გადაწყვეტილება №21728/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.03.2024
№ დოკუმენტი 21728/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 21728/2/2023

04 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“ 27.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21728/2/2023).

 

დავის საგანი:

1. უზუსტობა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის გაანგარიშებაში;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №081-252 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30967 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 718 483 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 421 147

დღგ - 197 856

მოგების გადასახადი - 171 995

საშემოსავლო გადასახადი - 51 296

ჯარიმა - 211 252

საურავი - 86 084

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა განათების სისტემებით საცალო ვაჭრობა. საწარმო ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე (ძირითადად ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე) შეძენილი ჭაღებისა და განათების სხვა აქსესუარების რეალიზაციას ქ. ---------- ქუჩაზე არსებულ სავაჭრო ობიექტში. თავდაპირველად კომპანია საქმიანობას ახორციელებდა იჯარით აღებულ ფართში, ხოლო 2022 წელს მომჩივანმა შეიძინა უძრავი ქონება (საცხოვრებელი შენობის ნაწილი), სადაც 2023 წლიდან განაგრძო საქმიანობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6718 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №25247 ბრძანება და №081-252 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 9 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 11 დეკემბრის №30967 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. უზუსტობა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის გაანგარიშებაში

ფაქტების აღწერა

საწარმოს მიერ ჩატარებული შიდა ინვენტარიზაციის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის სმფ-ების საბოლოო ნაშთი განისაზღვრა 176 031 ლარის ოდენობით. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში არსებული საშუალო სარეალიზაციო ფასნამატი შეადგენს 62%-ს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ კომპანია რეალიზაციას ახორციელებს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით, შემოსავლის აღრიცხვა ხდება საკონტროლო სალარო აპარატისა და საბანკო გადახდების, ასევე გადმორიცხვების საშუალებით. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დეკლარირებისას ითვალისწინებდა საკონტროლო სალარო აპარატის მაჩვენებელს, ---------- ბანკის ანგარიშზე განხორციელებულ გადახდებსა და გადარიცხვებს, ხოლო არ ახდენდა -----------ბანკის ტერმინალზე განხორციელებული გადახდებისა და აღნიშნული ბანკის ანგარიშზე განხორციელებული გადარიცხვების დეკლარირებას. შემოწმების მიერ, აღნიშნული სხვაობით, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შესწავლილ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, რომელიც გაანალიზდა შემოსული ფულადი სახსრებისა და შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული და დოკუმენტურად დადასტურებული გადახდების საფუძველზე. შემოწმების მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლისას, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სმფ-ების მომწოდებლებისგან, მათ მიმართ არსებული საწარმოს დავალიანების შესახებ. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 130-ე მუხლების თანახმად, ფულადი სახსრების სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. მომჩივანს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, მე-8, 130-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან სისტემატურად ხორციელდებოდა გამოვლენილი საკითხების ანალიზი/განხილვა. ასევე, პირის თანხმობის საფუძველზე, შემმოწმებელთა ჯგუფი გასული იყო ობიექტზე, სადაც განხორციელდა საკითხების შეჯერება. დამატებით გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულების შესახებ ინფორმაცია (მ.შ. გაანგარიშების ცხრილები) გადაგზავნილ იქნა საწარმოს დირექტორთან და აუდიტორთან. გადასახადის გადამხდელი გაეცნო აღნიშნულ ინფორმაციას და დაეთანხმა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იმის შემდგომ, რაც განისაზღვრა დასაბეგრი მოგება და მოგების გადასახადის თანხა, უზუსტობაა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის გაანგარიშებაზე, რის დაზუსტებას (გადაანგარიშებას) ითხოვენ ამ ნაწილში.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 601 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ერთის მხრივ, გასაგებია შემმოწმებლის პოზიცია, მაგრამ მეორეს მხრივ, მოცემულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მომჩივანს გააჩნია ისეთი მტკიცებულებები, რომელებიც ქმნიან მისი პოზიციის სისწორის განცდას და შესაბამისად ითხოვს გაზიარებულ იქნას მისი დასაბუთებული პოზიცია. მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული აქტების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა, რომელიც გაანალიზდა შემოსული ფულადი სახსრებისა და განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული და დოკუმენტურად დადასტურებული გადახდების საფუძველზე. აღნიშნული საკითხის შესწავლისას, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სმფ-ების მომწოდებლებისგან, მათ მიმართ არსებული საწარმოს დავალიანების შესახებ. შემოწმების შედეგად, დადგენილი ფულადი სახსრების სხვაობა განხილულ იქნა კომპანიის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ უზუსტობაა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის გაანგარიშებაში, თუმცა არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რაც შეიძლება გამხდარიყო დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან სისტემატურად ხორციელდებოდა გამოვლენილი საკითხების ანალიზი/განხილვა. ასევე, შემმოწმებელთა ჯგუფი გასული იყო ობიექტზე, სადაც განხორციელდა საკითხების შეჯერება. დამატებით გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, გაანგარიშების ცხრილები) გადაგზავნილ იქნა კომპანიის დირექტორთან და აუდიტორთან. მომჩივანი გაეცნო აღნიშნულ ინფორმაციას და დაეთანხმა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №081-252 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 718 483 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 421 147 ლარი, ჯარიმა - 211 252 ლარი და საურავი - 86 084 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 270-ე, 275-ე, 272-ე, 269-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მთლიანობაში დამატებით საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის ყველა ფაქტობრივი გარემოება გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ საზოგადოება შემოსავლების გაანგარიშებისას მხედველობაში შემოსავლის სხვა წყაროსთან ერთად იღებდა სალარო აპარატის, ---------- ბანკის ანგარიშებისა და ---------- ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე თანხების მოძრაობას და მთელი პერიოდის განმავლობაში შემოსავლის განსაზღვრაში მონაწილეობა არ მიუღია ------------ ბანკის ტერმინალის მონაცემებს, რაც გადამხდელის მოსაზრებით, წარმოადგენს შეცდომას, თორემ თუ საამისო ინტერესი იქნებოდა შესაძლებელი იყო საერთოდ არ გამოეყენებინა ტერმინალი გადამხდელს. ვერც ის იქნება სწორი, რომ გადამხდელი წლების განმავლობაში ყოველდღიურად აფიქსირებდა საქონლის რეალიზაციას საბანკო ანგარიშზე, ხოლო აღნიშნულ შემოსავლებს მალავდა, თუმცა ფასნამატი მისი საქმიანობის ფარგლებში აღიარებული აქვს 62%-ის ფარგლებში. აღნიშნულს განიხილავენ, როგორც გადამხდელის შეცდომას, უცოდინარობას და ითხოვენ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. უზუსტობა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის გაანგარიშებაში;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საკითხის შესწავლისას, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სმფ-ების მომწოდებლებისგან, მათ მიმართ არსებული საწარმოს დავალიანების შესახებ. შემოწმების შედეგად, დადგენილი ფულადი სახსრების სხვაობა განხილულ იქნა კომპანიის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად.

2.გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

გადაწყვეტილება

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

73(9);130(1);154(1);269(7);