გადაწყვეტილება №18611/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.05.2023
№ დოკუმენტი 18611/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18611/2/2023

18.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: : საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------- 9.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18611/2/2023).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.10.2022 წლის №CB1407059 საგადასახადო

სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 23.12.2022 წლის №32540 ბრძანება.

 

დაკისრებული სანქცია:

ჯარიმა 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.10.2022 წლის №CB1407059 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახ. ნომ. -----------) გადამოწმების დროს (22.09.2022 წ. 15:15 სთ) გამოვლინდა 3 679,5 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის (ფიცარი) (4,906 მ 3 X 750 ლარი), ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე.

აღნიშნული ოქმით მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.12.2022 წლის №32540 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 286-ე მუხლის 12 ნაწილზე და „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

22.09.2022 წელს გამოწერილი იქნა №---------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხვედით ფიცარი გამოწერილი იყო ორ პოზიციად --------- და ------------ . სასაქონლო ზედნადების 21-ე გრაფაში ---------- მექანიკურად შეცდომით იქნა ჩაწერილი ცნობის ნომერი ნაცვლად №---------- მიუთითა №----------, რომელიც შექმნილი იყო წინა პერიოდში, რაც დასტურდება წარმოდგენილი ცნობებით და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თითქოს სასაქონლო ზედნადებში თავდაპირველად მითითებული №---------- ცნობა არ არსებობდა, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული მექანიკური შეცდომა გაასწორა, აღნიშნულ მექანიკურ შეცდომას არ გამოუწვევია საგადასახადო კუთხით რაიმე ცდომილება.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ასევე 601 მუხლის პირველ ნაწილზე და მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სათანადოდ არ იქნა შესწავლილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც არასწორად იქნა შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. მიუთითებს და აღნიშნავს, რომ არ მოხდარა შესწავლა, რის შემდგომაც უნდა მომხდარიყო შესაბამისი გაანგარიშება და ოქმების შედგენა. ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 23.12.2022 წლის №32540 ბრძანება და 24.10.2022 წლის №CB1407059 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის 69-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების თანახმად:

5. თუ საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირს საგადასახადო სანქციის სახით შეეფარდა სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა, ან საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა შესაბამისი საგადასახადო სანქციისაგან, პირი უფლებამოსილია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების თაობაზე, რომელსაც უნდა ერთოდეს დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადების რეგისტრაციის შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საგადასახადო ორგანო ადგენს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დასრულებულია თუ არა განკარგვის პროცედურები და იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დასრულებულია განკარგვის პროცედურები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს ამ პროცედურების შეჩერების ან შედეგების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, პირს/გადასახადის გადამხდელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ უბრუნდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვით წარდგენილი საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ბრძანების შესაბამისად, საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დასრულებული განკარგვის პროცედურები, პირს უბრუნდება ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ 22.09.2022 წელს გამოწერილი იქნა №------------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხედვით ფიცარი გამოწერილი იყო ორ პოზიციად ---------- და ----------- . სასაქონლო ზედნადების 21-ე გრაფაში 4,956 მ3 მექანიკურად შეცდომით იქნა ჩაწერილი ცნობის ნომერი ნაცვლად №------------ მიუთითა №-------------, რომელიც შექმნილი იყო წინა პერიოდში, რაც დასტურდება წარმოდგენილი ცნობებით და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თითქოს სასაქონლო ზედნადებში თავდაპირველად მითითებული №----------- ცნობა არ არსებობდა, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული მექანიკური შეცდომა გაასწორა, მექანიკურ შეცდომას არ გამოუწვევია საგადასახადო კუთხით რაიმე ცდომილება.

სადავო საკითხზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი 5.05.2023 წლის №42915-21-12 წერილიდან ირკვევა,რომ სახერხი საამქროდან გატანის შესახებ N---------- ცნობა გაცემულია 2022 წლის 22 სექტემბერს 4,956 მ 3 ფიცარზე. მომჩივნის კუთვნილი ტვირთის სახეობის, რაოდენობისა და სარეალიზაციო ფასის დადგენის მიზნით ჩატარებულ იქნა ექსპერტიზა. 2022 წლის 17 ოქტომბრის N56347/10/22 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის (ფიცარი) საერთო მოცულობა შეადგენს 5,95 მ 3 (ცდომილება 5%), საორიენტაციო საბაზრო ღირებულებით სულ 4462,5 ლარს დღგ-ის ჩათვლით. ----------- ფიცარი 5%-იანი ცდომილების გათვალისწინებით თანხვედრაშია 2022 წლის 22 სექტემბრის ხე-ტყის №----------- სასაქონლო ზედნადებში მითითებულ საქონლის რაოდენობასთან (6 მ 3 ), შესაბამისად, ხე-ტყის №------------- სასაქონლო ზედნადების გამოწერისას №---------- ცნობის მითითების შემთხვევაში, ტვირთის ტრანსპორტირება ჩაითვლებოდა კანონიერად.

ზემოაღნიშნულ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია მექანიკური შეცდომის არსებობის ფაქტი, შესაბამისად, მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.12.2022 წლის №32540 ბრძანება;

3. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.10.2022 წლის №CB1407059 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

4. მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, შეეფარდოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

5. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს სათანადო ღონისძიებების განხორციელება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის სატრანსპორტო საშუალების გადამოწმების დროს გამოვლინდა ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის (ფიცარი) , ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. მომჩივანს შეეფარდა გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, შეეფარდოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს სათანადო ღონისძიებების განხორციელება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

270(2);286(12)269(7);

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 72-ე მუხლის პირველი პუნქტი.