გადაწყვეტილება №23886/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23886/2/2024
09 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------------ი (ს/ნ ----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------ის 7.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23886/2/2024).
დავის საგანი:
1. დღგ-ის დარიცხვისას დაბეგრილი ავანსის გაუთვალისწინებლობა;
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2024 წლის №081-159 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.08.2024 წლის №19011 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 92 180 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 52 899
დღგ - 4 871
მოგების გადასახადი - 2 248
საშემოსავლო გადასახადი - 45 780
ჯარიმა - 30 688
საურავი - 8 593
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2.07.2024 წლის №15513 ბრძანება და 3.07.2024 წლის №081-159 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.08.2024 წლის №19011 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დარიცხვისას დაბეგრილი ავანსის გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად შეადგენს 3 132 664 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში ასახული ინფორმაციის ანალიზითა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში ასახული მონაცემების შესწავლით დგინდება, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს ჯამურად 3 121 351 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად, დადგენილი სხვაობით (11 313 ლარი დღგ-ის გარეშე) შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისი დღგ.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად შეადგენს 3 132 664 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში ასახული ინფორმაციის ანალიზითა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში ასახული მონაცემების შესწავლით დგინდება, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს ჯამურად 3 121 351 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმების მიერ, დადგენილი სხვაობით 11 313 ლარით (დღგ-ის გარეშე) შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სრულად იქნა განაშთული შესამოწმებელ პერიოდში შესრულებული (საბოლოო) ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ის ნაწილში დარიცხვის დროს არ იქნა გამოქვითული ავანსი, რომელიც დაბეგრილი იყო, როგორც ავანსის, ასევე საბოლოო ანგარიშ-ფაქტურით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
სადავო საქმეზე არსებული ინფორმაციით, საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად შეადგენს 3 132 664 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში ასახული ინფორმაციის ანალიზითა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში ასახული მონაცემების შესწავლით დგინდება, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს ჯამურად 3 121 351 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმების მიერ, დადგენილი სხვაობით 11 313 ლარით (დღგ-ის გარეშე) შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სრულად იქნა განაშთული შესამოწმებელ პერიოდში შესრულებული (საბოლოო) ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე მტკიცებულებას, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმებისას დარიცხული თანხების გაუქმების/შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბაზა განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
პირველი დავის საგნის ნაწილში აწერილი დარიცხვის შინაარსის გარდა, შემოწმების აქტით დარიცხვა ასევე განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საწარმოს მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციებით განაწილებული დივიდენდი შეადგენს 106 316 ლარს, ხოლო, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციებით გაცემული დივიდენდი შეადგენს 100 000 ლარს. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში არსებული ინფორმაციისა და პირველადი დოკუმენტების ანალიზით (საბანკო ამონაწერები) დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემული დივიდენდი შეადგენს 119 054 ლარს. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 981 მუხლების შესაბამისად, შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა 12 737 ლარი დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო 19 054 ლარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული ბრუნვა შეადგენს 111 391 ლარს (დღგ-ის გარეშე), შემოწმებით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში სხვაობა არ გამოვლენილა. შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში ასახული ინფორმაციის ანალიზითა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში ასახული მონაცემების შესწავლით დგინდება, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული ბრუნვის მიუხედავად, აღნიშნულ ოპერაციებში გამოყენებულ სამშენებლო მასალებზე მეორე მხარეების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ სრულად აქვს ჩათვლილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 174-ე, 177-ე და 178-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების შედეგად ჩათვლილი დღგ-ის თანხა 8 479 ლარი სრულად დაექვემდებარა შემცირებას. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული ყოველთვიური დეკლარაციებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაცემული ხელფასების და სხვა განაცემების ნაწილში შეადგენს 317 574 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში არსებული ინფორმაციისა და პირველადი დოკუმენტების ანალიზით (საბანკო ამონაწერები) დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა ხელფასის და სხვა განაცემების ნაწილში შეადგენს 541 728 ლარს. შედეგად, გამოვლენილი სხვაობა 224 154 ლარი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2024 წლის №081-159 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 30 688 ლარი და საურავი - 8 593 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს,რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის დარიცხვისას დაბეგრილი ავანსის გაუთვალისწინებლობა;
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა №15513 ბრძანება და №081-159 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №19011 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბაზა განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან,საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1); 269(7);