გადაწყვეტილება №21226/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.02.2024
№ დოკუმენტი 21226/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№21226/2/2023

12 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -------- (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ს 3.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21226/2/2023).

 

დავის საგანი:

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2023 წლის №002-76 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25866 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 210 576.81 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 95 085

დღგ - 40 277

საშემოსავლო გადასახადი - 54 039

ქონების გადასახადი - 769

საურავი - 115 491.81

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2012 წლიდან 1.04.2016 წლამდე პერიოდი, ხოლო წლიური საშემოსავლო და ქონების გადასახადების ნაწილში შემოწმდა 2012, 2013, 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდები.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 14.09.2016 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 19.09.2016 წლის №26686 ბრძანება და №005-281 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 160 246 ლარი, მათ შორის, გადასახადი 93 722 ლარი, ჯარიმა 41 585 ლარი და საურავი 24 938 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.10.2016 წლის №28357 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტში წარადგინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფასნამატის განსაზღვრისთვის საჭირო არგუმენტაცია/მტკიცებულება; ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს მის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულება და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დადგენილი ფასნამატისა და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაანგარიშება და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა, ხოლო, დოკუმენტურად დაუდასტურებელი გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრისას იმსჯელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების შესაძლებლობაზე და, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.10.2016 წლის №28357 ბრძანება 2.11.2016 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 16.03.2017 წლის №13541/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.10.2016 წლის №28357 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2016 წლის №005-281 საგადასახადო მოთხოვნა;

- გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა შემოწმებით დარიცხული (გადაანგარიშების შემდგომ დარჩენილი) ჯარიმისაგან;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2016 წლის №005-281 საგადასახადო მოთხოვნა და მასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ გამოცემული ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილებები გაასაჩივრა სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.10.2019 წლის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები, იმ ნაწილში, რომელშიც -------ს არ შეუმცირდა დამატებით დარიცხული თანხები და შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.07.2020 წლის გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.10.2019 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: --------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2016 წლის №26686 ბრძანება, 19.09.2016 წლის №005-281 საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.03.2017 წლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელშიც --------ს არ შეუმცირდა დამატებით დარიცხული თანხები და შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. ხოლო, -------ს სასარჩელო მოთხოვნაზე - ნაწილობრივ ბათილად გამოცხადებულიყო შემოსავლების სამსახურის 13.10.2016 წლის №28357 ბრძანება, შეწყდა წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.04.2021 წლის განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.07.2020 წლის გადაწყვეტილება.

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 28.04.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემცირდა საშემოსავლო გადასახადი შესაბამისი პერიოდების მიხედვით სულ 467 ლარის ოდენობით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2023 წლის ბრძანება და 19.05.2023 წლის №002-76 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 22.06.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.10.2023 წლის №25866 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში ფასნამატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იცვლებოდა საგადასახადო პერიოდების მიხედვით (12.2% - 2012 წელს, 10.2% - 2013 წელს, 5,9% - 2014 წელს, 6% - 2015 წელს), ასევე, მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის სამი შემთხვევა. კერძოდ, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის 7.08.2013 წელს შედგენილია ოქმი №040144 და საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევისათვის - ოქმები 22.02.2014 წელს №051558 და 18.03.2016 წელს №CB628547.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია და აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი არ ექვემდებარება კორექტირებას. ამასთან, 2012 წლის საანგარიშო პერიოდზე არაპირდაპირი მეთოდი არ არის გამოყენებული.

რაც შეეხება ქურდობისა და დაყაჩაღების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ქურდობისა და ყაჩაღობის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, შსს ქ. -------ს პოლიციის დეპარტამენტის ------ს სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგენილი ყაჩაღობისა და ქურდობის ფაქტები (6.04.2012 წლის (1 100 ლარი), 25.01.2013 წლის (400 ლარი) და 2014 წლის (835 ლარი)), რისი გათვალისწინებითაც შემცირდა საშემოსავლო გადასახადი შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2012 წელს ამუშავებდა ორ მაღაზიას. 2013 წელს დაემატა მესამე მაღაზია. ვინაიდან მუშაობა უწევდა დიდი კონკურენციის პირობებში, თანდათან დაწია ფასნამატის პროცენტი საბითუმოსთან მიახლოებული და ამის ხარჯზე გაიზარდა რეალიზაციის აქტივობები. ასე დაიწია მოგების ფასნამატმა 6%-მდე. რამდენად სწორად მოიქცა არ იცის, მაგრამ ფაქტია შემოსავალმა კლება დაიწყო. ამიტომ 2015 წლის თებერვლის თვეში ერთი მაღაზია დაკეტა. საგადასახადო შემოწმება რომ დაინიშნა მხოლოდ ორ მაღაზიას ამუშავებდა. საბუღალტრო აღრიცხვას ბუღალტერი აწარმოებდა „ორისის“ პროგრამაში, ყველა საბუთის დაცვით. 15 დიდი საქაღალდე საბუთები მიიტანა აუდიტის დეპარტამენტში შემოწმების პერიოდში, მაგრამ არასაკმარისი აღმოჩნდა შემოწმებისთვის.

23.06.2016 წელს საგადასახადო შემოწმებამ 4 პროდუქტის საკონტროლო შესყიდვით გამოიყვანა საშუალო შეწონილი ფასნამატი 12% და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მთელ შესამოწმებელ პერიოდზე გაავრცელა. 2018 წელს მეორე მაღაზიაც დაკეტა და 2020 წელს მესამეც.

არასწორად მიაჩნია და დღემდე სადაოდ რჩება მის მიმართ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით:

„თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია“ - აღნიშნულზე აქვს ორისის პროგრამა;

„ადგილი აქვს აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას“ - ზემოთ აღწერილი აქვს ფასნამატის შემცირების საკითხი;

„პირის მიერ პირადი მოხმარებისთვის გაწეული ხარჯების სიჭარბე“ - ამ ნაწილში ითხოვს შემოწმდეს რა ქონება შეიძინე ან სად დახარჯა და საერთოდ რა ქონებას ფლობს;

„საგადასახადო სამართალდარღვევის ორი ან მეტი ფაქტი“ - ამ ნაწილში აღიარებს, რომ დაჯარიმებულია მხოლოდ ერთხელ, 7.08.2013 წელს პირადი ავტომობილით წაიღო 26 ლარის ყავა, სასაქონლო ზედნადები ვერ გაუგზავნეს შუქის თუ ინტერნეტის არქონის გამო და 500 ლარიანი ჯარიმა ეპატია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ, ვინაიდან არგუმენტი ჰქონდა, რომ იმ ტერიტორიიდან თვეების განმავლობაში პირადი ავტომობილით ახორციელებდა მომარაგებას სასაქონლო ზედნადების მიხედვით და ლოგიკურია 26 ლარის პროდუქტს შეგნებულად არ გამოტოვებდა. ლოგიკურია აგრეთვე, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოუყენებლობა 0,35 თეთრის წყალზე, თუნდაც უყურადღებო მოლარის გამო, როცა დღის ბოლოს ნავაჭრი ათასები იყო სალარო აპარატის Z-ის მიხედვით.

ფიქრობს, რომ აუდიტორს უნდა გამოეყენებინა სიტუაციური სახელმძღვანელო და უფრო საფუძვლიანად შეესწავლა მისი, როგორც მეწარმის მდგომარეობა, ზემოთ აღწერილი გარემოებების მიხედვით, როგორც ადამიანი დარჩა განადგურებული 295 ლარის პენსიის ანაბარა.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.07.2020 წლის გადაწყვეტილებაში მითითებულია: „პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, სადაც საუბარია სასამართლო სხდომაზე შემმოწმებლის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე. კერძოდ, შემმოწმებელმა მიუთითა, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოს მიერ ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ შემმოწმებლის მიერ ვერ იქნა დასახელებული 2012 წლის საანგარიშო პერიოდის მიმართ მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის რომელი ქვეპუნქტი არსებობდა დამატებით (28.12.2012 წლამდე მოქმედი რედაქციით). ამდენად, პალატის მოსაზრებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ 2012 წლის საანგარიშო პერიოდის მიმართ არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ხოლო რაც შეეხება 2013 წლის საანგარიშო პერიოდს და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შემმოწმებლის მიერ გაკეთებულ იმ განმარტებას, რომ გადასახადის გადამხდელი 2013 წელს დაჯარიმებული იყო სასაქონლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისა და საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, აღნიშნულზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ი/მ -------ს მიერ აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამდენად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ 2013 წლის საანგარიშო პერიოდის მიმართ არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერად გამოყენების საკითხის შესწავლის მიზნით საგადასახადო ორგანომ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევის 2 ან მეტი ფაქტი. აღნიშნული საკითხის დადგენის შემდეგ არის საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი არაპირდაპირი მეთოდით განუსაზღვროს ი/მ -------ს საგადასახადო დავალიანება 2013 წლის საანგარიშო პერიოდის მიმართ. ... პალატა მიიჩნევს, რომ 2013 წლის საანგარიშო პერიოდისათვის საგადასახადო ორგანო ვალდებულია დაადგინოს, ჰქონდა თუ არა გადასახადის გადამხდელის მხრიდან მიმდინარე კონტროლის პროცედურების დარღვევის ორ ან მეტ ფაქტს ადგილი და მხოლოდ აღნიშნული გარემოების გამოკვლევის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესახებ. ასევე, მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია ქურდობისა და დაყაჩაღების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, გამოქვითოს გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავლიდან და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ განსაზღვროს მოსარჩელის დასაბეგრი შემოსავალი“.

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 28.04.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა რომ:

შემოწმების შედეგად 2012 წლის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდი არ იქნა გამოყენებული. რაც შეეხება შემდგომ შესამოწმებელ პერიოდს, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არასრულყოფილად ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტერია. ფასნამატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იცვლებოდა საგადასახადო პერიოდების მიხედვით (12.2% - 2012 წელს, 10.2% - 2013 წელს, 5,9% - 2014 წელს, 6% - 2015 წელს). ასევე, მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის სამი შემთხვევა. კერძოდ, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის 7.08.2013 წელს შედგენილია ოქმი №040144 და საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევისათვის შედგენილია 22.02.2014 წელს №051558 და 18.03.2016 წელს №CB628547 ოქმები. აღნიშნულიდან გამომდინარე და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

რაც შეეხება, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ქურდობისა და ყაჩაღობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, შსს ქ. -------ს პოლიციის დეპარტამენტის -------ს სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია ყაჩაღობისა და ქურდობის ფაქტები, კერძოდ 6.04.2012 წელს (1 100 ლარი), 25.01.2013 წელს (400 ლარი) და 2014 წელს (835 ლარი). შესაბამისად, მიმდინარე გადაანგარიშებით გათვალისწინებულია აღნიშნული და შემცირდა საშემოსავლო გადასახადი შესაბამისი პერიოდების მიხედვით სულ 467 ლარის ოდენობით.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადის (95 085 ლარი) და საურავის (115 491,81 ლარი) ოდენობაზე და მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის მიხედვით საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საურავის დარიცხვის შესაბამისობა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილთან. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25866 ბრძანება;

3. საჩივარი, საურავის დარიცხვის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილთან შესაბამისობის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2012 წლიდან 1.04.2016 წლამდე პერიოდი, ხოლო წლიური საშემოსავლო და ქონების გადასახადების ნაწილში შემოწმდა 2012, 2013, 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 14.09.2016 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 19.09.2016 წლის №26686 ბრძანება და №005-281 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 160 246 ლარი, მათ შორის, გადასახადი 93 722 ლარი, ჯარიმა 41 585 ლარი და საურავი 24 938 ლარი. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში და ყველა ინსტაციის სასამართლოში.

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.10.2023 წლის №25866 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საურავის დარიცხვის შესაბამისობა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილთან. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(21).