ბრძანება N 8587

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.04.2023
№ დოკუმენტი 8587
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8587

20.04.2023

შპს „----------------“ (ს/ნ --------------)

(მის.: ---------------------)

2022 წლის 27 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „---------------“ (ს/ნ -----------) 2022 წლის 27 დეკემბრის №77646/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №006-523 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ კომპანიას არ ეკრძალება ინდივიდუალური მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურების მიღება. გადამხდელი ითხოვს ინდივიდუალურ მეწარმეებზე გადახდილი თანხები ჩაითვალოს მიღებულ მომსახურებად და არ დაიბეგროს გადახდის წყაროსთან.

ფაქტების აღწერა:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 ივლისის №24273 ბრძანების საფუძველზე შპს „-----------“ (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 12 აპრილიდან 2021 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 18 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 29 ნოემბრის №29783 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-523 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 56 032 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 30 489 ლარი, ჯარიმა 15 152 ლარი და საურავი 10 391 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „------------“ მიერ შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან და ბანკიდან გაცემულია თანხები ფიზიკურ პირებზე სულ 92 780 ლარის ოდენობით შემდეგი დანიშნულებით: 1. თანხის გაცემა მომწოდებელზე, სადაც არ არის მითითებული მომწოდებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და არც შესაბამისი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი გადამხდელის მიერ; 2. „მომსახურების ანაზღაურება“ - ვერ ხერხდება ფიზიკური პირის იდენტიფიცირება, არც შესაბამისი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი გადამხდელის მიერ. ასევე, შემოწმების მიერ დაბეგრილია შპს „----------“ მიერ გაცემული მომსახურების ანაზღაურებები მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე, რომელთაც არ გააჩნიათ სპეც. ტექნიკა, რომელიც მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტებში, მცირე მეწარმის სტატუსი მინიჭებული აქვთ შპს „-----------გან“ თანხის მიღების შესაბამის თვეში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა დაქირავებით მუშაობად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაცემულია თანხები ფიზიკურ პირებზე დანიშნულებით „მომსახურების ანაზღაურება“. აღნიშნულ ოპერაციებზე ვერ ხერხდება ფიზიკური პირის იდენტიფიცირება. ამასთან, შპს „--------------“ მიერ გაცემულია მომსახურების ანაზღაურებები მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე, რომელთაც არ გააჩნიათ სპეც. ტექნიკა, რომელიც მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტებში. აგრეთვე, ამ პირებს მცირე მეწარმის სტატუსი მინიჭებული აქვთ შპს „--------------გან“ თანხის მიღების შესაბამის თვეში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სამუშაოს დამკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „-------------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების მიერ დაბეგრილია კომპანიის მიერ გაცემული მომსახურების ანაზღაურებები მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე, რომელთაც არ გააჩნიათ სპეც. ტექნიკა, რომელიც მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტებში, მცირე მეწარმის სტატუსი მინიჭებული აქვთ კომპანიისგან თანხის მიღების შესაბამის თვეში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა დაქირავებით მუშაობად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9)"ბ", 101(1), 154(1)"ა".