გადაწყვეტილება №25152/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25152/2/2025
20 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------------“ (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------ს“ 2.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №----/2/2025).
დავის საგანი:
წილის ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის კვალიფიკაციის ცვლილება და გაცემულ დივიდენდად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №006-597 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6288 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 790 617.16 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 406 769
დღგ - 1 720
მოგების გადასახადი - 313 467
საშემოსავლო გადასახადი - 91 582
ჯარიმა - 203 386
საურავი - 180 462.16
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხორცის შეძენა და რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26299 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს დამფუძნებლები 2019 წლის 20 სექტემბრიდან არიან შპს „-----------ი”, ------ძე, -------ი და ---------ძე. საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზით გამოვლინდა, რომ 2022 წლის 14 ივნისს შპს „--------ის” 100 %-იანი წილი შეიძინა შპს „------მა”. წილის რეალიზაცია მოხდა 2 250 000 ლარად. თითოეულ დამფუძნებელთან გაფორმებულია წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და თითოეული დამფუძნებლის წილის ღირებულება შეადგენს 562 500 ლარს. -----------თან გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით წილის ღირებულების გადახდა მყიდველმა განახორციელა ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ------თან გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით წილის ღირებულების ნაწილი - 387 500 ლარი - მყიდველმა გადაიხადა ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ხოლო დარჩენილი თანხა, ხელშეკრულების მიხედვით, უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 კალენდარულ დღეში. -------თან გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით წილის ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 კალენდარულ დღეში.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 ნაწილის, მე-19 მუხლის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 981 მუხლის პირველი ნაწილის, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის, 130-ე მუხლის პირველი ნაწილის, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ შპს „---------ის” მიერ შპს „-----------ის” წილის შეძენას არ გააჩნდა ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, იმდენად რამდენადაც საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს, შესაბამისად, წილების მფლობელთა ცვლილება არ ცვლის საერთო სურათს. აქედან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა შპს „---------დან” ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა. ------ის, ------ის და ------ის მიერ წილის რეალიზაციის სანაცვლოდ მიღებული თანხები, „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, ჩაითვალა დივიდენდის გაცემად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №27727 ბრძანება და №006-597 საგადასახადო მოთხოვნა. საწარმოს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 790 617.16 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 10 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 2 აპრილის №6288 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 აპრილის №6288 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-19, 97-ე, 981 , მე-8, 130-ე, 154- ე, 43-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები განამტკიცებს გადასახადებისგან თავის არიდების აღკვეთის ზოგად რეგულაციას, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, მხედველობაში არ იქნება მიღებული არცერთი გარიგება ან გარიგებათა ჯაჭვი, რომლის ძირითად ან ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს ისეთი საგადასახადო უპირატესობის მიღება, რომელიც ეწინააღმდეგება გამოსაყენებელი საგადასახადოსამართლებრივი ნორმების შინაარსს, და რომელიც, საქმესთან დაკავშირებით არსებული ყველა გარემოების გათვალისწინების შედეგად, არ მიიჩნევა ნამდვილად.
აქედან გამომდინარე, გადასახადებით დაბეგვრის მიზნისთვის, გარიგება ან გარიგებათა ჯაჭვი არ უნდა იქნას მიჩნეული ნამდვილად და, შესაბამისად, არ უნდა იქნას მიღებული მხედველობაში, თუ მისი განხორციელება არ არის განპირობებული რეალური ყოფითი ან კომერციული მიზეზებით, რომლებიც ასახავს გარიგების ნამდვილ ეკონომიკურ შინაარსს. ასეთ შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნას კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც შეესაბამება გარიგების მხარეთა რეალურ ნებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტებზე, რომლის მიხედვით, წილის მფლობელი პარტნიორები მოქმედებდნენ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე და 141-ე მუხლების შესაბამისად და სამეურნეო ოპერაციის მიზანს არ წარმოადგენდა 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტის დაბეგვრაზე დაწესებული საგადასახადო შეღავათის არამართლზომიერი გამოყენების მცდელობა. ასევე მიუთითებს, რომ დამფუძნებელ პარტნიორთა ნაწილის ურთიერთდამოკიდებულ პირებად განხილვას გავლენა არ უნდა ჰქონოდა სხვა პარტნიორებთან დადებულ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელებმა ისარგებლეს საგადასახადო კანონმდებლობის გარკვეული შეღავათით, ვინაიდან სამეურნეო ოპერაციის განხორციელების მომენტში სახეზე არ იყო 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტის დაბეგვრაზე დაწესებული შეღავათის (საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ვ.გ ქვეპუნქტი) არამართლზომიერი გამოყენების მცდელობა, რამეთუ კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორების ნაწილის ურთიერთდამოკიდებულ პირებად ცნობა ვერ ჩაითვლებოდა სხვა პარტნიორებთან განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობად და გავლენას ვერ მოახდენდა სამეურნეო ოპერაციის ეკონომიკურ შედეგებზე.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საწარმოს წილის მფლობელი პარტნიორები მოქმედებდნენ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე და 141-ე მუხლების შესაბამისად.
გარდა ამისა, შემოწმების აქტში დარიცხვის სამართლებრივ საფუძვლებში მითითებულია, რომ დარიცხვა მოხდა სამეურნეო ოპერაციის შემდგომ გამოცემული ნორმატიული აქტის ნორმების შესაბამისად (შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“), რომელიც ძალაში შევიდა 2022 წლის 1 აგვისტოდან.
მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, თუმცა დღემდე უცნობია აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესწავლა/გამოკვლევის შედეგები და მის საფუძველზე მომხდარი გადასახადების კორექტირებაზე გამოცემული ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არამართებულია საწარმოზე გადასახადების და მითუმეტეს ჯარიმების დარიცხვა მომჩივნისთვის უცნობი და ხელმიუწვდომელი ინფორმაციიდან გამომდინარე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა.
შემოწმების აქტის მიხედვით, შპს „---------ის“ დამფუძნებლები არიან შპს „--------ი”, -------ძე,------ი და -------ძე. შემოწმებით გამოვლინდა, რომ კომპანიის 100%-იანი წილი შეიძინა შპს „-------ა“. მიჩნეულ იქნა, რომ შპს „------ის” მიერ შპს „-------ის” წილის შეძენას არ გააჩნდა ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, იმდენად რამდენადაც საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს, შესაბამისად, წილების მფლობელთა ცვლილება არ ცვლიდა საერთო სურათს. აქედან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა შპს „------დან” ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა. წილის რეალიზაციის სანაცვლოდ მიღებული თანხები, „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, ჩაითვალა დივიდენდის გაცემად.
შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
წილის ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის კვალიფიკაციის ცვლილება და გაცემულ დივიდენდად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №26299 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს ყავს 4 დამფუძვნებელი.საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზით გამოვლინდა, რომ 2022 წლის 14 ივნისს საწარმომ 100 %-იანი წილი გაასხვისა. წილის რეალიზაცია მოხდა 2 250 000 ლარად. თითოეულ დამფუძნებელთან გაფორმებულია წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და თითოეული დამფუძნებლის წილის ღირებულება შეადგენს 562 500 ლარს. წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით წილის ღირებულების გადახდა 2 დამფუძვნბელან მყიდველმა განახორციელა ხელშეკრულების ხელმოწერამდე,ხოლო დარჩენილი თანხა ხელშეკრულების მიხედვით, უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 კალენდარულ დღეში.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 ნაწილის, მე-19 მუხლის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 981 მუხლის პირველი ნაწილის, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის, 130-ე მუხლის პირველი ნაწილის, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ წილის ახალი მფლობელის მიერ მომჩივანის წილის შეძენას არ გააჩნდა ეკონომიკური გავლენა ან/და სამეურნეო შინაარსი, იმდენად რამდენადაც საწარმოები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ და საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ პირებს, შესაბამისად, წილების მფლობელთა ცვლილება არ ცვლის საერთო სურათს. აქედან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ოპერაციების მიზანს წარმოადგენდა ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანა. დამფუძვნებლების მიერ წილის რეალიზაციის სანაცვლოდ მიღებული თანხები, „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, ჩაითვალა დივიდენდის გაცემად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №27727 ბრძანება და №006-597 საგადასახადო მოთხოვნა. საწარმოს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 790 617.16 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №6288 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19 (1); 73(4.6 .9 „ბ“ ); 981(1); 130(1); 154(1 „ზ“);