ბრძანება N 10644

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.05.2026
№ დოკუმენტი 10644
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10644

13 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 28 იანვრის და 27 აპრილის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 17 და 30 აპრილის სხდომებზე (ოქმები №32 და №34) განიხილა შპს „----“ (ს/ნ ----) №13002/21 და №67750/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №----- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადს. მიუთითებს, რომ 2024 წლის მარტის, ივნისის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში წარდგენილი აქვთ დღგ-ის ნულოვანი დეკლარაციები, თუმცა მიიჩნევს, რომ აუდიტორს არასწორად აქვს დაანგარიშებული აღნიშნული თვეების ბრუნვების ჯამი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სალარო აპარატზე და საბანკო ტერმინალზე გატარებული თანხების დუბლირებით ან სხვა გაურკვეველი მიზეზით. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შესამოწმებელი პერიოდის თითქმის ყველა თვეში არის სხვაობა დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილს შორის. გაზრდილი დასაბეგრი ბრუნვების ჯამი ავტომატურად იწვევს ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის ოდენობის გაზრდას და მას ემატება ჯარიმა-საურავი. ამასთან, გადამხდელი მიუთითებს 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდზე და აცხადებს, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე კაფე-საკონდიტრო ფაქტობრივად გაჩერებული იყო და შემოწმების მიერ ამ თვეებში გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებები არ შეესაბამება რეალობას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს, რომ გაანგარიშება განხორციელებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინების გარეშე, რამაც გამოიწვია ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობის დაუსაბუთებელი ზრდა. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტზე თანდართული ამონაკრების მონაცემების გაცნობისას თვალშისაცემია, რომ 2022-2025 წლების ფაქტიურად ყოველი თვის დადეკლარირებული მონაცემი კორექტირებულია (აქ არ იგულისხმება ობიექტური მიზეზებით გამოწვეული ნულოვანი დეკლარაციების გაგზავნა). შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საჭიროა ხელახალი გადაანგარიშება. მიიჩნევს, რომ თანხები რაზეც საშემოსავლო გადასახადი არის დარიცხული, არასწორად არის დაკვალიფიცირებული ხელფასის სახით განაცემად, რადგან აღნიშნული თანხები არასდროს გამოყენებულა კერძო/ფიზიკური პირების ინტერესებისთვის, არამედ პერიოდების მიხედვით ხდებოდა სასესხო ვალდებულებების დაფარვა ან/და საბრუნავი საშუალებების შეძენა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №14920 და 29 ივლისის №16873 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 29 დეკემბრის №28788 ბრძანება და ამავე თარიღის №---- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 567 059 ლარი, მათ შორის, გადასახადი 877 940 ლარი, ჯარიმა 444 504 ლარი და საურავი 244 615 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „------" ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სარესტორნო მომახურების გაწევა. კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 4 ფილიალს, რომელიც არის კაფე-ბარის კონცეფციის. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, ახსნა-განმარტებების, ბუღალტრული პროგრამიდან ამოღებული რეპორტების, ასევე, შეკვეთების პროგრამის დამუშავების შედეგად, დადგინდა, რომ საწარმოს სრულყოფილად არ აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რიგ შემთხვევებში წარდგენილი აქვს დღგ-ის დეკლარაციები ნულოვანი ფორმით. შედეგად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად დაკორექტირდა დღგ-ის ბრუნვები პერიოდების მიხედვით, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა. ამასთან, ამავე კოდექსის 174- ე მუხლის შესაბამისად რამდენიმე საანგარიშო პერიოდში გაზრდილ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, ახსნა-განმარტებების და ბუღალტრული პროგრამიდან ამოღებული რეპორტების დამუშავების შედეგად, დადგინდა, რომ კომპანიას არასრულად აქვს დეკლარირებული გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები, რიგ საანგარიშო პერიოდებში წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები ნულოვანი ფორმით. შესაბამისად, შემოწმების მიერ განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, როგორც ხელფასის სახით განაცემების, ასევე, ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების ნაწილში, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ზემოაღნიშნული თანხები დაიბეგრა წყაროსთან და საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ასევე, ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, საწარმოს სრულყოფილად არ აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რიგ შემთხვევებში წარდგენილი აქვს დღგ-ის დეკლარაციები ნულოვანი ფორმით. შედეგად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ის ბრუნვები პერიოდების მიხედვით, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის 2026 წლის 17 აპრილის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილვისას, საჩივრებში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა დამატებით არგუმენტაციის ან/და დოკუმენტაციის/მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა, აღნიშნულის გათვალისწინებით საკითხის განხილვა გადაიდო 2 კვირის ვადით. თუმცა გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დამატებითი არგუმენტაცია ან/და დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, კომპანიას არასრულად აქვს დეკლარირებული გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები, რიგ საანგარიშო პერიოდებში წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები ნულოვანი ფორმით. შესაბამისად, შემოწმების მიერ განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, როგორც ხელფასის სახით განაცემების, ასევე, ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების ნაწილში, შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის შეღავათებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ მიუწოდებია ინფორმაცია/დოკუმენტაცია კონკრეტული თანამშრომლის შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მიხედვით გადასახადისაგან გათავისუფლების სარგებლობასთან დაკავშირებით, არც დეკლარაციების შესაბამისს გრაფებში ყოფილა აღნიშნული შეღავათი ასახული. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის რეპორტებისა და შემოწმებით დადგენილ გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული თანხებს შორის არსებითი სხვაობები არ გამოვლენილა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის 2026 წლის 17 აპრილის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილვისას, საჩივრებში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა დამატებით არგუმენტაციის ან/და დოკუმენტაციის/მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა, აღნიშნულის გათვალისწინებით საკითხის განხილვა გადაიდო 2 კვირის ვადით. თუმცა გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დამატებითი არგუმენტაცია ან/და დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დამატებული ღირებულების გადასახადს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს-ს ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სარესტორნო მომახურების გაწევა. დადგინდა, რომ საწარმოს სრულყოფილად არ აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რიგ შემთხვევებში წარდგენილი აქვს დღგ-ის დეკლარაციები ნულოვანი ფორმით. შედეგად, დაკორექტირდა დღგ-ის ბრუნვები პერიოდების მიხედვით, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა. რამდენიმე საანგარიშო პერიოდში გაზრდილ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

კომპანიას არასრულად აქვს დეკლარირებული გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები. შესაბამისად, შემოწმების მიერ განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, როგორც ხელფასის სახით განაცემების, ასევე, ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების ნაწილში, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ასევე, გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158(1);159(1);164(1);101(1);154(1);