ბრძანება N 31449

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.12.2023
№ დოკუმენტი 31449
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31449

13 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ „------“)

(მის.:„------“ )

2023 წლის 10 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა შპს „------“ (ს/ნ „------“) №84871/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №005-169 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ქონების საბაზრო ღირებულება დადგენილია არაობიექტურად. კერძოდ, 2020-2022 წლებში არსებული რეალობიდან გამომდინარე, ფართის ღირებულების შეფასებისას უნდა გამოყენებულიყო ორი შედარების ელემენტი:

 აღნიშნულ ფართის პანდემიის პირობებში გამოყენება შეუძლებელი იყო;

 ფართის კაზინოს ან/და ღამის კლუბის გარდა სხვა მიზნით ფუნქციონირებას დასჭირდებოდა დიდი ფინანსური დანახარჯები.

ამასთან, ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნაში არ არის ის ფაქტობრივი გრემოებები გათვალისწინებული რაც გავლენას ახდენს ფართის ღირებულებაზე.

ზემოაღნიშნულიდან და იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომ შესამოწმებელ პერიოდში არსებული ფორს-მაჟორისა და რიგი აკრძალვების გამო ვერ ხდებოდა ქონების ეკონომიკური მიზნებისთვის გამოყენება, ამასთან, 2022 წლის ივნისიდან (აკრძალვების მოხსნის შედეგ) ფართს მოწესრიგებისთვის სჭირდებოდა გარკვეული ვადა, გადამხდელი ითხოვს შემოწმების მიერ 2022 წლის ბოლოს შეფასებული ქონების ღირებულება შემცირდეს 20 პროცენტით, ხოლო ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადასახადის გადახდის ვალდებულება კომპანიას წარმოეშვას 2023 წლიდან და შემდგომ პერიოდზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16187 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 11 ოქტომბრის №25258 ბრძანება და 12 ოქტომბრის №005-169 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა ქონების გადასახადი სულ 139 423 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოწმების პროცესში დამუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა, რომლის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ, კომპანია ფლობს უძრავ ქონებას (კომერციული ფართები) ქალაქ „------“ და №„------“-ში (საკადასტრო კოდები: „------“). შპს „-------“ (ს/ნ „------“) არასწორად აქვს განსაზღვრული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 (376 753 ლარი), 2021 (357 913 ლარი) და 2022 (340 020 ლარი) წლების ქონების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემი არ შეესაბამება აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულებას. ამდენად, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება განსაზღვრული იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ქონების ღირებულება 2020 წელს შეადგენდა 5 421 000 ლარს, 2021 წელს 5 125 000 ლარს და 2022 წელს 4 471 000 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად კომპანიას დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია:

ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:

ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;

ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;

ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

ამავე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის მიხედვით:

3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ: ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაზრო ფასი არ გამოიყენება, თუ:

ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი არაუმეტეს 10%-ით აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება არაუმეტეს 10%-ით აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა უძრავ ქონებას, რომლის ღირებულებასაც ადეკლარირებდა მცირე ოდენობით. შემოწმების პროცესში მოთხოვნილ იქნა უძრავი ქონების შეფასება და ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზით განსაზღვრული საბაზრო ფასით გაანგარიშდა კუთვნილი ქონების გადასახადის ოდენობა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

გადამხდელი ითხოვს შემოწმების მიერ 2022 წლის ბოლოს შეფასებული ქონების ღირებულება შემცირდეს 20 პროცენტით, ხოლო ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადასახადის გადახდის ვალდებულება კომპანიას წარმოეშვას 2023 წლიდან და შემდგომ პერიოდზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანია ფლობს უძრავ ქონებას.,მომჩივანს არასწორად აქვს განსაზღვრული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება განსაზღვრული იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით

კომპანიას დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

202,205.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლი.