გადაწყვეტილება №20292/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.11.2023
№ დოკუმენტი 20292/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20292/2/2023

06 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 17.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20292/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №253 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2023 წლის №007-111 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №14182 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 126 607,67 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 31 824

დღგ - 11 635

მოგების გადასახადი - 14 052

საშემოსავლო გადასახადი - 6 137

ჯარიმა - 78 105

საურავი - 16 678,67

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 7.02.2019 წლიდან 21.09.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის №007-162 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №253 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ფულადი სახსრების დანაკლისის საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად განხილვის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. მხარეებთან გაფორმებული შედარების აქტები). განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №253 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 10.05.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სალაროს გასავლის ორდერები 2019 წლის თებერვლის და მარტის თვეებით დათარიღებული. წარმოდგენილ დოკუმენტებში ჩამოწერილია მხოლოდ ამ თვეებში დარიცხული შპს ---ის საკომისიოების ტოლი თანხები მძღოლების მიხედვით, მცირე ნაწილზე ფიქსირდება ხელმოწერები და ტელეფონის ნომრები. მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ჯამური თანხა არ ედრება შემოწმების პროცესში წარდგენილ ინდივიდუალური ჩანაწერების ჯამს. ამასთან, არ ირკვევა რა თანხა ეკუთვნოდა ან რა იქნა გაცემული მძღოლებზე სრულად (საკომისიო/მათი კუთვნილი გამომუშავებული თანხები). შესაბამისად, წარდგენილი მტკიცებულების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, არ არსებობს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) სათანადო საფუძველი. აუდიტის დეპარტამენტის 10.05.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 11.05.2023 წლის №007-111 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №14182 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა გადაანგარიშების პროცესში წარადგინა სალაროს გასავლის ორდერები, სადაც ჩამოწერილია კონკრეტულ თვეში დარიცხული შპს ---ის საკომისიოების ტოლი თანხები მძღოლების მიხედვით. მცირე ნაწილზე ფიქსირდება ხელმოწერები და ტელეფონის ნომრები. მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ჯამური თანხა არ ედრება შემოწმების პროცესში წარდგენილ ინდივიდუალური ჩანაწერების ჯამს. ამასთან, არ ირკვევა რა თანხა ეკუთვნოდა ან რა იქნა გაცემული მძღოლებზე სრულად (საკომისიო/მათი კუთვნილი გამომუშავებული თანხები).

შესაბამისად, წარდგენილი მტკიცებულების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით არ არსებობს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) სათანადო საფუძველი. ამასთან, გადამხდელს საჩივრების დანართად წარმოდგენილი აქვს იგივე დოკუმენტები, რაც საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების ეტაპზე ჰქონდა წარდგენილი. საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 7.02.2019 წლიდან და ამავე პერიოდიდან ახორციელებს საშუამავლო საქმიანობას, გადასახადის გადამხდელს ხელშეკრულება ჰქონდა დადებული შპს ---თან, რომლის თანახმადაც შპს --- ვალდებული იყო დახმარებოდა შპს ---ს საზედამხედველო ზომების განხორციელებაში, კერძოდ: პროგრამული უზრუნველყოფა (---აპლიკაციის გამართვა მობილურებში ან/და სმარტფონებში), მგზავრის ტრანსპორტირების ხარისხის შემოწმება, მათ შორის ავტომობილის „ტაქსის“ ადგილმდებარეობის GPS თვალყურის დევნება. ასევე შპს ---ის მიერ შპს ---ის ანგარიშსწორების ანგარიშზე ჩარიცხული თანხების (მძღოლებისთვის) განაწილება, აღნიშნული ოპერაციებიდან შპს ---ს შემოსავალს წარმოადგენდა მძღოლების მიერ შპს ---ის მიმართ შესრულებული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის 5 პროცენტს.

ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციიდან გამომდინარე ვინაიდან შპს --- ახლად რეგისტრირებულ კომპანიას წარმოადგენდა საწყის ეტაპზე შპს ---თან ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმადაც შპს ---ს მიეცა გამოსაცდელი ვადა, შედეგად აღნიშნულ ვადაში კომპანიას ფულადი სახსრებიდან შემოსავალი არ მიუღია (მარკეტინგული ხარჯი). ვინაიდან კომპანიას ხელშეკრულებით ჰქონდა გათვალისწინებული გამოსაცდელი ვადა (მარკეტინგული ხარჯი), რომლის თანახმადაც შპს ---ს გარკვეულ პერიოდში შემოსავალი არ მიუღია, შემოწმება ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ფულის ნაშთების გაანგარიშებისას აღნიშნული გარემოება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №253 ბრძანებით, ფულადი სახსრების დანაკლისის საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. მხარეებთან გაფორმებული შედარების აქტები).

განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 10.05.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სალაროს გასავლის ორდერები 2019 წლის თებერვლის და მარტის თვეებით დათარიღებული. წარმოდგენილ დოკუმენტებში ჩამოწერილია მხოლოდ ამ თვეებში დარიცხული შპს ---ს საკომისიოების ტოლი თანხები მძღოლების მიხედვით, მცირე ნაწილზე ფიქსირდება ხელმოწერები და ტელეფონის ნომრები. მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ჯამური თანხა არ ედრება შემოწმების პროცესში წარდგენილ ინდივიდუალური ჩანაწერების ჯამს. ამასთან, არ ირკვევა რა თანხა ეკუთვნოდა ან რა იქნა გაცემული მძღოლებზე სრულად (საკომისიო/მათი კუთვნილი გამომუშავებული თანხები). შესაბამისად, წარდგენილი მტკიცებულების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, არ არსებობს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) სათანადო საფუძველი.

საბჭო ყურადღებას საქმის გარემოებებზე და მიაჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №253 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №14182 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №253 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 10.05.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 11.05.2023 წლის №007-111 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №14182 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას საქმის გარემოებებზე და მიაჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №253 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 97; 130; 154.