ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ”
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-31/ნ
2011 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1113 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და მასთან გათანაბრებული ფარმაცევტული პროდუქტის) მათ შორის, დაურეგისტრირებელი მედიკამენტებისა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს ტერიტორიიდან გატანა განისაზღვროს სამკურნალო საშუალებათა შემდეგი ოდენობის მიხედვით:
ა) სამედიცინო დოკუმენტაციის გარეშე ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის არა უმეტეს ათი სტანდარტული შეფუთვისა წამლის მოქმედების მიმართ, მისი პირადი პასუხისმგებლობით;
ბ) თუ ფიზიკურ პირს სხვა ქვეყანაში ვიზიტის (მივლინება, მკურნალობა, ტურიზმი, პირადი მიწვევა და სხვა) პერიოდში ესაჭიროება სამკურნალო საშუალება ათ სტანდარტული შეფუთვაზე მეტი ოდენობით, მაშინ სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ან ქვეყნიდან გატანა ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით სხვა ქვეყანაში ვიზიტის დღეების რაოდენობაზე;
გ) თუ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს ესაჭიროება სამკურნალო საშუალება ათ სტანდარტული შეფუთვაზე მეტი ოდენობით, მაშინ სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №01-53/ნ - ვებგვერდი, 10.11.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 ივლისის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 08.07.2014წ.
11. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე:
ა) სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით ფიზიკური პირის სხვა ქვეყანაში ვიზიტის (მივლინება, მკურნალობა, ტურიზმი, პირადი მიწვევა და სხვა) დღეების რაოდენობაზე;
ბ) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 10 ნოემბრის ბრძანება №01-53/ნ - ვებგვერდი, 10.11.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 ივლისის ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 08.07.2014წ.
12. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის, დაურეგისტრირებელი სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის) ან/და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების არაკომერციული მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის უფლება აქვს:
ა) ფიზიკურ პირს;
ბ) ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის უფლების მქონე პირს, რომელიც ფლობს GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სერტიფიკატს;
გ) სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ფლობს სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ნებართვას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 13.12.2023წ.
13. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის, დაურეგისტრირებელი სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის) ან/და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების ამ ბრძანების 12 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ არაკომერციული მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, თუ ფარმაცევტული პროდუქტი „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებით აღიარებული ქვეყნის მარეგულირებლის მიერ შესაბამის ბაზარზე დაშვებულია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 13.12.2023წ.
2. იმ შემთხვევაში, თუ ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა ხორცილედება საფოსტო გზავნილის მეშვეობით, შემოტანილი ან გასატანი სამკურნალო საშუალებები საგადასახადო ორგანოების მიერ ექვემდებარება ჩამორთმევას და განადგურებას:
ა) პირველადი შეფუთვის არარსებობისას;
ბ) პირველადი შეფუთვის მთლიანობის დარღვევისას;
გ) იმ შემთხვევაში, თუ პირველადი შეფუთვის ეტიკეტირებიდან ვერ ირკვევა ფარმაცევტული პროდუქტის და მასში არსებული აქტიური სუბსტანცი(ებ)ის დასახელება;
დ) სხვა შემთხვევებში, როდესაც ფარმაცევულ პროდუქტს დაკარგული აქვს სასაქონლო სახე.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 11 დეკემბრის №247/ნ ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
ი. გიორგობიანი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე