გადაწყვეტილება №20589/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20589/2/2023
17 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- საწარმო შირაქის 17.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20589/2/2023).
დავის საგანი:
1. დისტრიბუციის წესით საწარმოდან გატანილ პურის რაოდენობასა და ქვე-ზედნადებით რეალიზებულ პურის რაოდენობას შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა;
2. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №001-269 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18697 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 737 726 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 393 325
დღგ - 179 087
საშემოსავლო გადასახადი - 214 238
ჯარიმა - 196 663
საურავი - 147 738
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2022 წლის №9776 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019-1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33491 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-269 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 737 726 ლარი, მათ შორის, გადასახადი 393 325 ლარი, ჯარიმა 196 663 ლარი და საურავი 147 738 ლარი.
აღნიშნული დოკუმენტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.07.2023 წლის №18697 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. დისტრიბუციის წესით საწარმოდან გატანილ პურის რაოდენობასა და ქვე-ზედნადებით რეალიზებულ პურის რაოდენობას შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელი 2019 წლიდან საქმიანობს ახალ ქარხანაში. შემოწმების მიმდინარეობისას, შემმოწმებლების მიერ ოთხ შემთხვევაში შესყიდული და აწონილ იქნა საწარმოს მიერ გამომცხვარი პროდუქტი - 500 გრამიანი პური „------“ და აწონვის შედეგად სხვაობა არ გამოვლინდა. პროდუქტის რეალიზაციას საწარმო ძირითადად ახდენდა დოკუმენტურად, დისტრიბუციის წესით, როგორც დაქირავებული, ასევე თავისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. გადამხდელს ჰქონდა მაღაზია ქარხნის ტერიტორიაზე. რეალიზაციის შემოწმებისას, გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობა დისტრიბუციის წესით საწარმოდან გატანილ და ქვე-ზედნადებებით რეალიზებული პურის რაოდენობას შორის. დირექტორის ახსნა-განმარტებით, დისტრიბუციის წესით ზედნადები იწერებოდა პურის გატანის წინა დღეს და მასში მითითებული რაოდენობა იწერებოდა ზეპირად, ხოლო შემდეგი დღის ბოლოს არ ხდებოდა მათი შესწორება.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოწმდა საწარმოს კუთვნილი ორი სადისტრიბუციო ავტომანქანა, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა რომ მანქანაში იყო იმაზე მეტი პური ვიდრე გამოწერილი იყო შესაბამისი სასაქონლო ზედნადებით. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა დისტრიბუციის წესით საწარმოდან გატანილ და ქვე-ზედნადებებით რეალიზებული პურის რაოდენობას შორის განხილულ იქნა პურის რეალიზაციად პურის სახეობების შესაბამისი ფასებით, რასაც დაერიცხა დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, შემოწმების მიერ დადგინდა ფულადი ნაშთი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე - -----------) გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი ნაწილით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს. აღნიშნავს, რომ პურის ცხობა ხდებოდა ღამით და ბორტზე დატვირთვა დილის ადრეულ საათებში, რის გამოც წინასწარ ხდებოდა დისტრიბუციის ზედნადების ატვირთვა, პურის სავარაუდო რაოდენობების მითითებით, შემდეგ ხდებოდა პურის დარიგება-რეალიზაცია და ქვე-ზედნადების გამოწერა, რაც მნიშვნელოვან აცდენას იწვევდა. მეორე დღისთვის და შემდგომ პერიოდებში კი ახალი დისტრიბუციის ზედნადებების გამოწერა ხშირად იგივე რაოდენობის პურის მითითებით ხდებოდა, რაც მნიშვნელოვან აცდენას იწვევდა რეალურად წარმოებულ და ბორტზე დატვირთულ პურის რაოდენობასთან შედარებით. ხშირად დისტრიბუციის ზედნადებში გამოწერილი პურის რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო ქვე-ზედნადებებით გადაწერილ პურზე. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ დამატებით გამოვლენილი პურის რაოდენობის გამოსაცხობად საჭირო იყო დამატებითი ძირითადი ინგრედიენტების შეძენა, ასევე დამატებითი ბუნებრივი აირის მოხმარება რაც კომპანიას არ უფიქსირდება. ასევე, შემოწმების მიერ აიწონა გამომცხვარი პროდუქტი და სხვაობა არ გამოვლინდა და შემოწმებას არც არაპირდაპირი მეთოდი გამოუყენებია.
გადამხდელის განცხადებით, შეუძლებელია გადამხდელს მოეხერხებინა ასობით ტონა ფქვილის, ტონობით მარილის და ზეთების უსაბუთოდ შეძენა, ასევე, ვერ შეძლებდა ათასობით კუბი ბუნებრივი აირის უსაბუთოდ მოპოვებას და გახარჯვას და მხოლოდ არასწორად შედგენილი ზედნადებების და ქვეზედნადებების საფუძველზე დამატებით 737 726 ლარის დარიცხვა ყოველგვარ სამართლიანობას და ობიექტურობასაა მოკლებული. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებითაც კი გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებთან უმნიშვნელო სხვაობა ფიქსირდება ანუ გადამხდელს რომ საერთოდ არ ეწარმოებინა ბუღალტრული აღრიცხვა, საერთოდ არ გამოეწერა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, შემოწმებით დამატებით არაფერი დაერიცხებოდა, რაც აბსოლუტური უსამართლობა და აბსურდია.
ითხოვს, მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2023 წლის №---------- წერილი, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხულია 284 758 ლარი, ბიუჯეტში გადახდილია 282 407 ლარი, დაბრუნებულია 19 327 ლარი. ამავე პერიოდში ხელფასებმა შეადგინა 629 073 ლარი. 5.12.2022 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების ხარისხის კონტროლის ანგარიში. საწარმოს მიერ გამოწერილ დისტრიბუციის ზედნადებებსა და ქვე-ზედნადებებით რეალიზებული პურის რაოდენობებს შორის სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვალა საქონლის მიწოდებად და დაიბეგრა მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 28.12.2022 წელს შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვატილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები/დოკუმენტები (ექსპერტიზის დასკვნა - ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა
შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 737 726 ლარი, მათ შორის გადასახადი 393 325 ლარი, ჯარიმა 196 663 ლარი და საურავი 147 738 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილებით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. მომჩივანმა ვერ მიუთითა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების მიხედვით:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18697 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები/დოკუმენტები (ექსპერტიზის დასკვნა - ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების/დოკუმენტების შესწავლა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.დისტრიბუციის წესით საწარმოდან გატანილ პურის რაოდენობასა და ქვე-ზედნადებით რეალიზებულ პურის რაოდენობას შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა;
2. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ გამოწერილ დისტრიბუციის ზედნადებებსა და ქვე-ზედნადებებით რეალიზებული პურის რაოდენობებს შორის სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვალა საქონლის მიწოდებად და დაიბეგრა მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 28.12.2022 წელს შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;269(1,7);270(1,2);272(1,2);275(1,2,21,22);