ბრძანება N 27922
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27922
14 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ - ის “ (ს/ნ "------")
(მის.: "------")
2023 წლის 26 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №113) განიხილა შპს „------ - ის “ (ს/ნ "------") 2023 წლის 26 ოქტომბრის №84388/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №225-19 საგადასახადო მოთხოვნასთან და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2023 წლის 10 ოქტომბრის №225- 3289 შეტყობინებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების შესახებ შეტყობინებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 აგვისტოს №20463 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----- ის “ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 6 ოქტომბრის №24742 ბრძანება და ამავე თარიღის №225-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 8 623 ლარი, მათ შორის, გადასახადი 5 651 ლარი, ჯარიმა 2 825 ლარი, საურავი 147 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადამხდელმა ჩააბარა ID "------"და ID "------"განცხადება და ნულოვანი დეკლარაციები. 2020 წლის სექტემბრიდან შესამოწმებელ პერიოდის ბოლომდე გადამხდელი ახორციელებდა ავტომობილის მაყუჩის სისტემიდან ამოღებული კატალიზატორების ფიზიკური პირებისგან შესყიდვას და შემდგომ მის ექსპორტს. საქმიანობას ახორციელებდა ნაქირავებ კომერციულ ფართში. შემოწმებით გაირკვა, რომ გადამხდელი ძვირფასი ლითონის შემცველი ნარჩენის (კატალიზატორს) შესყიდვას ახორციელებდა ფიზიკური პირებისგან და რეგისტრირებული არ ჰქონდა საკონტროლო-სალარო აპარატი. შემოწმებით ასევე ირკვევა, რომ 2022 წლის ოქტომბერში გადამხდელმა განახორციელა 276 კგ კატალიზატორის ნარჩენების ექსპორტი ლიტვაში (საბ. დეკლარაცია №"------") საინვოისო ღირებულებით 307 574 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილი ინფორმაციით (საბანკო ამონაწერები, ფ/პ-ისგან ნარჩენების შესყიდვის აქტები და ახსნა-განმარტება) ფიზიკური პირებისგან ნარჩენების შესყიდვის აქტები შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის ნორმებს. საბანკო ამონაწერების ინფორმაციის ანალიზმა რეალიზაციის განსხვავებული თანხა გამოავლინა, რაზედაც გადამხდელმა წარმოადგინა 2022 წლის 9 ოქტომბერს შპს "------- ს ა“ და ორგანიზაცია „-------“-ის შორის გაფორმებული ხელშეკრულება (9.10.12), ამავე ორგანიზაციის ლაბორატორიის პასუხი (მიწოდებული პარტიის ძვირფასი ლითონების შემცველობაზე) და საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული საქონლის ინვოისის KAT001 ღირებულება შემცირდა 15 886 ევროთი ანუ საბანკო ამონაწერში გადმორიცხვის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „-------“ (ს/ნ "------") ლიკვიდაციის დეკლარაციით არ დაადეკლარირა მიღებული შემოსავალი. დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გამოკლებით გადამხდელის დასაბეგრი მოგებაა (საანგარიშო პერიოდის ბოლოს) 25 544 ლარი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 98-ე, 981 , 102-ე და 130-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა მოგების/საშემოსავლო გადასახადებით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") 2023 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადის სახით 0 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 0 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 8 634.23 ლარი, ზედმეტობა 0 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") მთელ ქონებაზე 2023 წლის 10 ოქტომბრის №225-3289 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების
შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2023 წლის 10 ოქტომბრის № "-----" შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხი
1. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების შესახებ შეტყობინებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით ასევე ირკვევა, რომ 2022 წლის ოქტომბერში გადამხდელმა განახორციელა 276 კგ კატალიზატორის ნარჩენების ექსპორტი ლიტვაში.გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილი ინფორმაციით ფიზიკური პირებისგან ნარჩენების შესყიდვის აქტები შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის ნორმებს. საბანკო ამონაწერების ინფორმაციის ანალიზმა რეალიზაციის განსხვავებული თანხა გამოავლინა.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,მოჩივანმა ლიკვიდაციის დეკლარაციით არ დაადეკლარირა მიღებული შემოსავალი. დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გამოკლებით გადამხდელის აღმოაჩნდა დასაბეგრი მოგება ,რომელიც ჩაითვალა საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და ეს თანხა დაიბეგრა მოგების/საშემოსავლო გადასახადებით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა .
გადაწყვეტილება
1. საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2023 წლის 10 ოქტომბრის №225-3289 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
238,239,269(7),270,275.