ბრძანება N 12573
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12573
17 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----)
(მის.: ქ. თბილისი, ----- ქ. N --)
2025 წლის 28 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 13 ივნისის სხდომაზე (ოქმი N 49) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N -----/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 2 მაისის N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ რეალურად აგზავნიდა ლითონის ლაზერული საჭრელის დანადგარის საჭრელ თავს - BLT421S. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა და ინვოისები შედგენილი იყო BLT421-ზე. „S“ გამორჩენილ იქნა დასახელებაში და ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით შედგა ინვოისიც „S“-ის გარეშე.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 23 აპრილს შპს „------“ (ს/ნ ------) მიერ N -----/C----- საბაჟო დეკლარაციით ექსპორტის პროცედურაში დადეკლარირდა, ჩინეთის სახალხო რესპულიკაში გასაგზავნი, 100 აშშ დოლარის საბაჟო ღირებულების 1 ერთეულ ლითონის ლაზერული საჭრელი აპარატის თავი (მოდელი: Laser Cutting Head BLT421- FIBER LASER CUTTING MACHINE MDF6015-6000W). აღნიშნულ საქონელზე შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული იყო ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა N GE/DU/2025EXP-----. მითითებული დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“.
გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დეკლარირებული საქონლის ნაცვლად, აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი – 1 ერთეული ლითონის ლაზერული საჭრელი აპარატის თავი (მოდელი: Laser Cutting Head BLT 421S8KW).
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2025 წლის 2 მაისის N -----/2025 დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 1070.4 აშშ დოლარი (2942.21 ლარი).
ვინაიდან შპს „-----“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის მცდელობას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 2 მაისს შედგენილ იქნა N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ -----) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2942.21 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
შპს „-----“ 2025 წლის 13 აპრილის N -----/21-10-20 განცხადების საფუძველზე გაუქმდა N -----/C----- საბაჟო დეკლარაცია.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ N -----/C----- საბაჟო დეკლარაციით ექსპორტის პროცედურაში დადეკლარირდა, ჩინეთის სახალხო რესპულიკაში გასაგზავნი, 100 აშშ დოლარის საბაჟო ღირებულების 1 ერთეულ ლითონის ლაზერული საჭრელი აპარატის თავი (მოდელი: Laser Cutting Head BLT421- FIBER LASER CUTTING MACHINE MDF6015-6000W), რაზეც შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული იყო ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა.
დადგენილია ასევე, რომ საბაჟო შემოწმებისას განხორციელებული საქონლის დათვალიერების შედეგად, დეკლარირებული საქონლის ნაცვლად, აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი – 1 ერთეული ლითონის ლაზერული საჭრელი აპარატის თავი (მოდელი: Laser Cutting Head BLT 421S8KW).
შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საბაჟო შემოწმებისას განხორციელებული საქონლის დათვალიერების შედეგად, დეკლარირებული საქონლის ნაცვლად, აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი – 1 ერთეული ლითონის ლაზერული საჭრელი აპარატის თავი. მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა
გადაწყვეტილება:
მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის ფაქტს, ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 168.