გადაწყვეტილება №18405/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18405/2/2022
10.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 8.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18405/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 6 აპრილის №10164 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №001-134 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 ნოემბრის №29188 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 276 627 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 135 149
დღგ - 73 653
საშემოსავლო გადასახადი - 61 496
ჯარიმა - 67 711
საურავი - 73 767
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა სურსათით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 დეკემბრის №30828 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 23 დეკემბრის №38478 ბრძანება და 24 დეკემბრის №001-393 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 30 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2021 წლის 6 აპრილის №10164 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:
- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მასალები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წინა პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 6 აპრილის №10164 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 8.10.2021 წლის №12843/2/2021 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების და მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მონაცემების ანალიზი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 6 აპრილის №10164 ბრძანების და დავების განხილვის საბჭოს 8.10.2021 წლის №12843/2/2021 გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2022 წლის დასკვნა, 19.07.2022 წლის №19197 ბრძანება და №001-134 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 122 328 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 276 627 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 6 აპრილის №10164 ბრძანების აღსრულების ნაწილში 2022 წლის 11 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 22 ნოემბრის №29188 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს, რადგანაც არ ასახავს სრულყოფილ მონაცემებს და არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე.
საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით უნდა შემცირებულიყო მეტი თანხა.
საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიაში, რომელიც მდებარეობდა „----------“, სადაც არის უამრავი მსგავსი მაღაზია და არის დიდი კონკურენცია, რის გამოც რეალიზებული საქონლის ფასნამატი იყო 4-7პროცენტი, რამაც გამოიწვია საწარმოს ზარალზე გასვლა და იძულებული გახდა შეეწყვიტა ფუნქციონირება.
მაღაზიაში ყველა პროდუქტზე აღნიშნული იყო სარეალიზაციო ფასი, რითიც დასტურდებოდა, რომ ფასნამატი შეადგენდა 4-7 პროცენტს.
გაუგებარია თუ საიდან გაიანგარიშა შემმოწმებელმა აქტით დაფიქსირებული ფასნამატი. როგორც აქტშია მითითებული შემოწმებელმა მოახდინა მსგავსი საქმიანობის განმახორციებელი პირის აუდიტის დეპარტამენტში ჩატარებული საგადასახადო შემოწმებისას დაფიქსრებული ფასნამატის გავრცელება, რაც არასწორია, რადგან ფასნამატის სხვაობა დამოკიდებულია სავაჭრო ობიექტის ადგილმდებარეობასა და კონკურენციაზე, რაც არ იქნა გათვალისწინებული შემმოწმებლის მიერ დასკვნის შედგენის და საჩივრის განხილვის დროს.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის 53-ე, 601 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 6 აპრილის №10164 ბრძანებით:
- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მასალები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წინა პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა დამატებითი ინფორმაციის სახით აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა რამდენიმე ექსელის ცხრილი, რომელიც შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს, რადგანაც არ ასახავს სრულყოფილ მონაცემებს და არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე.
აღსანიშნავია, რომ საბჭოს 8.10.2021 წლის №12843/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, საწარმოს შეუმცირდა დარიცხული თანხა 122 328 ლარით.
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.