გადაწყვეტილება №18557/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.02.2023
№ დოკუმენტი 18557/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№18557/2/2022

16.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „---------“ (ს/ნ „---------“)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „--------- - ის “ 28.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18557/2/2022).

 

დავის საგანი: საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №CB1402733 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30943 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 100 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას გამოვლინდა, რომ მომჩივანს დაქირავებულ პირთა რეესტრში არ ჰყავს შეყვანილი დაქირავებით მომუშავე 1 პირი, რაც ჩაითვალა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების დარღვევად. აღნიშნულზე მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №CB1402733 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.12.2022 წლის №30943 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები

 

მომჩივნის არგუმენტაცია

7.10.2022 წელს ორგანიზაციის „---------“ ფილიალში, მდებარე „---------“ მიმდებარედ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა.

შესწავლის შედეგად თითქოსდა დააფიქსირეს დარღვევა კომპანიის მხრიდან, შეადგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (№CB1402733), სადაც დააფიქსირეს, რომ დაქირავებულ პირთა რეესტრში არ იყო შეყვანილი ობიექტზე დაქირავებით მომუშავე 2 პირი, ხოლო კონკრეტულად რომელი 2 პირი, არც მონაცემია დაფიქსირებული და არც ის გარემოება, რომ რეალურად თვითონ არ ჰქონდათ გამართული მოწყობილობა გადასამოწმებლად, თორემ აღნიშნულ ობიექტზე ყველა შრომითი კანონმდებლობის ფარგლებში დაქირავებული პირი აბსოლუტურად ზედმიწევნითაა დაფიქსირებული დაქირავებულ პირთა რეესტრში.

აღნიშნულ ოქმთან დაკავშირებით 28.10.2022 წელს წარდგენილი იქნა საჩივარი, რომლის პასუხადაც 5.12.2022 წელს მიიღო ბრძანება, რომლითაც განხორციელდა ოქმში შესწორება და ნაცვლად 2 პირისა, დაფიქსირდა თითქოს მხოლოდ 1 პირთან მიმართებაში გადაცდომა. ხოლო 8.12.2022 წელს მიიღო ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საიდანაც უკვე დადგინდა კონკრეტულად რომელი პირის აღურიცხველობასთან დაკავშირებით იყო პასუხისმგებლობა და ეს პირი გახლავთ „---------“ (პ/ნ „---------“ ), რომელიც კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში არ იმყოფება, არამედ იგი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მომსახურების მიმწოდებელს. „--------- - თან“ 1.07.2021 წლიდან გაფორმებულია მომსახურების გაწევის შესახებ № „---------“ ხელშეკრულება, მომხმარებლების მოზიდვასთან დაკავშირებით (დანართი).

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 29.07.2022 წელს, შემოსავლების სამსახურთან ელექტრონული ფოსტით ოფიციალური კომუნიკაციის გზით კიდევ ერთხელ დაზუსტდა, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით ისედაც მკაფიოდ განსაზღვრული დანაწესი, თუ კონკრეტულად კომპანიასთან რა ტიპის სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირების აღრიცხვა უნდა განეხორციელებინა დაქირავებულ პირთა რეესტრში და შემოსავლების სამსახურისგან მიიღეს დადასტურება, რომ მხოლოდ იმ ურთიერთობის ფარგლებში უნდა აღრიცხულიყვნენ პირები, რომელსაც არეგულირებს შრომითი კანონმდებლობა, რაც „--------- - თან “ მიმართებაში არ ფიქსირდება.

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლი განმარტავს თუ რას წარმოადგენს დაქირავებით მუშაობა და იქვე მიუთითებს ყველა დამქირავებლის ვალდებულებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ დაქირავებულ პირთა რეესტრში უნდა იქნეს ასახული თითოეულ დაქირავებულ პირთან დაკავშირებით შესაბამისი მონაცემები.

აღნიშნულზე ყურადღებაა გამახვილებული გასაჩივრებულ ბრძანებაშიც, თუმცა მოცემული შემთხვევა მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არც ერთ ეტაპზე არ იქნა სრულყოფილად მოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას მიეცემოდა შესაძლებლობა სრულად წარედგინა დოკუმენტაცია და ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არანაირად არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული კომპანიის მიმართ რაიმე სახის სანქცია.

„---------“ არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს, არ არის და არც არასდროს ყოფილა კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში, არის მხოლოდ და მხოლოდ მომსახურების გამწევი ფიზიკური პირი და მოქმედებს შესაბამისად მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ნაცვლად შრომითი კანონმდებლობისა, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. ხელშეკრულებას წარმოადგენს დამატებით დანართის სახით.

აღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის დებულებების გათვალისწინებით ცალსახად სახეზეა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლები, შესაბამისად ითხოვს საჩივრის დაკმაყოფილებას და ოქმის ბათილად ცნობას.

ითხოვს გასაჩივრებული ბრძანების (№30943, 8.12.2022 წ.) გაუქმებას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სამართალდარღვევის არსებობასა და შესაბამისი ჯარიმის შეფარდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების (სამართალდარღვევის ოქმი №CB1402733, 7.10.2022 წ.) ბათილად ცნობას და დაკისრებული სანქციისგან კომპანიის სრულად გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება, ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ „---------“ არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს, არ არის და არც არასდროს ყოფილა კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში, არის მხოლოდ და მხოლოდ მომსახურების გამწევი ფიზიკური პირი და მოქმედებს შესაბამისად მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ნაცვლად შრომითი კანონმდებლობისა, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გასაჩივრებული ბრძანების (№30943, 8.12.2022 წ.) გაუქმებას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სამართალდარღვევის არსებობასა და შესაბამისი ჯარიმის შეფარდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების (სამართალდარღვევის ოქმი №CB1402733, 7.10.2022 წ.) ბათილად ცნობას და დაკისრებული სანქციისგან კომპანიის სრულად გათავისუფლებას.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილია 1.07.2021 წლის № „---------“ ხელშეკრულება, რაზეც შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30943 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30943 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.