გადაწყვეტილება №22332/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22332/2/2024
13 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 21.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22332/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 8.09.2023 წლის №21978 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №005-215 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 7 თებერვლის №2251 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 695 023 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 298 809
დღგ - 157 641
საშემოსავლო გადასახადი - 141 165
ქონების გადასახადი - 3
ჯარიმა - 271 549
საურავი - 124 665
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე სამშენებლო მასალების შეძენა-რეალიზაცია. აგრეთვე, შესამოწმებელ პერიოდში მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 მაისის №16316 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 19 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 30 ნოემბრის №36942 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 848 648 ლარი და აღურიცხველი საქონელი - 244 410 ლარი. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მომჩივანი დაჯარიმდა გამოვლენილი აღურიცხველი სმფ-ების საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით.
საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს უფიქსირდება სმფ-ების ნაშთი, რომელთან დაკავშირებითაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 30 ნოემბრის №36942 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც, გამოვლინდა სხვაობა ბუღალტრულ ნაშთსა და ფაქტობრივ ნაშთს შორის. შემოწმების მიერ განხორციელდა გამოვლენილი სხვაობის მიწოდებად განხილვა 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. აგრეთვე, მიღებული ფულადი შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154 მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულის შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 აგვისტოს №22572 ბრძანება და 31 აგვისტოს №005-129 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 627 381 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 28 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 20.03.2023 წლის №5368 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) ინვენტარიზაციის შედეგების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შემოწმების ფარგლებში, ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისისა და აღურიცხველი საქონლის თაობაზე საჩივარში აღნიშნული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, დაევალა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს გადაამოწმოს ერთი და იგივე საქონელი ხომ არ არის ჩართული როგორც აღურიცხავად, ისე დანაკლისად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეესტრში და აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში ურთიერთგადაფარვის შედეგად უზრუნველყოს ინვენტარიზაციის შედეგების, ასევე, დაკისრებული სანქციის კორექტირება;
გ) წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უზრუნველყოს ნაშთების შესაბამისი კორექტირება და ბუღალტრულსა და ფაქტობრივ ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის დაზუსტება. ამასთან, დაევალა გამოვლენილი სხვაობა მიწოდებულად განიხილოს სრულ შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ხოლო, რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 30 ნოემბრის №36942 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფარგლებში დადგენილი მონაცემებით, 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე კი დოკუმენტური ფასნამატით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5368 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის დასკვნა, 7.07.2023 წლის №16400 ბრძანება და №005-102 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 4 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 8.09.2023 წლის №21978 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5368 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.09.2023 წლის №21978 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის დასკვნა, 21.12.2023 წლის №32278 ბრძანება და №005-215 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 18 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 7 თებერვლის №2251 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს და არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად ასევე მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებზე.
როგორც 2023 წლის 12 ივნისის დასკვნაშია აღნიშნული, ადგილი ჰქონდა გარკვეული კომუნიკაციის შეფერხებას საწარმოს ბუღალტერს, კომპანიის წარმომადგენელ აუდიტორსა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელს შორის, რომლის შედეგადაც დაზარალდა უპირველეს ყოვლისა საზოგადოების ინტერესები, რაც გამოიხატა იმაში, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაცია ვერ იქნა ადრესატამდე მისული, რამაც თავის მხრივ შეზღუდა აუდიტის დეპარტამენტი სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებისგან და მომზადებულ იქნა დასკვნა ნულოვანი გადაანგარიშებით.
მიმდინარე გადაანგარიშების მომზადების ეტაპზე, მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებულ იქნა არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლის შედეგად გამოვლენილი სხვაობები აუდიტის დეპარტამენტისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შესრულებულ გაანგარიშებებში უნდა დაქვემდებარებოდა გადაანგარიშებას.
აუდიტის დეპარტამენტთან 2023 წლის დეკემბერის ბოლოს განხორციელებული სიტყვიერი კომუნიკაციისას გაირკვა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შერჩევით გადაამოწმა წარდგენილი მტკიცებულებების სისწორე, რომელიც მათი გაანალიზების შედეგად შეიცავდა ხარვეზებს და ამის საფუძველზე არ განხორციელდა გადაანგარიშება. სამწუხაროდ, აუდიტის დეპარტამენტის ამ პოზიციის დამადასტურებელი არგუმენტების გაცნობა ვერ მოხერხდა დასკვნის გამოცემამდე.
ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელის მიმართ გაანგარიშება განახორციელა მხოლოდ ინვენტარიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით. შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 1 392 310 ლარს, რომელიც მომჩივნის მიერ დეკლარირებულ ბრუნვასთან შეფარდებით შეადგენს 37%-ს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაზრდილი ბრუნვიდან გამომდინარე 29%-ს. შესამოწმებელი პერიოდი 2021 წლის 27 მაისის №16316 ბრძანების მიხედვით შეადგენს 1.01.2019-1.05.2021 საანგარიშო პერიოდს. გადასახადის გადამხდელის მიმართ მიმდინარე კონტროლის ღონისძიება - ინვენტარიზაცია განხორციელებულია 2021 წლის 30 ნოემბრის №36942 ბრძანების საფუძველზე, რომელიც უპირველეს ყოვლისა ცდება საწარმოს მიმართ დანიშნული შემოწმების საანგარიშო პერიოდს.
ამავე დროს მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი შესაძლებელია გავრცელებულ იქნეს მხოლოდ მთლიან შეძენილი საქონლის ღირებულებიდან დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების გამოკლების შედეგად დადგენილ ღირებულებაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოკვლეულ იქნეს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, გაანგარიშებისას მხედველობაში იქნეს მიღებული დოკუმენტური რეალიზაცია, დადგენილ იქნეს დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება, რომელიც გაშიფვრადი და იდენტიფიცირებადია, ხოლო დადგენილ არადოკუმენტურ რეალიზაციაზე შესაძლებელია გავრცელებულ იქნეს საცალო რეალიზაციის ფასნამატი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების დადგენის შემთხვევაში, მოხდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან განხორციელებული ქმედება მიზნად არ ისახავდა სამართალდარღვევის ჩადენის განზრახვას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5368 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით:
- ინვენტარიზაციის შედეგების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შემოწმების ფარგლებში, ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისისა და აღურიცხველი საქონლის თაობაზე საჩივარში აღნიშნული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
- აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, დაევალა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს გადაამოწმოს ერთი და იგივე საქონელი ხომ არ არის ჩართული როგორც აღურიცხავად, ისე დანაკლისად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეესტრში და აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში ურთიერთგადაფარვის შედეგად უზრუნველყოს ინვენტარიზაციის შედეგების, ასევე, დაკისრებული სანქციის კორექტირება;
- წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უზრუნველყოს ნაშთების შესაბამისი კორექტირება და ბუღალტრულსა და ფაქტობრივ ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის დაზუსტება. ამასთან, დაევალა გამოვლენილი სხვაობა მიწოდებულად განიხილოს სრულ შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ხოლო, რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 30 ნოემბრის №36942 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფარგლებში დადგენილი მონაცემებით, 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე კი დოკუმენტური ფასნამატით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5368 ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება არ მომხდარა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 8.09.2023 წლის №21978 ბრძანებით, ამავე სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5368 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცხრილები. ანალიზის შედეგად, გასაჩივრებული საკითხი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შერჩევით გადაამოწმა წარდგენილი მტკიცებულებების სისწორე. მომჩივანმა განმარტა, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდა მცირე უზუსტობებს, თუმცა აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოადგენს საკმარის საფუძველს დარიცხული თანხების კორექტირებისთვის. კომპანიის წარმომადგენელმა ითხოვა აღნიშნული მტკიცებულებების დამატებით შესწავლა მისი მონაწილეობით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოხატა მზადყოფნა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 7 თებერვლის №2251 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 8.09.2023 წლის №21978 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე სამშენებლო მასალების შეძენა-რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 20.03.2023 წლის №5368 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 4 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 8.09.2023 წლის №21978 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 18 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 7 თებერვლის №2251 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 269(7);