გადაწყვეტილება №84061/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.01.2024
№ დოკუმენტი 84061/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 84061/1/2023

10 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 16.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №84061/1/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 6.04.2023 წლის №18969/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის №006-458 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 4 540 648,65 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 2 378 837

მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 3 288

მოგების გადასახადი - 115 657

საშემოსავლო გადასახადი - 2 259 892

ჯარიმა - 1 356 846

საურავი - 804 965,65

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი.

კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ----------- ექსპორტი --------- და ---------. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით უფიქსირდება მზარდი დებიტორული დავალიანება. უცხოურ კომპანიებთან უფიქსირდება სულ 11 247 742 ლარის დებიტორული დავალიანების ნაშთი. -------- კომპანიებზე რეალიზებული პროდუქციის ღირებულება ნაწილობრივ გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით და კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვით. ხოლო, --------- კომპანიებისაგან თანხების ჩარიცხვა საზოგადოებას არ უფიქსირდება. პერიოდულად ხდება ანგარიშსწორება ნაღდი ანგარიშსწორებით. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ კომპანიის დებიტორებს, რასაც გადასახადის გადამხდელი ადასტურებს წერილობითი განმარტებით. მოთხოვნილი ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე ვერ დგინდება აღნიშნული დებიტორული დავალიანების რეალურობა, ვინაიდან შედარების აქტის ხელის მომწერი პირების უფლებამოსილება დებიტორი ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე არ დასტურდება, შესაბამისად შემოწმებით აღნიშნული ფულადი საშუალებები ჩაითვალა შესაბამისი წლის და შემოწმების ბოლოს მიღებულად და განხილულია ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით განაცემად.

საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული განაცემი დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №006-525 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2296 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 6.04.2023 წლის №18969/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2296 ბრძანება. მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შემოწმების შედეგად მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების კომპანიისთვის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების მომჩივნისთვის შემდგომ პერიოდში გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 6.04.2023 წლის №18969/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების საფუძველზე შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა (შემცირდა). კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების მომჩივნისთვის შემდგომ პერიოდში გადახდის ნაწილში, ახსნა-განმარტების და დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გადამხდელმა ვერ დაადასტურა, რომ აღნიშნული დებიტორული დავალიანებები ან მისი ნაწილი შემდგომ პერიოდში იქნა გადახდილი, ვინაიდან მის მიერ წარმოდგენილი ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის პარალელურად აღნიშნულ დებიტორებს პერიოდულად აწვდის დამატებით საქონელს, ხოლო დებიტორული დავალიანება უცვლელი რჩება, შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებით განსაზღვრული დარიცხვის კორექტირება არ განხორციელებულა.

აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 12.09.2023 წლის №006-458 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ძირითადი მყიდველები არიან ---------- რესპუბლიკისა და --------- რეზიდენტი კომპანიები. მათ უმეტესობასთან კომპანიას აკავშირებს გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობა და ამ პერიოდში ჩამოყალიბდა გარკვეული საქმიანი მიდგომები, ურთიერთნდობის ფაქტორი გაძლიერდა, რაც აისახა მათ მიერ რიგ შემთხვევებში პროდუქციის შესაძენად ავანსის გადახდებში, კომპანიის მხრიდან კი მიწოდებული პროდუქციის საფასურის შედარებით მოგვიანებით გადახდის შეღავათის მიცემაში. ეს უკანასკნელი კი, განსაკუთრებით --------- რეზიდენტ კომპანიებთან, საქმის წარმოების შეუცვლელი ფაქტორია, მათ მიერ ანგარიშსწორება ძირითადად წარმოებს ნაღდი ფორმით. დებიტორული და კრედიტორული დავალიანება საქმიანი ურთიერთობის გრძელ დისტანციაზე მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობის თანმხლები ფაქტორია.

ხსენებული დებიტორული დავალიანების რეალობის მტკიცებულების მოსაპოვებლად, რაც კომპანიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, გადაიდგა სხვადასხვა ქმედითი ნაბიჯი, შეგროვდა სათანადო ინფორმაცია, ვინაიდან არსებული რეალური დებიტორული დავალიანების შემდგომი დაფარვისას ხსენებული თანხა (მისი განაწილება) მეორედ დაბეგვრის ობიექტი გახდება. არსებული დებიტორული დავალიანება ცვალებადია მოცულობაში, ბოლო დროს ძირითადად კლებადი. დავალიანება გამოწვეულია სხვადასხვა ობიექტური ფაქტორებით (ქვეყნის ემბარგო, პანდემია და სხვა). შესაბამისად წარმოიშვა კრედიტორული დავალიანება, რის დასაფარად კომპანიამ მიმართა ბანკს და სესხის მეშვეობით დაიფარა იგი, ეს გახლავთ დროებითი ღონისძიება, თავისთავად ეს ფაქტი დამატებით მძიმე ტვირთად დააწვა საწარმოს (ბანკისათვის გადასახდელი პროცენტი), რაც არარეალური დებიტორული დავალიანების პირობებში ნაკლებად ლოგიკურია.

1.03.2022 წლის მდგომარეობით არსებული არარეზიდენტი კონტრაგენტების ნაწილთან, რომელთაც გააჩნდათ დებიტორული დავალიანებები, გარკვეული პერიოდით შეჩერებული იყო ეკონომიკური ურთიერთობები სხვადასხვა მიზეზის გამო (მაგ. სახელმწიფო ემბარგო), თუმცა აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებთან დღემდე არსებობს ურთიერთობა, რაც აისახება მათ მიერ ეტაპობრივად თანხის შემოტანით, ძირითადად სალაროში შემოსავლის ორდერებით, ნაღდი ანგარიშსწორებებიც განპირობებულია სანქციებიდან გამომდინარე (დანართი), რითაც მცირდება საგადასახადო შემოწმების დასრულების პერიოდისათვის არსებული დებიტორული დავალიანება. ხსენებული კონტრაგენტები არიან:

1.------------

2. ------------

3. ------------

4. ------------

5. ------------

6. ------------

7.------------

რაც შეეხება აუდიტის შეფასებას იმ ნაწილში, რომ თითქოს კომპანია „პარალელურად აღნიშნულ დებიტორებს პერიოდულად აწვდის დამატებით საქონელს, ხოლო დებიტორული დავალიანება უცვლელი რჩება“, არასწორია, რადგან ზემო აღნიშნული კომპანიებიდან 1.03.2022 წლიდან 10.10.2023 წლამდე მიწოდება და შესაბამისად თანხის გადახდები ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ - „------------“-სთან და მასთან თუ რამე ნაშთი იქნება, ვალი თუ ავანსი, ეს არის სამუშაო ნაშთები, რომელიც დღემდე მიმდინარეობს, რაც დასტურდება საბაჟო დეკლარაციებით, საბანკო ტრანზაქციებით, შემოსავლის ორდერებით ან/და სამმხრივი გაქვითვებით (დანართი: საბაჟო დეკლარაციების რეესტრი, საბანკო ამონაწერი, სალაროს შემოსავლის ორდერები, შედარების აქტი 10.10.2023 წლის მდგომარეობით).

„-----------“-მ შეამცირა დავალიანება, მაგრამ ახალი შეკვეთა აღარ გაუკეთებია (დანართი, სალაროს შემოსავლის ორდერი);

„-----------“-მ შეამცირა ვალდებულება და დარჩენილი დავალიანების გასანულებლად მიმდინარეობს მოლაპარაკება. ვინაიდან ვერ ახერხებენ საბანკო ტრანზაქციებს და ვერც ნაღდ ანგარიშსწორებას, დავალიანების განულება უნდა მოხდეს წარმოებისთვის გამოსაყენებელი საჭირო მასალა/ნედლეულის მოწოდებით წარმოშობილი ვალდებულების ურთიერთგაქვითვით, რომ მოახდინონ დღემდე არსებული დებიტორული დავალიანების შემცირება/განულება, ამ პროცესს დიდი ხანი დაჭირდა, ვინაიდან წარმოება 2023 წლის თებერვლიდან პარალიზებულია, 16 თებერვალს დიდთოვლობის გამო ----------- მაღალი ძაბვის სადენების მოულოდნელმა დაწყვეტამ, რამაც 24 საათიანი წყვეტა გამოიწვია, მოახდინა ავარიული სიტუაცია ღუმელზე, რის შედეგადაც მოხდა ელექტროდის ღუმელში ჩატეხვა, რამაც ღუმელის დემონტაჟის აუცილებლობა გამოიწვია, 2023 წლის მარტიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა აღდგენითი სამუშაოები და არ მიმდინარეობდა პროდუქციის წარმოება. დღეს საწარმოო ღუმელი აღდგენილია და მიმდინარეობს პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის და მასალების მომარაგება, ერთ-ერთი მოლაპარაკება კი შედგა ამ კომპანიის წარმომადგენლებთან, საჭირო მასალის შემოტანასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოპერაცია განხორციელდება უახლოეს მომავალში (დანართი სალაროს შემოსავლის ორდერი, ვალის აღიარება).

„-----------“-ს და „-----------“-ს პროდუქციის შეკვეთა აღარ განუხორციელებიათ, დებიტორული დავალიანება შემცირებული აქვთ 1.03.2022 წლის მდგომარეობით ვალის აღიარებებიც წარმოდგენილი აქვთ (დანართი: შემოსავლის ორდერი, ვალის აღიარება).

„-----------“- და „---------- ნაღდი ანგარიშსწორებით გაანულა დავალიანება და მას შემდეგ ახალი შეკვეთა აღარ გაუკეთებია (დანართი: შემოსავლის ორდერები და შედარების აქტები 10.10.2023 წლის მდგომარეობით);

„----------“-ს არც შეკვეთა არ გაუკეთებია და არც თანხა არ შეუმცირებია, თუმცა დღემდე მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება.

ხსენებული ოპერაციები ასახულია კომპანიის ბუღალტერიაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად:

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს საშუალება, შემმოწმებლებს წარუდგინოს ახლად მოპოვებული დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, რაც წარმოდგენილ არგუმენტებს მეტად გაამყარებს და ხსენებული საკითხი, თავიდან შესწავლის მიზნით, უნდა დაბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტში გადასაანგარიშებლად.

გადასახადის გადამხდელი სრულ მზადყოფნაშია გადაანგარიშების პროცესში აუდიტორებისათვის შესაბამისი სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს ხსენებულ პროცესს.

კომპანიას არ ჰქონია მიზნად გადასახადების დამალვა და წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს მრავალი წლის განმავლობაში. მის ქმედებებში არ შეინიშნება კრიმინალის ელემენტები და ბოროტი განზრახვა, რაც ნაკარნახევია მისი აქტიური და წარმატებული ეკონომიკური საქმიანობით.

აღნიშნული დარიცხვა, რომელიც გამოწვეულია ადამიანური ფაქტორით, შეცდომით/არცოდნით, უნდა ჩაითვალოს საპატიოდ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით და კომპანიას მოეხსნას დამატებით დარიცხული ჯარიმები და საურავები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ------------ ექსპორტი -------- და ---------. შესამოწმებელ პერიოდებში უცხოურ კომპანიებთან უფიქსირდება სულ 11 247 742 ლარის დებიტორული დავალიანების ნაშთები. --------- კომპანიებისაგან თანხების ჩარიცხვა საზოგადოებას არ უფიქსირდება. პერიოდულად ხდება ანგარიშსწორება ნაღდი ანგარიშსწორებით. მოთხოვნილი ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე ვერ დგინდება აღნიშნული დებიტორული დავალიანების რეალურობა, ვინაიდან შედარების აქტის ხელის მომწერი პირების უფლებამოსილება დებიტორი ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე არ დასტურდება.

საბჭოს 6.04.2023 წლის №18969/2/2023 გადაწყვეტილებით მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქონლის ექსპორტის შედეგად წარმოშობილი დებიტორული დავალიანების რეალობა არ დადასტურდა, აღნიშნული თანხის მიღებულად ჩათვლა და ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა საქმეში არსებული გარემოებების შესაბამისად და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის მიერ საბჭოს სხდომაზე მითითებულ არგუმენტზე, რომ სადავო დებიტორული დავალიანება დღეის მდგომარეობით შემცირებულია, თანხის ნაწილი კომპანიას მიღებული აქვს და გამოყენებულია კომპანიის სამეურნეო პროცესში. მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით აღნიშნული დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით.

საბჭოს 6.04.2023 წლის №18969/2/2023 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შემოწმების შედეგად მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების კომპანიისთვის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების მომჩივნისთვის შემდგომ პერიოდში გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების მომჩივნისთვის შემდგომ პერიოდში გადახდის ნაწილში, ახსნა-განმარტების და დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გადამხდელმა ვერ დაადასტურა, რომ აღნიშნული დებიტორული დავალიანებები ან მისი ნაწილი შემდგომ პერიოდში იქნა გადახდილი, ვინაიდან მის მიერ წარმოდგენილი ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის პარალელურად აღნიშნულ დებიტორებს პერიოდულად აწვდის დამატებით საქონელს, ხოლო დებიტორული დავალიანება უცვლელი რჩება, შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებით განსაზღვრული დარიცხვის კორექტირება არ განხორციელებულა.

საბჭოს 8.12.2023 წლის სხდომაზე საჩივრის განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესაძლებელი იქნებოდა საკითხის აუდიტორთან ერთად დამატებით შესწავლა და მტკიცებულებების წარდგენა, რომ დადგინდეს ჩარიცხული თანხები და განულებული/შემცირებული დებიტორული დავალიანებები. თანხები მიღებულია, არსებობს სალაროს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. დებიტორების მიერ გადახდილი თანხები მონაწილეობს აგრეთვე დეკლარირებული ხელფასების გადახდაში, რომელიც არის შესაბამისად დაბეგრილი. შესაძლოა აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია ვერ იქნა წარდგენილი აუდიტორისთვის, რისი წარდგენაც შესაძლებელია გაშიფრულად. დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები არის ახალი მოპოვებული, შორი დისტანციის გამო ვერ ხერხდება კომუნიკაცია და ბოლო შეხვედრის შემდეგ მოპოვებულია ახალი დოკუმენტები.

დარჩენილი თანხის ხელფასად განხილვის ნაწილში დაბეგვრის მიზნებისთვის თანხა არ უნდა იქნას განხილული ხელფასად და უნდა შეეცვალოს კვალიფიკაცია.

ამავე სხდომაზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა მიუთითა, რომ გადასახადის გადამხდელმა გარკვეულ საკითხებზე გააკეთა განმარტება, თუმცა არასაკმარისი იყო აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. იმ შემთხვევაში, თუ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები შესაძლებელი იქნება საკითხის დამატებით შესწავლა.

საბჭომ 8.12.2023 წლის სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია გადასახადის გადამხდელს მისცემოდა აუდიტორთან კომუნიკაციის და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა, ხოლო საჩივარზე გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა აღნიშნულის გათვალისწინებით.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელდა კომუნიკაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა 18.12.2023 წლის საბჭოს სხდომაზე მიუთითა, რომ მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილია საბანკო ანგარიშის ამონაწერი, სადაც ფიქსირდება თანხების ჩარიცხვა, შესაძლებელია დამატებით შესწავლის შემთხვევაში ახალი გარემოებები გამოიკვეთოს, დასკვნა შეიცვალოს და განხორციელდეს შემოწმების აქტით დარიცხული თანხის გადაანგარიშება (შემცირება).

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხი შეისწავლოს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების და საბჭოს 6.04.2023 წლის №18969/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის №006-458 საგადასახადო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს:

ა) შეისწავლოს მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი, მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების მომჩივნისთვის შემდგომ პერიოდში გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 6.04.2023 წლის №18969/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქონლის ექსპორტის შედეგად წარმოშობილი დებიტორული დავალიანების რეალობა არ დადასტურდა,აღნიშნული თანხის მიღებულად ჩათვლა და ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა საქმეში არსებული გარემოებების შესაბამისად და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. სადავო დებიტორული დავალიანება დღეის მდგომარეობით შემცირებულია, თანხის ნაწილი კომპანიას მიღებული აქვს და გამოყენებულია კომპანიის სამეურნეო პროცესში.

გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების მომჩივნისთვის შემდგომ პერიოდში გადახდის ნაწილში, ახსნა-განმარტების და დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გადამხდელმა ვერ დაადასტურა, რომ აღნიშნული დებიტორული დავალიანებები ან მისი ნაწილი შემდგომ პერიოდში იქნა გადახდილი, ვინაიდან მის მიერ წარმოდგენილი ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის პარალელურად აღნიშნულ დებიტორებს პერიოდულად აწვდის დამატებით საქონელს, ხოლო დებიტორული დავალიანება უცვლელი რჩება, შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებით განსაზღვრული დარიცხვის კორექტირება არ განხორციელებულა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;101(1);154(1);