ბრძანება N 3961
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3961
02.03.2023
ფ/პ "-------" (პ/ნ ------- )
(მის: "------" )
2023 წლის 6 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა ფ/პ "-------" (პ/ნ --------) №21298/21 საჩივარი, რომელიც ეხება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 20 იანვრის №21-17/3857 გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი განმარტავს, რომ მის მიერ 2023 წლის 9 იანვარს შეტანილ იქნა განცხადება №1275/01 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე, რაზეც 2023 წლის 20 იანვარს მიიღო №21-17/3857 წერილი, რომლითაც მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული მუხლის გათვალისწინებით არაერთხელ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რათა მიეღო გადაწყვეტილება სამჯერ მეტი ქონების უზრუნველყოფის გაღმა არსებულ ქონებაზე გაეთავისუფლებინა შეზღუდვისგან, მაგრამ ყოველ ჯერზე შემოსავლების სამსახურის მხრიდან უარი ეთქვა ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 სექტემბრის №006-45189 შეტყობინების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე მის ყველა ქონებაზე წარმოშობილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. მთელ ქონებაზე გირავნობის გავრცელება კი აფერხებს მის საქმიანობას და აღნიშნული ქონებით სარგებლობას, რაც მიაჩნია, რომ გარკვეულწილად არის კერძო საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვა. ამასთან, გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების ნაწილი არის გამოსყიდვის უფლებით და უნდა დაუბრუნდეს მეპატრონეებს საკუთრებაში.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, ფ/პ "-------" (პ/ნ -------) 2022 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 417316.84 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, 2022 წლის 9 სექტემბრის №006-45189 შეტყობინებით ფ/პ "-------" (პ/ნ -------- ) მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
ფ/პ "------" (პ/ნ "-------" ) მიერ ვალის მართვის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა 2023 წლის 9 იანვრის №1275/01 განცხადება, რომლითაც გადამხდელი ქონების ნაწილზე ითხოვდა გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
გადამხდელის მოთხოვნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებელს პასუხი ეცნობა ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 20 იანვრის №21-17/3857 წერილით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) გადამხდელს ერიცხება საგადასახადო დავალიანება 446910.17 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილით, ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს:
ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით;
ბ) ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, ამ კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება არ შეიძლება გააუქმოს საგადასახადო ორგანოს უფროსმა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მიზნით პირის ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებას, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევაში მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ "------" (პ/ნ -------- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.