გადაწყვეტილება №20497/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20497/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20497/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 7.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20497/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატის გამოყენებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №028-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №17646 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 210 481,71 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 129 841

დღგ - 70 242

საშემოსავლო გადასახადი - 59 599

ჯარიმა - 62 596

საურავი - 18 044,71

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 13 იანვრიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურის მიზნებისათვის 2023 წლის 13 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ არის. ნაშთად რიცხული, შეძენილი, რეალიზებული სმფ-ები არ არის აღრიცხული საქონლის სახეობების და რაოდენობების მიხედვით, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საწყისი, შეძენილი, რეალიზებული და ნაშთად არსებულ სმფ-ები დაყოფილი იქნა 227 (ორას ოცდაშვიდი) ჯგუფად. სმფ-ების ფაქტიური ნაშთის დადგენა განხორციელდა 2023 წლის 13 მარტს N4612 ბრძანებით საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით. ჯგუფებზე (კატეგორიებზე) გავრცელებული ფასნამატი განისაზღვრა ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით (ვინაიდან ინვენტარიზაცია ჩატარდა 2023 წელს, ფასნამატები განისაზღვრა მხოლოდ 2023 წელს შეძენილ სმფ-ების მიხედვით). შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, პირს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილს №8290 ბრძანება და ამავე თარიღის №028-5 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17646 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ფასნამატის დადგენა და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/ მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას მართლაც არ აქვს ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვა სრულყოფილად და მართებულად მიაჩნია საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა, თუმცა იმისათვის, რომ სამართლიანად იქნას გაანგარიშებული ფასნამატი სარეალიზაციო საქონელზე და ამის მიხედვით იქნას გაანგარიშებული მისაღები შემოსავალი. წარმოადგენს მისი გაანგარიშების მეთოდს. კერძოდ, ფასნამატი იმ შეძენილ საქონელზე რომელზედაც დადგენილია ფასნამატი ინვენტარიზაციის შესაბამისად განსაზღვრული უნდა იქნას ინვენტარიზაციის ფასნამატის შესაბამისად. იმ საქონელზე, რომელზედაც არ არსებობს ინვენტარიზაციის ფასნამატი, თუმცა არის რეალიზებული სასაქონლო ზედნადებით, ფასნამატი განისაზღვროს სასაქონლო ზედნადებით დაფიქსირებული ფასიდან გამომდინარე, ხოლო ისეთ სარეალიზაციო საქონელზე, რომელზედაც არც ინვენტარიზაციის ფასნამატია დადგენილი და არც სასაქონლო ზედნადებითაა რეალიზებული ფასნამატი განისაზღვროს გაანგარიშების საშუალო ფასნამატის დათვლის მეთოდით. აღნიშნული მეთოდით ფასნამატი შემდეგნაირად იქნება გაანგარიშებული - ინვენტარიზაციით და ზედნადებით რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო თანხა შედარებული იქნას ზემოთ აღნიშნული შემოსავლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებასთან (რპთ). ამავე დროს ზოგადად ნებისმიერი ფასნამატი გავრცელებული იქნას მხოლოდ სხვაობის ნაშთზე (ანუ 100 შეძენილი ერთეულიდან, თუ 2 გაყიდულია ზედნადებით ინვენტარიზაციის ფასნამატი გავრცელდეს დარჩენილ 98 ერთეულზე).

ზემოთ აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატი მისცემს უფრო მეტად მიახლოებულ მდგომარეობას რეალურად განხორციელებულ ფაქტებთან დაკავშირებით.

ზემოთ აღნიშნული მეთოდით მის მიერ შედარებული იქნა 375 დასახელების საქონელი და მასზე იქნა გავრცელებული ზემოთ აღნიშნული მეთოდით გამოყვანილი ფასნამატი, მაშინ როცა ინვენტარიზაცია ჩატარებულია მხოლოდ 52 დასახელების საქონელზე. კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაანგარიშების ეს მეთოდი ბევრად უფრო სრულყოფილია და მოიცავს აბსოლუტურად ყველა შეძენას და რეალიზაციას.

ამავე დროს აღნიშნული მეთოდით დაანგარიშებული შემოსავალი მისცემს როგორც დღგ-ით ასევე საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ობიექტების ცვლილებას, რომლის შესაბამისადაც შეიცვლება, როგორც დარიცხული ძირითადი გადასახადი, ასევე მასზე დარიცხული ჯარიმა და საურავი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მისი თხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ივლისის №17646 ბრძანება და მოხდეს მათი გადაანგარიშება შესაგებელში განხილული საკითხის შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის და ფასნამატის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ საწყისი, შეძენილი, რეალიზებული და ნაშთად არსებულ სმფ-ები დაყოფილი იქნა 227 (ორას ოცდაშვიდი) ჯგუფად. სმფ-ების ფაქტიური ნაშთის დადგენა განხორციელდა 2023 წლის 13 მარტს N4612 ბრძანებით საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით. ჯგუფებზე (კატეგორიებზე) გავრცელებული ფასნამატი განისაზღვრა ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით (ვინაიდან ინვენტარიზაცია ჩატარდა 2023 წელს, ფასნამატები განისაზღვრა მხოლოდ 2023 წელს შეძენილ სმფ-ების მიხედვით).

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 29.08.2023 წლის №----------21-14 წერილის მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმებით ფასნამატი განისაზღვრა სწორედ ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით, კერძოდ ინვენტარიზაციის მასალებში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასების და შეძენის დოკუმენტებში (სასაქონლო ზედნადებებში) დაფიქსირებული ფასების ურთიერთ შედარებით. ვინაიდან გადასახადის გადამხდელი ძირითადად საბითუმო რეალიზაციას ეწევა, ინვენტარიზაციის მასალებში დაფიქსირებული საცალო სიგარეტის სარეალიზაციო ღირებულების მიხედვით დადგენილი ფასნამატი მეტი ობიექტურობისათვის შემოწმებით არ იქნა გამოყენებული საშუალო ფასნამატის გაანგარიშებისას (ფასნამატები გაანგარიშებული იქნა მხოლოდ ბლოკებზე), ასევე ვინაიდან ინვენტარიზაცია ჩატარდა 2023 წელს, ფასნამატები განისაზღვრა მხოლოდ 2023 წელს შეძენილ სმფ-ების მიხედვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატის გამოყენებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის და ფასნამატის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ საწყისი, შეძენილი, რეალიზებული და ნაშთად არსებულ სმფ-ები დაყოფილი იქნა 227 (ორას ოცდაშვიდი) ჯგუფად. სმფ-ების ფაქტიური ნაშთის დადგენა განხორციელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით. ჯგუფებზე (კატეგორიებზე) გავრცელებული ფასნამატი განისაზღვრა ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით (ვინაიდან ინვენტარიზაცია ჩატარდა 2023 წელს, ფასნამატები განისაზღვრა მხოლოდ 2023 წელს შეძენილ სმფ-ების მიხედვით). შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი წერილის მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმებით ფასნამატი განისაზღვრა სწორედ ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით, კერძოდ ინვენტარიზაციის მასალებში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასების და შეძენის დოკუმენტებში (სასაქონლო ზედნადებებში) დაფიქსირებული ფასების ურთიერთ შედარებით. ვინაიდან გადასახადის გადამხდელი ძირითადად საბითუმო რეალიზაციას ეწევა, ინვენტარიზაციის მასალებში დაფიქსირებული საცალო სიგარეტის სარეალიზაციო ღირებულების მიხედვით დადგენილი ფასნამატი მეტი ობიექტურობისათვის შემოწმებით არ იქნა გამოყენებული საშუალო ფასნამატის გაანგარიშებისას (ფასნამატები გაანგარიშებული იქნა მხოლოდ ბლოკებზე), ასევე ვინაიდან ინვენტარიზაცია ჩატარდა 2023 წელს, ფასნამატები განისაზღვრა მხოლოდ 2023 წელს შეძენილ სმფ-ების მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5).