გადაწყვეტილება №22737/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22737/2/2023
10 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ -ის 1.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22737/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31308 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2024 წლის №007-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.03.2024 წლის №5581 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 593 814 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 696 122
დღგ - 176 728
მოგების გადასახადი -3 268
საშემოსავლო გადასახადი -514 483
ქონების გადასახადი -1 643
ჯარიმა - 547 388
საურავი - 350 304
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო მომსახურების გაწევა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
- კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის სრული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს აქვს სალაროს მზარდი ნაშთი 2020 წლის მარტიდან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კი უფიქსირდება სალაროს ნაშთი 569 956 ლარის ოდენობით, ხოლო მოთხოვნა ანგარიშვალდებული პირის მიმართ 59 593 ლარის ოდენობით. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის თანახმად, კომპანიის პარტნიორის მიერ პერიოდულად გატანილია თანხები, რომელიც ბრუნდება გარკვეული პერიოდულობით, ამასთან, ზოგჯერ კომპანიას აქვს დავალიანება პარტნიორის წინაშე. კერძოდ, 2020 წლის მაისამდე კომპანიას აქვს დავალიანება დირექტორის წინაშე, ხოლო 2020 წლის მაისიდან კი მოთხოვნა დირექტორის მიმართ.
აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს სააღრიცხვო პროგრამაში უფიქსირდება გადასახდელი/მისაღები პროცენტების დარიცხვა, თუმცა დარიცხული პროცენტების დირექტორისგან მიღება/დირექტორისათვის გადახდა არ ფიქსირდება. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით, ამასთან „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართის მიხედვით განსაზღვრული იქნა (საკასო შემოსავლის და ხარჯის 10%) სალაროს ყოველთვიური გონივრული ნაშთი, ხოლო არაგონივრული ნაშთი, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს გაიზარდა ან შემცირდა (ითვლება შესაბამისი პირის მიერ სალაროდან გატანილად ან სალაროში დაბრუნებულად) ამავე კალენდარული თვის/თვეების არაგონივრული ნაშთის შესაბამისად (ამასთან, აღებული სესხიც, რომელზეც პირი ახორციელებდა გადასახდელი პროცენტების დარიცხვას, განხილულ იქნა აღებულ უპროცენტო სესხად), სესხზე გაანგარიშებული სარგებელი განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას საგადასახადო კოდექსის 73- ე, 982 , 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;
- შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს შესრულებული აქვს რამდენიმე მსხვილი პროექტი, მათ შორის, გაწეული აქვს საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო მომსახურებები. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული სასაქონლო ზედნადებები და მათში მითითებული ტრანსპორტირების დასრულების მისამართები. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შეძენილი მასალები მიტანილია მშენებლობისაგან განსხვავებულ მისამართებზე. ამასთან, სააღრიცხვო დოკუმენტაციაში გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ მისამართებზე მიკუთვნებული აქვს სხვადასხვა ხარჯები, კერძოდ, მიღებული მომსახურებები და შრომითი დანახარჯები. რიგ შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა შესამოწმებელ პერიოდამდე გაფორმებული ხელშეკრულებები დამკვეთებთან, აღნიშნულ ხელშეკრულებებში მითითებულ მისამართებზე, სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, მიტანილია სამშენებლო მასალები. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილისა და სააღრიცხვო პროგრამაში აღნიშნულ მისამართებზე მიკუთვნებული დანახარჯების მიხედვით, განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურების ოდენობა საბაზრო ღირებულებით, რამაც შეადგინა 1 600 535 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33454 ბრძანება და №007-395 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.07.2023 წლის №17438 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, სესხის ხელშეკრულება;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით თუ დასტურდება, რომ სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტები, კომპანიის მიერ ბუღალტრულად დარიცხული და აღრიცხულია, აღნიშნულ ნაწილში უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);
- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა, თუ არ დადასტურდება თანხის მიღება, განახორციელოს აღნიშნულ ნაწილში საშემოსავლო გადასახადში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.07.2023 წლის №17438 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 74 381 ლარით. დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №007-287 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31308 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული სესხის ხელშეკრულების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დასტურდება, რომ კომპანიას ბუღალტერიაში, გაცემულ სესხზე დარიცხული აქვს საპროცენტო სარგებელი, რომელიც ჩართულია შემოსავალში და ასევე, აღრიცხულია მოთხოვნებში, აღნიშნულ ნაწილში უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31308 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 31 იანვრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 31 465 ლარით. დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2024 წლის №007-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.03.2024 წლის №5581 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 12%-ის ოდენობით. შემოწმების პროცესში წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ჩანაწერების თანახმად, სესხზე დარიცხულია საპროცენტო სარგებელი, რაც ჩართულია შემოსავალში და ასევე, აღრიცხულია მოთხოვნებში. შემოწმების მიერ შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმებით სარგებლად განხილული და ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი 12%-ის ოდენობით და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31308 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი, კერძოდ: „სადაო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული სესხის ხელშეკრულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დასტურდება, რომ კომპანიას ბუღალტერიაში, გაცემულ სესხზე დარიცხული აქვს საპროცენტო სარგებელი, რომელიც ჩართულია შემოსავალში და ასევე აღრიცხულია მოთხოვნებში, აღნიშნულ ნაწილში უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებაროს შემცირებას“, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 31 იანვრის დასკვნაში დააფიქსირა, რომ „გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 12%-ის ოდენობით შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ჩანაწერების თანახმად, სესხზე დარიცხულია საპროცენტო სარგებელი, რაც ჩართულია შემოსავალში და ასევე, აღრიცხულია მოთხოვნებში.“ აუდიტის დეპარტამენტმა მხოლოდ 12%-ის სარგებელი გაიანგარიშა როგორც საშემოსავლო გადასახადით დაუბეგრავი თანხა, ხოლო საპროცენტო სარგებელი განსაზღვრა 20%-ის ოდენობით და დანარჩენი 8% დაბეგრა ისევ საშემოსავლო გადასახადით.
აღნიშნულ გაანგარიშებას არ ეთანხმება, ვინაიდან როდესაც კომპანიამ გასცა სესხი, სესხის საპროცენტო სარგებელი განსაზღვრა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე, აქედან გამომდინარე, კომპანიას არ დაურღვევია საგადასახადო კანონმდებლობა.
ვინაიდან ურთიერთობა ურთიერთდამოკიდებულ პირთან განსაზღვრა საბაზრო ფასებიდან გამომდინარე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს 2011 წლის ფინანსთა მინისტრის (წინა მთავრობის) ნორმატიული დოკუმენტით, ითხოვს შემოწმების შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 18.07.2023 წლის №17438 და 13.12.2023 წლის №31308 ბრძანებებით გადასახადის გადამხდელის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31308 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული სესხის ხელშეკრულების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დასტურდება, რომ კომპანიას ბუღალტერიაში, გაცემულ სესხზე დარიცხული აქვს საპროცენტო სარგებელი, რომელიც ჩართულია შემოსავალში და ასევე, აღრიცხულია მოთხოვნებში, აღნიშნულ ნაწილში უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31308 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 31 465 ლარით. ხოლო, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 31 იანვრის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 12%-ის ოდენობით. შემოწმების პროცესში წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ჩანაწერების თანახმად, სესხზე დარიცხულია საპროცენტო სარგებელი, რაც ჩართულია შემოსავალში და ასევე, აღრიცხულია მოთხოვნებში. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაანგარიშებით, შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმებით სარგებლად განხილული და ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი 12%-ის ოდენობით.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა მხოლოდ 12%-ის სარგებელი გაიანგარიშა როგორც საშემოსავლო გადასახადით დაუბეგრავი თანხა, ხოლო საპროცენტო სარგებელი განსაზღვრა 20%-ის ოდენობით და დანარჩენი 8% დაბეგრა ისევ საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულ გაანგარიშებას არ ეთანხმება, ვინაიდან როდესაც კომპანიამ გასცა სესხი, სესხის საპროცენტო სარგებელი განსაზღვრა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე, კომპანიას არ დაურღვევია საგადასახადო კანონმდებლობა, ვინაიდან ურთიერთობა ურთიერთდამოკიდებულ პირთან განსაზღვრა საბაზრო ფასებიდან გამომდინარე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს 2011 წლის ფინანსთა მინისტრის ნორმატიული დოკუმენტით, ითხოვს შემოწმების შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31308 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს შემოწმების შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს აქვს სალაროს მზარდი ნაშთი 2020 წლის მარტიდან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კი უფიქსირდება სალაროს ნაშთი.
ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის თანახმად, კომპანიის პარტნიორის მიერ პერიოდულად გატანილია თანხები, რომელიც ბრუნდება გარკვეული პერიოდულობით, ამასთან, ზოგჯერ კომპანიას აქვს დავალიანება პარტნიორის წინაშე.
აღნიშნულზე გადამხდელს სააღრიცხვო პროგრამაში უფიქსირდება გადასახდელი/მისაღები პროცენტების დარიცხვა, თუმცა დარიცხული პროცენტების დირექტორისგან მიღება/დირექტორისათვის გადახდა არ ფიქსირდება. სალაროს ყოველთვიური გონივრული ნაშთი, ხოლო არაგონივრული ნაშთი, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს გაიზარდა ან შემცირდა,ამავე კალენდარული თვის/თვეების არაგონივრული ნაშთის შესაბამისად,სესხზე გაანგარიშებული სარგებელი განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა. გადამხდელს ასევე დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31308 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
101(2-"ბ")