულოა, მაშინ ეს უნდა იყოს განცხადების სავალდებულო ველი.

ითხოვს, უპასუხონ, აქვს თუ არა ვალდებულება თავიდანვე წარადგინოს დოკუმენტაცია? თუ კი, რატომ არ არის სავალდებულო ველად მონიშნული განცხადების ფორმაში?

თუ ესე არ არის, ითხოვს, შესწავლილ იქნას განცხადებების ისტორია და საჩივარზე უარყოფითი პასუხის სამართლიანობა.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ „მოთხოვნაზე“ არ არის თანდართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ 2026 წლის 27 აპრილს გადასახადის გადამხდელმა მიმართა აუდიტის დეპარტამენტს და ითხოვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. მომჩივნის განმარტებით, ზედმეტობა წარმოშობილია იმპორტის ოპერაციაზე დღგ-ის თანხის გადახდის შედეგად. აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა და 2026 წლის 13 მაისის ID: ----- შესაგებლით მომჩივანს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან მოთხოვნაზე არ არის დართული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ წესისამებრ ატვირთა განაცხადი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე. საყურადღებოა, რომ განცხადების ფორმა არ ითვალისწინებს სავალდებულო ველად დოკუმენტების ატვირთვას. შესაბამისად, გავრცელებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ელოდებოდა, რომ გაუგზავნიდნენ ხარვეზის წერილს და მოითხოვდნენ საჭირო დოკუმენტაციას. ეს ითხოვა კიდეც განცხადებებში რამდენჯერმე, რომ გაეგზავნათ მოთხოვნა რა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ჭირდებოდათ განხილვისთვის. ასევე, უამრავჯერ სცადა სატელეფონო კომუნიკაცია, რათა როგორმე გაეგზავნათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა დოკუმენტები იყო საჭირო და მზად იყო დაუყოვნებლივ გაეგზავნა ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 ივნისის N 12095 ბრძანება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა საჭირო დოკუმენტების წარუდგენლობის გამო, შესაბამისად გადაწყვეტილება შემდგომ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილი.