გადაწყვეტილება №25246/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25246/2/2025
11 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 2.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25246/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 11.10.2024 წლის №22214 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2025 წლის №007-8 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.04.2025 წლის №7698 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 213 420,55 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 90 131
დღგ - 90 086
ქონების გადასახადი - 45
ჯარიმა - 74 186
საურავი - 49 103,55
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.10.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №007-524 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.06.2022 წლის №16090 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.11.2022 წლის №17297/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 24.06.2022 წლის №16090 ბრძანება. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა საბჭოს 3.11.2022 წლის №17297/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი 29.05.2023 წლის №11691 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ:
- კომპანიასა და მიწის მესაკუთრე პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობისა და საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების მართლზომიერების საკითხის შესწავლის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11691 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მომჩივანმა წარმოადგინა ქ. „--------“-ში, „--------“ №4-ში (ს/კ „--------“) არსებული, ექსპლუატაციაში არშესული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აზომვითი ნახაზი, რაც მისი განმარტებით ასახავს ფაქტობრივად შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებს. დასკვნის შედგენის თარიღისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემებით, შენობის ფართობში ცვლილებები არ არის და იქ არსებული მონაცემები (შენობის ფართობი) ემთხვევა შემოწმების პროცესში გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისთვის გამოყენებულ მონაცემებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი არ გამოვლინდა.
ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად აღნიშნული საკითხის განმეორებით შესწავლა არ მომხდარა.
დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით მოხდა 2018 წლის ივნისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩათვლა 2018 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში, ჯამურად მოხდა 4 080 ლარის დღგ-ის ჩათვლა.
აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №007-382 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.03.2024 წლის №5574 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 11.07.2024 წლის №22910/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 14.03.2024 წლის №5574 ბრძანება. საჩივარი, კომპანიასა და მიწის მესაკუთრე პირებს შორის განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11691 ბრძანების აღსრულების ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 11.07.2024 წლის №22910/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 11.10.2024 წლის №22214 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გრძელვადიანი კონტრაქტის მიზნებისათვის ხარჯების გაანგარიშება განახორციელოს რეალიზებული ფართების პროპორციულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 11.10.2024 წლის №22214 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვტილების შესაბამისად გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით საგადასახდო ვალდებულებების გაანგარიშებისთვის ხარჯების გაანგარიშება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემების (შენობის ფართობი) მაგიერ განხორციელდა რეალიზებული ფართების პროპორციულად. შედეგად, გაანგარიშებაში გაიზარდა შენობის ფართობი, რამაც შეამცირა მიწის სანაცვლოდ ფიზიკურ პირებზე გადაცემული ფართების პროცენტული მაჩვენებელი და გრძელვადიანი კონტრაქტით გამოწვეული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით ჯამში 58 276 ლარით შემცირდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა.
აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 12.03.2025 წლის №007-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2025 წლის №7698 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის 11.10.2024 წლის №22214 ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გრძელვადიანი კონტრაქტის მიზნებისთვის ხარჯების გაანგარიშება განხორციელდა რეალიზებული ფართების პროპორციულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები სულ 15 734 ლარით, მათ შორის, გადასახადი 10 490 ლარით და ჯარიმა 5 244 ლარით.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 13.02.2025 წლის №44 დასკვნის შემოსავლების სამსახურში გასაჩივრების მიზეზი (გარდა გადაანგარიშების შედეგებისა) გახლდათ ის გარემოება, რომ დასკვნაში არ ჩანს და უცნობია, დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისათვის, მიწის სანაცვლოდ გადასაცემი ფართების პროცენტული მაჩვენებლის შემცირების შემდგომ, თუ რა თანაფარდობას იყენებს
შემმოწმებელი რეალიზებულ და მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ გადაცემულ ფართებს შორის. ამასთან, შემმოწმებლის მიერ გრძელვადიანი კონტრაქტების მიზნებისთვის გამოყენებული დასაბეგრი ბაზის ოდენობით თუ ვიმსჯელებთ, საერთო ფართიდან ფიზიკური პირებისათვის გადასაცემი წილისა და 10 %- იანი ფასნამატის გათვალისწინებით, გამოდის რომ კომპანიის მიერ მშენებლობაზე გაწეული დანახარჯები შეადგენს: 2018 წელს - 933 499 ლარს, 2019 წელს - 800 076 ლარს, 2020 წელს - 138 903 ლარს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნული შეუსაბამობა მარტივად დასტურდება, როგორც შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაცითა და საბანკო ამონაწერებით, ასევე ბუღალტრული ბაზის მონაცემებით, რომელიც წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტში. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, კომპანიის გაანგარიშებით, კომპანიის მიერ გაწეული დანახარჯები, რაც უნდა გამოიყენებოდეს დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისთვის გრძელვადიანი კონტრაქტის მიზნებისთვის, გაცილებით ნაკლებია და შეადგენს: 2018 წელს - 634 787 ლარს, 2019 წელს - 570 286 ლარს, 2020 წელს - 133 401 ლარს. შესაბამისად, გადაანგარიშების შედეგად, ძირითადი გადასახადი ექვემდებარება დამატებით შემცირებას.
გრძელვადიანი კონტრაქტების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებასთან დაკავშირებული მონაცემების (სამშენებლო/სარეალიზაციო ფართების, მიწის სანაცვლოდ ფიზიკურ პირებზე გადასაცემი ფართების, მშენებლობის თვითღირებულების) შემმოწმებელთან ერთობლივად განხილვას/შეჯერებას კომპანია ითხოვს მიმდინარე დავის ყველა ეტაპზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაუგებარია შემოსავლების სამსახურის 25.04.2025 წლის №7698 ბრძანებაში დაფიქსირებული მიდგომა, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების მიღება კვლავ ხდება გადასახადის გადამხდელის დაუსწრებლად, ინფორმირების გარეშე. მომჩივანს უნდა მიეცეს საშუალება, შემმოწმებელთან ერთად განიხილოს ის გაანგარიშებები, რომლებიც გრძელვადიანი კონტრაქტების ოპერაციის ფარგლებში, გახდა როგორც თავდაპირველი დარიცხვის, ასევე, დასკვნის საფუძველზე დარიცხვის გადაანგარიშებისა და კორექტირების საფუძველი (მ.შ. კონკრეტულად რა პროცენტული თანაფარდობით მოხდა საერთო დანახარჯებიდან გრძელვადიანი კონტრაქტების მიზნებისათვის დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.
საგადასახადო კოდექსის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციის, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 ნაწილის და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება.
6. გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.
7. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის 11.10.2024 წლის №22214 ბრძანებაში მითითებულია დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენების მიზნით აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე, ორი ფიზიკური პირისგან მიღებული აქვს მიწის ნაკვეთი, რის სანაცვლოდაც განსაზღვრულია მშენებლობის დასრულების შემდეგ გარკვეული ფართების მიწის მესაკუთრეებისთვის გადაცემა. ამდენად, სახეზეა მხარეთა შორის გაცვლის (ბარტერული) შინაარსის მქონე სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც, კომპანია ფიზიკური პირის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეძენის სანაცვლოდ, კისრულობს სამშენებლო მომსახურების გაწევის ვალდებულებას. საგადასახადო შემოწმებით მხარეთა შორის განხორციელებული ოპერაციის თანხა გაანგარიშებულ იქნა შემდეგნაირად: ფიზიკურ პირებზე გადასაცემი ფართების აშენებაზე გაწეულ/გასაწევ ხარჯებს (გარდა მიწის ღირებულებისა) დამატებული 10%-იანი ფასნამატი, რის შედეგადაც, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მხრიდან წარდგენილ იქნა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ახალი აზომვითი ნახაზი, რაც მისი განმარტებით, ასახავს ფაქტობრივად შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებს. ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემებით, შენობის ფართობში ცვლილებები არ არის და იქ არსებული მონაცემები (შენობის ფართობი) ემთხვევა შემოწმების პროცესში გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისთვის გამოყენებულ მონაცემებს. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული აზომვითი ნახაზი შესრულებულია სწორედ ფაქტობრივად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, კვალიფიციური სუბიექტის მიერ და წარდგენილია ქალაქის შესაბამის სამსახურებში, შენობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. ამასთან, აღნიშნულ სამსახურებს შენიშვნა ფაქტობრივად აშენებული შენობის მოცულობასა და წარდგენილ აზომვით ნახაზს შორის შეუსაბამობასთან დაკავშირებით არ აქვთ. თუ დავუშვებთ, რომ შემოწმებისას დასაბეგრი ბაზების გაანგარიშების საფუძველი უნდა იყოს რეესტრში არსებული მონაცემები (ფართები), ნაცვლად ფაქტობრივად არსებული საბოლოო პროდუქტისა, მაშინ ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, უნდა მოხდეს დღგ-ით დასაბეგრი ბაზის კორექტირება (შემცირება) მესამე პირებზე (ჩვეულებრივ მყიდველებზე) ფართების რეალიზაციის შემთხვევაშიც. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულია ქ. „--------“-ში,„--------“-ის ქუჩა №4-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობების აზომვით ნახაზები. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გრძელვადიანი კონტრაქტის მიზნებისათვის ხარჯების გაანგარიშება განახორციელოს რეალიზებული ფართების პროპორციულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვტილების შესაბამისად გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით საგადასახდო ვალდებულებების გაანგარიშებისთვის ხარჯების გაანგარიშება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემების (შენობის ფართობი) ნაცვლად განხორციელდა რეალიზებული ფართების პროპორციულად. შედეგად, გაანგარიშებაში გაიზარდა შენობის ფართობი, რამაც შეამცირა მიწის სანაცვლოდ ფიზიკურ პირებზე გადაცემული ფართების პროცენტული მაჩვენებელი და გრძელვადიანი კონტრაქტით გამოწვეული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით ჯამში 58 276 ლარით შემცირდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ საერთო დანახარჯებიდან გრძელვადიანი კონტრაქტების მიზნებისათვის დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას გამოყენებული პროცენტული თანაფარდობა მიუღებელია და არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ კომპანიის მიერ ფაქტობრივად აშენებულია გაცილებით მეტი ფართის შენობა-ნაგებობა, ვიდრე შემმოწმებლის მიერ იქნა გათვალისწინებული გაანგარიშებაში.
ამასთან, მომჩივანმა მიუთითა, რომ კომპანიის მიერ მშენებლობაზე გაწეული დანახარჯების გაანგარიშებაში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზები, რაზეც აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიაჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 11.10.2024 წლის №22214 ბრძანების აღსრულების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერად განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.04.2025 წლის №7698 ბრძანება;
3. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანისთვის გაუგებარია შემოსავლების სამსახურის 25.04.2025 წლის №7698 ბრძანებაში დაფიქსირებული მიდგომა, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების მიღება კვლავ ხდება გადამხდელის დაუსწრებლად,ინფორმირების გარეშე.მიიჩნევს,რომ მომჩივანს უნდა მიეცეს საშუალება, შემმოწმებელთან ერთად განიხილოს ის გაანგარიშებები, რომლებიც გრძელვადიანი კონტრაქტების ოპერაციის ფარგლებში, გახდა როგორც თავდაპირველი დარიცხვის, ასევე, დასკვნის საფუძველზე დარიცხვის გადაანგარიშებისა და კორექტირების საფუძველი.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.10.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №007-524 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.06.2022 წლის №16090 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.11.2022 წლის №17297/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 24.06.2022 წლის №16090 ბრძანება. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 11 ივლისი 2025 N 03/51496 2 შემოსავლების სამსახურმა საბჭოს 3.11.2022 წლის №17297/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი 29.05.2023 წლის №11691 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიაჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 11.10.2024 წლის №22214 ბრძანების აღსრულების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერად განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
18,309(107).