ბრძანება N 25233
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25233
02 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2024 წლის 3 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ---------) 2024 წლის 3 ნოემბრის №24243/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ოქტომბრის №001- 187 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება შესასყიდი საქონლის და მომსახურებისთვის გადახდილი თანხების ეკონომიკური საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე მსჯელობით კომპანიამ მიიღო 3,2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი, ხოლო ხარჯი გასწია მილიონ ლარზე ნაკლები, რაც აბსურდია, ვინაიდან აღნიშნულ ბიზნესში 300%-იანი მარჟა ვერ იარსებებს. აღნიშნავს, რომ შემოწმებას კომპანიის მიერ შესრულებული თითოეული ოპერაციის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია მიღებული (მათ შორის, ბუღალტრული პროგრამის მეშვეობით, წარდგენილი დოკუმენტაციით და ახსნა-განმარტებით), თუმცა მხოლოდ შემოსავლის მიღების ნაწილი გახდა დამაჯერებელი. გადამხდელი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხელახლა შეისწავლოს სადავო საკითხი, აღასრულოს შემოსავლების სამსახურის ბრძანება, გაითვალისწინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც წარმოდგენილია წინამდებარე საჩივარზე დანართის სახით, ხოლო იმ ოპერაციებთან დაკავშირებით, რომელზეც ვერ მოხერხდა დოკუმენტაციის მოპოვება, განხორციელდეს მეზობელი ქვეყნის საბაჟო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, ხოლო იმ ოპერაციების მიმართ, რომლის დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღება ვერ ხერხდება, გამოყენებულ იქნას შემოსავლების სამსახურის უფროსის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 აგვისტოს №18050 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული), ასევე შეისწავლოს განხორციელებულ ოპერაციებზე კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 აგვისტოს №18050 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 27 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 91 482 ლარი, მათ შორის, გადასახადი 60 988 ლარი, ჯარიმა 30 494 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის პირველი ოქტომბრის №001-187 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადამხდელმა წარმოადგინა მოპოვებული პირველადი საბუღალტრო (საბაჟო დეკლარაციები და თან დართული ინვოისები) ინფორმაცია/დოკუმენტაცია. წარმოდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მასალის ანალიზით ირკვევა, რომ წარმოდგენილი საბაჟო დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის ღირებულებები აჭარბებს საბანკო გადარიცხვის თანხას და ტვირთის გამომგზავნი კომპანია არც ბუღალტრულ ჩანაწერებში და არც საბანკო ამონაწერში არ ფიგურირებს (გადამხდელმა ვერ წარმოადგინა გადარიცხვებსა და ტვირთის გამგზავნს შორის პირველადი დოკუმენტი). ამასთან, გადასახადის გადამხდელს სამეურნეო ოპერაციის საკანონმდებლო შეფასების შეცვლის სხვა ახალი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. აღნიშნული მტკიცებულებების ნაწილი შემოწმებამ ჩათვალა „სათანადოდ“, შესაბამისად, განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილობრივ შემცირება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ კონკრეტული საქონლის შეძენა, ხორციელდება შესაძლო ვარიანტების (ფასისა და სხვადასხვა პარამეტრების მითითებით) შეთავაზება, საიდანაც მყიდველები არჩევენ ხელსაყრელ მწარმოებელს, აღნიშნულის შემდეგ ხდება მწარმოებელთან დაკავშირება და პირობების შეთავაზება. ხშირ შემთხვევაში ხელშეკრულებას საქონლის შეძენაზე მწარმოებელი და შემძენი კომპანიები აფორმებენ ერთმანეთთან, ხოლო თანხები მყიდველისგან ერიცხება შპს „-----------“ და შემდგომ ხდება
საქონლის შეძენის ღირებულების გამყიდველ კომპანიაზე გადარიცხვა. საქმის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ დამატებით აქვთ შესაძლებლობა წარადგინონ დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ ნამდვილად იქნა მიწოდებული საქონელი მყიდველთან და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები სრულად ან ნაწილობრივ იქნა შესრულებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო
საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შესასყიდი საქონლის და მომსახურებისთვის გადახდილი თანხების ეკონომიკური საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადამხდელმა წარმოადგინა მოპოვებული პირველადი საბუღალტრო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. წარმოდგენილი მასალის ანალიზით ირკვევა, რომ წარმოდგენილი საბაჟო დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის ღირებულებები აჭარბებს საბანკო გადარიცხვის თანხას და ტვირთის გამომგზავნი კომპანია არც ბუღალტრულ ჩანაწერებში და არც საბანკო ამონაწერში არ ფიგურირებს.ამასთან, გადასახადის გადამხდელს სამეურნეო ოპერაციის საკანონმდებლო შეფასების შეცვლის სხვა ახალი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. აღნიშნული მტკიცებულებების ნაწილი შემოწმებამ ჩათვალა „სათანადოდ“, შესაბამისად, განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილობრივ შემცირება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);96(ა);97(1);982(1):105(2);