გადაწყვეტილება №22410/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 22410/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22410/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 29.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22410/2/2024).

 

დავის საგანი:

---------- კომპანიაზე გადახდილი ავანსის გაცემულ სესხად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №064-24 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2646 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 3 292 501,6 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 2 086 979

ჯარიმა - 1 043 490

საურავი - 162 032,6

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ქალის საცვლების წარმოება.

აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმო ახორციელებს ---------- ნედლეულის იმპორტს, შემდეგ საქონლის წარმოებას და ექსპორტს ნედლეულის მომწოდებელ ----------კომპანიებზე. საანალიზო პერიოდის ბოლოსთვის, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ამ კომპანიებზე როგორც მოთხოვნა (9 მლნ.) ასევე გადახდილი ავანსები (11 მლნ). პირის განცხადებით იგეგმება ფაბრიკის მშენებლობა, რისთვისაც მასალის შემოტანას ---------- აპირებენ, თუმცა აღნიშნული კომპანიები საქმიანობენ ქსოვილის რეალიზაციით. ამასთან, გადამხდელს აღებული აქვს სესხი დამფუძნებლისგან (1,2 მლნ ლარის ოდენობით). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ----------კომპანიებზე გადახდილი ავანსები ჩაითვალა გაცემულ სესხად. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლით მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია არარეზიდენტზე სესხის გაცემა. შემოწმებით მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №064-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2646 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2024 წლის 25 იანვარს 15:00 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 97-ე, 982 , 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საანალიზო პერიოდის ბოლოსთვის, გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტ კომპანიებზე უფიქსირდება, დებიტორული დავალიანება (9 მილიონი ლარი), ასევე, ამავე კომპანიებზე საწარმოს გადახდილი აქვს ავანსები (11 მილიონი ლარი). აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, მსჯელობა, რომ კომპანიას უფიქსირდება დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, არ არის სწორი, ვინაიდან ---------- არარეზიდენტ კომპანიებს აქვთ 9 მილიონი ლარის დავალიანება შპს „----------“ მიმართ. აღნიშნულის მიუხედავად, შპს „----------“ ამავე არარეზიდენტ კომპანიებზე ავანსის სახით გადახდილი აქვს 11 მილიონი ლარი. შესაბამისად, ორივე ოპერაცია წარმოადგენს მოთხოვნას და ვერ იქნება ერთმანეთში გაქვითული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ ---------- კომპანიებზე გადახდილი ავანსები ჩაითვალა გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტშივე არის მითითებული, რომ არარეზიდენტ კომპანიასთან საწარმოს გააჩნია როგორც მოთხოვნები 9 მლნ ლარის ოდენობით, ასევე ვალდებულებები 11 მლნ ლარის ოდენობით, ასევე კომპანიას აქვს აღებული სესხი 1,2 მლნ ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია და ლოგიკას არის მოკლებული, რაზე დაყრდნობით ჩათვალა შემმოწმებელმა არარეზიდენტზე გადარიცხული თანხები 11 მლნ ლარის ოდენობით მასზე გაცემულ სესხად, იმ პირობებში, როცა საწარმოს აღნიშნული არარეზიდენტის მიმართ გააჩნია მოთხოვნა 9 მლნ ლარის ოდენობით, გაუგებარია რატომ არ მოხდა მოთხოვნა-ვალდებულებების ურთიერთგაქვითვა, ანუ შემმოწმებელთა ლოგიკით გამოდის, რომ არარეზიდენტი პირი კომპანიას გადაუხდის 9 მლნ ლარს, რაც ბუნებრივია აბსურდია და აღნიშნული არც შემოწმების პროცესში და არც მის შემდგომ ბუნებრივია არ განხორციელდება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმო ახორციელებს ---------- ნედლეულის იმპორტს, საქონლის წარმოებას და ექსპორტს ნედლეულის მომწოდებელ ---------- კომპანიებზე. საანალიზო პერიოდის ბოლოსთვის, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ამ კომპანიებზე როგორც მოთხოვნა (9 მლნ.) ასევე გადახდილი ავანსები (11 მლნ).

აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2024 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელის მსჯელობა, რომ კომპანიას უფიქსირდება დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები არ შეესაბამება სისწორეს, ვინაიდან ---------- არარეზიდენტ კომპანიებს აქვთ 9 მლნ ლარის დავალიანება მომჩივნის მიმართ. აღნიშნულის მიუხედავად, მომჩივანს უფიქსირდება ამავე კომპანიებზე 11 მლნ ლარის გადახდილი ავანსები. შესაბამისად ორივე ოპერაცია წარმოადგენს მოთხოვნას და ვერ იქნება ერთმანეთში გაქვითული.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულ მომჩივნის განმარტებაზე, რომ იგეგმება ფაბრიკის მშენებლობა, რისთვისაც მასალის შემოტანას ---------- აპირებენ. საბჭო აღნიშნავს, რომ აღნიშნულის თაობაზე მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ---------- კომპანიებისთვის გადარიცხული თანხის სესხად დაკვალიფიცირება მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

უცხოურ კომპანიაზე გადახდილი ავანსის გაცემულ სესხად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმო ახორციელებს უცხოეთიდან ნედლეულის იმპორტს, საქონლის წარმოებას და ექსპორტს ნედლეულის მომწოდებელ უცხოურ კომპანიებზე. საანალიზო პერიოდის ბოლოსთვის, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ამ კომპანიებზე როგორც მოთხოვნა (9 მლნ.) ასევე გადახდილი ავანსები (11 მლნ). აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2024 წლისწერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელის მსჯელობა, რომ კომპანიას უფიქსირდება დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები არ შეესაბამება სისწორეს, ვინაიდან უცხოურ არარეზიდენტ კომპანიებს აქვთ 9 მლნ ლარის დავალიანება მომჩივნის მიმართ. აღნიშნულის მიუხედავად, მომჩივანს უფიქსირდება ამავე კომპანიებზე 11 მლნ ლარის გადახდილი ავანსები. შესაბამისად ორივე ოპერაცია წარმოადგენს მოთხოვნას და ვერ იქნება ერთმანეთში გაქვითული.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულ მომჩივნის განმარტებაზე, რომ იგეგმება ფაბრიკის მშენებლობა, რისთვისაც მასალის შემოტანას უცხოეთიდან აპირებენ. საბჭო აღნიშნავს, რომ აღნიშნულის თაობაზე მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, უცხოური კომპანიებისთვის გადარიცხული თანხის სესხად დაკვალიფიცირება მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“); 275;