ბრძანება N 32690
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 32690
25 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 13 ნოემბრის საჩივარის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 13 ნოემბრის №84994/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №006-521 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. ფულადი სახსრების სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს 2021 წლის თებერვლის თვეში რეალიზებული აქვს კომერციული ფართი, საიდანაც მიღებული თანხა საწარმოს დამფუძნებელს გატანილი აქვს და შემცირებული საწარმოს მის მიმართ არსებული ვალდებულება (ბანკის გადახდის ქვითარშიც მიზნობრობად მითითებულია კაპიტალის შემცირება -------). აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა აღნიშნული გათვალისწინებული კაპიტალის შემცირებად და 199 590 ლარი დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. მიუთითებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენს წინა პერიოდის დოკუმენტებს და კაპიტალში შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რაც დაადასტურებს ზემოაღნიშნული თანხის საწარმოს დამფუძნებლის მიმართ ვალდებულებას. გადამხდელი ითხოვს დაბრუნებული თანხებით (გატანილი კაპიტალის თანხით) საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
2. გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს 2016 წელს ფ/პ ------- (პ/ნ -------) და ფ/პ ------- (პ/ნ -------) გაფორმებული აქვს წინარე ხელშეკრულებები. საწარმოს აღნიშნული პირებისგან ავანსის თანხა მიღებული აქვს 2016 წელს, ხოლო აღნიშნული პროექტის მშენებლობა დამთავრებულია 2017 წელს სრულად და შესაბამისად ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა პირობა შესრულებულია მხარეებთა მიერ. გადამხდელი აცხადებს, რომ საწარმოს მიერ რეალიზებული ბინების გადაფორმება საჯარო რეესტრში მოხდა გვიან 2019 წელს. შემოწმების მიერ აღნიშნული ბინების დაბეგვრა განხორციელდა 2019 წელს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის ნორმებს, რადგანაც აღნიშნული ბინების დაბეგვრის პერიოდს წარმოადგენს არაუგვიანეს 2017 წელი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13971 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ 405083877) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13971 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 28 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 29 283 ლარი, მათ შორის: გადასახადი 19 522 ლარი, ჯარიმა 9 761 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 13 ოქტომბრის №006-521 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა 2015-2017 წლების განმავლობაში დამფუძნებლის მიერ ბანკში მხოლოდ შეტანილი თანხების შესახებ ინფორმაცია. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმებისთვის უცნობია და არ არის წარდგენილი წინა საანგარიშო პერიოდში დამფუძნებლის მიერ შეტანილი და გატანილი თანხების შესახებ სრული ინფორმაცია (მ.შ საბუღალტრო აღრიცხვა, ინფორმაცია ნაშთების შესახებ, საბანკო ამონაწერი და სხვა), არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იძლევა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირების (შემცირების) საფუძველს.
გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება, ახსნა-განმარტება სესხის გაცემასა და შემდგომში დაფარვასთან დაკავშირებით) შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ გადამხდელს 2019 წლის 2 მაისს ფ/პ ------- აღებული აქვს სესხი (59 600 ლარი) წლიური 30%-იანი საპროცენტო განაკვეთით. აღნიშნული სესხის ძირითადი თანხა და შესაბამისი პროცენტი (29 600 ლარი) დაბრუნებულია 2020 წლის 29 დეკემბერს. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13971 ბრძანების შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირება, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა შემცირდა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ოდენობით. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისი თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის პერიოდის შესაბამისად, ხოლო სხვაობა გადახდილი პროცენტის თანხასა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამის ოდენობას შორის დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე საწარმოს დამფუძნებლის მიერ თანხის გატანასთან და საწარმოს მის მიმართ არსებული ვალდებულების შემცირებასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა 2015-2017 წლების განმავლობაში დამფუძნებლის მიერ ბანკში მხოლოდ შეტანილი თანხების შესახებ ინფორმაცია. ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი წინა საანგარიშო პერიოდში დამფუძნებლის მიერ შეტანილი და გატანილი თანხების შესახებ სრული ინფორმაცია (მ.შ ბუღალტრული აღრიცხვა, ინფორმაცია ნაშთების შესახებ, საბანკო ამონაწერი და სხვა), საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება
1.ფულადი სახსრების სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას
2.დღგ-თი დაბეგვრის პერიოდს
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13971 ბრძანების შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირება. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 13 ოქტომბრის №006-521 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ გადამხდელს აღებული აქვს სესხი წლიური 30%-იანი საპროცენტო განაკვეთით. აღნიშნული სესხის ძირითადი თანხა და შესაბამისი პროცენტი დაბრუნებულია. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის №13971 ბრძანების შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირება, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა შემცირდა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ოდენობით. ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისი თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის პერიოდის შესაბამისად, ხოლო სხვაობა გადახდილი პროცენტის თანხასა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამის ოდენობას შორის დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 131(1); 304(21)