გადაწყვეტილება №24553/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2025
№ დოკუმენტი 24553/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24553/2/2024

20 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე "--------" (პასპ. №"--------" )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „---------“ -ის 27.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24553/2/2024).

 

დავის საგანი:

ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 18.11.2024 წლის №EL267908 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 დეკემბრის №25881 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 2 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით დგინდება, რომ ტრანზიტულად მოძრავ ცარიელ სატვირთოს, უკრაინული ნომრით "---------", დათვალიერებისას საწვავის ავზებში აღმოაჩნდა დაახლოებით 620 ლიტრი დიზელი, რაც ჩაითვალა საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილებისთვის დაწესებული შეზღუდვის დარღვევად.

აღნიშნულზე მომჩივანს 2024 წლის 18 ნოემბერის №EL267908 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 დეკემბრის №25881 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლებზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5 და მე6 პუნქტებზე, ამავე მუხლის მე-7 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს არ დაუმალავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლებისთვის რომ ავტომანქანის ორივე ავზში ჰქონდა დაახლოებით 620 ლიტრი დიზელის საწვავი, რადგან ახორციელებდა ტრანზიტულ მოძრაობას უკრაინის მიმართულებით საქართველოს გავლით და შესაბამისად საწვავის გარეშე ვერ იმოძრავებდა.

საწვავის ორივე ავზი არის ქარხნულად დამონტაჟებული, დაკავშირებულია ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად და რაიმე კუსტარულ ჩარევას ადგილი არ ჰქონია. ანუ, არის ქარხნული მოდიფიკაციით.

მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა განუმარტა საბაჟოს თანამშრომლებს, რომ მისთვის უცნობი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დაწესებული შეზღუდვების შესახებ, საბაჟო ორგანოს წარმომადგენელმა ის ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დააჯარიმეს 2000 ლარით.

მომჩივანს არ დაუმალავს მებაჟისთვის რაოდენობა და მან სიმართლე დააფიქსირა თავიდანვე.

ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სატვირთო მანქანის ავზებში საწვავის რაოდენობა იყო დაახლოებით 620 ლიტრი. მას რომ სცოდნოდა სამართლებრივი რეგულაციის თაობაზე და მიუხედავად აკრძალვისა, მაინც განზრახული ჰქონოდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მალულად საქართველოს ტერიტორიაზე დიზელის საწვავის შემოტანა, მაშინ ის ამას გააკეთებდა სავსე ავზებით - დაახლოებით 1000 ლიტრი საწვავით და არა 620 ლიტრი საწვავით და 100-120 ლიტრი საწვავის გამო 2 000 ლარიანი ჯარიმის აკიდებას არ გარისკავდა.

ასევე აღნიშნულია, რომ მომჩივანი არის უკრაინის მოქალაქე და ის ქართულ ენას არ ფლობს. საბაჟო სამსახურის თანამშრომლები ვალდებული იყვნენ მოეწვიათ თარჯიმანი, მისთვის გასაგებ ენაზე განემარტათ თუ რას ედავებოდნენ და გადაეთარგმნათ მისთვის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, მოცემულ დოკუმენტზე კი უნდა დაეფიქსირებინათ თარჯიმნის ხელმოწერა და დაჯარიმებულის შესაბამისი განმარტება დოკუმენტის თარგმნის თაობაზე. აღნიშნული უდავოდ წარმოადგენს ოქმის ბათილობის საფუძველს. ამ კონკრეტული ქმედებით დარღვეულია საბაჟო კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნები.

მისთვის გასაგებ ენაზე ვერ მიიღო განმარტება, თუ რას ედავებოდნენ, რატომ ედავებოდნენ, არ იყო მოწვეული თარჯიმანი. მას შეეზღუდა ავტომანქანით გადაადგილების საშუალება და მოსთხოვეს ჯარიმის დაუყოვნებლივ გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანის დატოვება და მის გარეშე გადაადგილება, რაც უცხო ქვეყანაში მყოფი პირისთვის წარმოშობს უამრავ, მათ შორის გადაულახავ დაბრკოლებას და პირდაპირ არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულ უფლებებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო გამშვებ პუნქტ „-------“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, თუ ავზში არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 500 ლიტრს“.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 17.01.2025 წლის №"--------" წერილის მიხედვით დგინდება, რომ 2024 წლის 18 ნოემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ საბაჟო კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი ტრანზიტულად გადაადგილებული დაუტვირთავი №"--------" სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება. საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ავზებში ესხა დაახლოებით 620 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.

მომჩივანი სრულყოფილად ფლობდა რუსულ ენას, აქედან გამომდინარე მას რუსულ ენაზე განემარტა თავისი უფლებები და ვალდებულებები აღნიშნულ საბაჟო სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილი დაუტვირთავი სატრანსპორტო საშუალების ავზებით კანონმდებლობით დაშვებულ ოდენობაზე (500 ლიტრი) მეტი ოდენობის დიზელის ტიპის საწვავის შემოტანას, მას წარმოეშვა საქონლის დეკლარირების ვალდებულება, რაც მომჩივნის მხრიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად საბაჟო ორგანოს ქმედება მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სანქციის შეფარდების თაობაზე მართებულია.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 18.11.2024 წლის №EL267908 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 18.11.2024 წლის №EL267908 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისაგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება მღებულ გადაწყვეტილებას,ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით დგინდება, რომ ტრანზიტულად მოძრავ ცარიელ სატვირთოს, უკრაინული ნომრით , დათვალიერებისას საწვავის ავზებში აღმოაჩნდა დაახლოებით 620 ლიტრი დიზელი, რაც ჩაითვალა საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილებისთვის დაწესებული შეზღუდვის დარღვევად.

აღნიშნულზე მომჩივანს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 9 დეკემბრის №25881 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 18.11.2024 წლის №EL267908 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისგან.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

163,168.