გადაწყვეტილება № 27833/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.08.2026
№ დოკუმენტი 27833/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27833/2/2026

24 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,29.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“ 22.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27833/2/2026).

 

დავის საგანი:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება/საურავის დარიცხვის მართლზომიერება;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ვადა;

3. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინების გასაჩივრების ვადა;

4. საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალების წარდგენის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 24.03.2026 წლის №011-7584 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 22.05.2026 წლის №007-19407 შეტყობინება;

3. ვალის მართვის დეპარტამენტის 23.06.2026 წლის №011-2026-111334 ბრძანება;

4. შემოსავლების სამსახურის 3.07.2026 წლის №15121 ბრძანება;

5. შემოსავლების სამსახურის 9.07.2026 წლის №15419 ბრძანება.

 

გასაჩივრებული თანხა: 63 435,3 ლარი.

მათ შორის:

აქციზის გადასახადი - 52,555,2 (23.05.2026 წლის მდგომარეობით)

საურავი - 10 880,10 (23.05.2026 წლის მდგომარეობით)

 

პროცედურული გარემოებები

2026 წლის 12 ივნისს მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურს მომსახურების დეპარტამენტის 24.03.2026 წლის №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, 29.05.2026 წლის №------ ბრძანების და 29.05.2026 წლის №------ საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე. მომჩივანი ასევე არ ეთანხმებოდა პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ გადასახადს და საურავს.

შემოსავლების სამსახურის 9.07.2026 წლის №15419 ბრძანებით საჩივარი 29.05.2026 წლის №----- ბრძანების და 29.05.2026 წლის №------ საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა, 24.03.2026 წლის №------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადის ნაწილში 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დარიცხული საურავის კორექტირების მოთხოვნა კი არ დაკმაყოფილდა.

2026 წლის 24 ივნისს მომჩივანმა შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ 22.05.2026 წლის №------- შეტყობინება და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის თაობაზე ვალის მართვის დეპარტამენტის 23.06.2026 წლის №011-2026-111334 ბრძანება.

შემოსავლების სამსახურის 3.07.2026 წლის №15121 ბრძანებით საჩივარი 22.06.2026 წლის №--------- შეტყობინების ნაწილში განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო 23.06.2026 წლის №------- ბრძანების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 3.07.2026 წლის №15121 და 9.07.2026 წლის №15419 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება/საურავის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

21.05.2026 წელს გადასახადის გადამხდელმა წარადგინა 2025 წლის ივნისის აქციზის გადასახადის შესწორებული დეკლარაცია ბიუჯეტში გადასახდელი თანხით 73 786 ლარი. დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენამდე შედარების აქტის მიხედვით, გადამხდელს ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა 216 ლარი. გადაანგარიშებით დარიცხულმა საურავმა შეადგინა 10 874,73 ლარი. ამასთან, აღდგა საურავი 5,37 ლარი. 21.05.2026 წლის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა: გადასახადი 71 465,63 ლარი, საურავი 10 880,10 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადი წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას, ვინაიდან დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია. შესაბამისად ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 53-ე მუხლის პირველ მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 272-ე მუხლზე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნევს, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე გადაანგარიშებით დარიცხული საურავი მართლზომიერია. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში ამ ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 9 ივლისის №15419 ბრძანებას იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა კომპანიის მიმართ განსაზღვრული დამატებითი საგადასახადო ვალდებულება, პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი და აღნიშნული თანხების საინკასო წესით ამოღება.

მომჩივანი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებს, ვინაიდან ისინი მიღებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილი გამოკვლევის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმების ფორმალური განმარტებისა და ადმინისტრაციული აქტის დასაბუთებულობისა და თანმიმდევრულობის მოთხოვნების დარღვევით.

შემოსავლების სამსახურმა თავად დაადგინა, რომ კომპანიის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეული იყო შეცდომითა და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების შესახებ სამართლებრივი არცოდნით. აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებით კომპანია გათავისუფლდა დაკისრებული ფულადი ჯარიმისაგან.

ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე აღიარა, რომ კომპანიის ქმედებაში არ იკვეთებოდა არაკეთილსინდისიერება, გადასახადის დამალვის განზრახვა ან სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ზიანის მიყენების მიზანი.

მიუხედავად ამისა, იმავე ფაქტობრივი გარემოებების პირობებში შემოსავლების სამსახურმა ძალაში დატოვა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება, მასზე დარიცხული საურავი და იძულებითი აღსრულების ღონისძიებები ისე, რომ სათანადოდ არ დაუსაბუთებია, რატომ დაკარგა კომპანიის კეთილსინდისიერებამ სამართლებრივი მნიშვნელობა აღნიშნული ფინანსური შედეგების შეფასებისას.

შედეგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები შინაგან წინააღმდეგობას შეიცავს: ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ორგანო კომპანიის ქმედებას აფასებს როგორც კეთილსინდისიერი შეცდომით გამოწვეულს და აუქმებს ჯარიმას, ხოლო მეორე მხრივ, იმავე გარემოებებს საერთოდ არ ითვალისწინებს დამატებითი დარიცხვისა და საურავის კანონიერების შეფასებისას.

მასალებით დადგენილია, რომ აქციზური მარკები მიღებულია 2024 წლის დეკემბერში. სარეალიზაციო პროდუქციის პირველი პარტიის იმპორტიც იმავე პერიოდში განხორციელდა.

საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილ ექვსთვიან ვადაში აქციზური მარკების დაუბრუნებლობის გამო კომპანიას წარმოეშვა შესაბამისი აქციზის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების შესახებ არ გააჩნდა სწორი სამართლებრივი წარმოდგენა, თუმცა გარემოების გამოვლენისთანავე მან საკუთარი ინიციატივით წარადგინა შესაბამისი დეკლარაცია და შეასრულა კანონით დაკისრებული საგადასახადო ვალდებულება. აღნიშნული გარემოებები ადმინისტრაციულ ორგანოს სადავოდ არ გაუხდია. პირიქით, სწორედ მათი გათვალისწინებით დაასკვნა შემოსავლების სამსახურმა, რომ დარღვევა გამოწვეული იყო შეცდომითა და სამართლებრივი არცოდნით.

თუმცა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებში არ არის განმარტებული, რატომ არ უნდა ჰქონოდა იმავე გარემოებებს მნიშვნელობა დამატებითი საგადასახადო ვალდებულების, საურავისა და მათგან გამომდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებების შეფასებისას.

ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებებში ძირითადად შემოიფარგლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული ნორმების მითითებით, თუმცა არ ახდენს მათ სრულყოფილ დაკავშირებას საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან და არ პასუხობს მომჩივნის ძირითად სამართლებრივ არგუმენტებს. ადმინისტრაციული აქტის დასაბუთებულობის მოთხოვნა გულისხმობს არა მხოლოდ გამოყენებული სამართლებრივი ნორმების ჩამოთვლას, არამედ იმის განმარტებასაც, თუ რატომ და როგორ იქნა აღნიშნული ნორმები გამოყენებული კონკრეტული საქმის მიმართ. მხოლოდ კანონის ნორმების ციტირება ვერ ჩაითვლება სრულფასოვან სამართლებრივ მოტივაციად, როდესაც მხარის მიერ წარმოდგენილი არსებითი არგუმენტები ფაქტობრივად უპასუხოდ რჩება.

შემოსავლების სამსახურმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი კანონიერია, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად იგი წარმოადგენს საგადასახადო სანქციას, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისათვის. ასევე აღნიშნულია, რომ საგადასახადო ვალდებულება წარმოიშვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომის გამო.

აღნიშნული მსჯელობა ფორმალურია და ვერ პასუხობს მოცემული დავის არსს.

მომჩივანი სადავოდ არ ხდის არც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების არსებობას და არც ზოგადად საურავის სამართლებრივ ბუნებას. დავის საგანია, რამდენად სწორად იქნა შესაბამისი ნორმები გამოყენებული საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ და რამდენად სრულყოფილად შეაფასა ადმინისტრაციულმა ორგანომ ყველა გარემოება, რომელსაც დამატებითი დარიცხვისა და საურავის მართლზომიერებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის საფუძველი ეფუძნება იურიდიულ ფიქციას და არა რეალურად განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციას. ამავე ნორმით კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ შემდგომ პერიოდში ფაქტობრივი იმპორტის ან აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში ადრე დარიცხული აქციზი გადაანგარიშებას ექვემდებარება ფაქტობრივად განხორციელებული ოპერაციის ოდენობის პროპორციულად.

აღნიშნული ადასტურებს, რომ ნორმით შექმნილი საგადასახადო შედეგი თავისი ბუნებით დროებითი და გადაანგარიშებადი შედეგია და არა საბოლოო ეკონომიკურ ოპერაციაზე დაფუძნებული საგადასახადო ვალდებულება.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებში სათანადოდ არ არის შეფასებული, რომ სადავო პერიოდის განმავლობაში საქონელი საბაჟო საწყობში იყო განთავსებული, არ ყოფილა საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული და კომპანიას აღნიშნული საქონლიდან ეკონომიკური სარგებელი არ მიუღია.

ასევე არ დამდგარა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ზიანი გადასახადის დამალვის, ეკონომიკური ოპერაციის დაფარვის ან საგადასახადო ვალდებულებისაგან განზრახ თავის არიდების შედეგად.

კომპანიამ თავად გამოავლინა სამართლებრივი შეცდომა, საკუთარი ინიციატივით წარადგინა შესაბამისი დეკლარაცია და ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულყოფილად შეეფასებინა როგორც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანი და სამართლებრივი ბუნება, ისე კომპანიის კეთილსინდისიერი ქცევა და რეალური ეკონომიკური შედეგის არარსებობა.

შემოსავლების სამსახურმა ასევე მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება საურავის მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

თუმცა გადაწყვეტილებებში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული სამართლებრივი ან ფაქტობრივი დასაბუთება, თუ რატომ არ იქნა კომპანიის კეთილსინდისიერება, შეცდომის ხასიათი და დარღვევის ინდივიდუალური გარემოებები გათვალისწინებული საურავისა და დამატებითი დარიცხვის შეფასებისას.

როდესაც ერთი და იგივე ფაქტობრივი გარემოებები საკმარისად მიიჩნევა ფულადი ჯარიმის გაუქმებისათვის, მაგრამ არასაკმარისად — სხვა ფინანსური შედეგების გადასახედად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მკაფიოდ განმარტოს ასეთი განსხვავებული მიდგომის სამართლებრივი საფუძველი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებები ასეთ დასაბუთებას არ შეიცავს.

ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს უფლებას, ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებებს განსხვავებული სამართლებრივი შედეგები დაუკავშიროს სათანადო მოტივაციის გარეშე.

ყოველი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი უნდა ეფუძნებოდეს საქმის ყველა არსებითი გარემოების სრულყოფილ გამოკვლევას, მათ ურთიერთშეჯერებულ შეფასებასა და ისეთ დასაბუთებას, რომელიც დაინტერესებულ პირს ნათლად აჩვენებს, რა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე დაეფუძნა მიღებული გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული სტანდარტი დაცული არ არის.

ადმინისტრაციულმა ორგანომ კომპანიის კეთილსინდისიერება და სამართლებრივი შეცდომა გაითვალისწინა მხოლოდ ჯარიმის ნაწილში, ხოლო დამატებითი საგადასახადო ვალდებულებისა და საურავის ნაწილში იმავე გარემოებების უგულებელყოფა სათანადოდ არ დაასაბუთა.

შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილებებში ასევე უთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლზე და მიიჩნევს, რომ დამატებითი საგადასახადო ვალდებულება წარმოადგენდა აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას, ვინაიდან მისი საფუძველი იყო თავად გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაცია.

თუმცა აღნიშნული გარემოება მოცემულ დავაში იზოლირებულად ვერ შეფასდება.

დეკლარაციის წარდგენით კომპანიამ შეასრულა კანონით დაკისრებული დეკლარირების ვალდებულება. ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ კომპანიამ აღიარა ყველა ის სამართლებრივი და ფინანსური შედეგი, რომელიც ადმინისტრაციულმა ორგანომ შემდგომ აღნიშნულ დეკლარაციას დაუკავშირა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ კომპანია თავიდანვე არ ეთანხმებოდა დამატებითი დარიცხვის, საურავისა და მათგან გამომდინარე იძულებითი აღსრულების კანონიერებას და სწორედ ამ საფუძვლით გამოიყენა კანონით მინიჭებული გასაჩივრების უფლება.

შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლზე მითითება ვერ გამოდგება იმის ავტომატურ საფუძვლად, რომ გამოირიცხოს დეკლარაციით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების კანონიერების შემოწმება.

დავის საგანს წარმოადგენს არა დეკლარაციის წარდგენის ფაქტი, არამედ აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული დამატებითი დარიცხვის, საურავისა და იძულებითი აღსრულების ღონისძიებების კანონიერება და დასაბუთებულობა.

მოცემულ საქმეში შეიქმნა პარადოქსული სამართლებრივი შედეგი.

ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ დარღვევა არ იყო განზრახი, არ არსებობდა გადასახადის დამალვის მიზანი და კომპანია მოქმედებდა კეთილსინდისიერად.

მიუხედავად ამისა, სწორედ იმის გამო, რომ კომპანიამ საკუთარი ინიციატივით გამოავლინა შეცდომა, წარადგინა შესაბამისი დეკლარაცია და შეასრულა კანონით დაკისრებული ვალდებულება, მას დაეკისრა მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგები და განხორციელდა თანხების იძულებითი ამოღება.

ასეთი მიდგომა პრაქტიკულად აუარესებს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის სამართლებრივ მდგომარეობას და ვერ შეესაბამება სამართლიანი და თანმიმდევრული საგადასახადო ადმინისტრირების მიზანს.

კანონის ნორმა არ უნდა განიმარტოს ისე, რომ პირი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გამოასწორა სამართლებრივი მდგომარეობა და ითანამშრომლა საგადასახადო ორგანოსთან, აღმოჩნდეს უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე პირი, რომელიც საერთოდ არ შეასრულებდა შესაბამის ვალდებულებას ან არ ითანამშრომლებდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან.

შემოსავლების სამსახურის უფროსის №9021 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებების მიზანია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის ერთგვაროვანი და საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე დაფუძნებული გამოყენება.

აღნიშნული მიდგომა ადასტურებს, რომ კეთილსინდისიერი შეცდომის შემთხვევებში საგადასახადო ორგანომ გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალურ სამართლებრივ შეფასებას არ უნდა დააფუძნოს და ვალდებულია გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

მიუხედავად ამისა, მოცემულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასება განხორციელდა მხოლოდ ფულადი ჯარიმის ნაწილში, ხოლო დამატებითი დარიცხვისა და საურავის ნაწილში კომპანიის კეთილსინდისიერება, დარღვევის მიზეზი და რეალური ეკონომიკური შედეგის არარსებობა სათანადო სამართლებრივი შეფასების გარეშე დარჩა.

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება კანონიერად ვერ ჩაითვლება მხოლოდ იმიტომ, რომ იგი შეიცავს შესაბამისი სამართლებრივი ნორმების მითითებას.

ადმინისტრაციული აქტის კანონიერება და დასაბუთებულობა მოითხოვს, რომ ორგანომ განმარტოს, როგორ გამოიყენა შესაბამისი ნორმები კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიმართ, რატომ არ გაიზიარა მხარის არგუმენტები და რის საფუძველზე დაუკავშირა ერთსა და იმავე გარემოებებს განსხვავებული სამართლებრივი შედეგები.

მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურმა ვერ უზრუნველყო საქმის ყველა არსებითი გარემოების სრულყოფილი შეფასება, მომჩივნის სამართლებრივ არგუმენტებს არ გასცა დასაბუთებული პასუხი და ვერ ახსნა, რატომ იქნა კომპანიის კეთილსინდისიერება და სამართლებრივი შეცდომა გათვალისწინებული მხოლოდ ჯარიმის გაუქმებისას.

გარდა ამისა, ვერ იქნა სათანადოდ დასაბუთებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით შექმნილი იურიდიული ფიქციის პირობებში დამატებითი დარიცხვისა და მასზე დარიცხული საურავის ძალაში დატოვება, განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქონელი არ ყოფილა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული, კომპანიას ეკონომიკური სარგებელი არ მიუღია და არ არსებობდა გადასახადის დამალვის განზრახვა.

შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები ვერ აკმაყოფილებს კანონიერების, დასაბუთებულობის, თანმიმდევრულობისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებების სრულყოფილი შეფასების მოთხოვნებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად პირის მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები დაბრუნებას ექვემდებარება. 6-თვიანი პერიოდის გასვლის მომდევნო დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ამ კარის მიზნებისთვის მიიჩნევა აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება აქციზით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას, გადასახდელად დარიცხული აქციზი გადაანგარიშდება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

განსახილველ შემხთვევაში მომჩივანი არ უარყოფს დეკლარაციის წარდგენის ფაქტს მაგრამ მიიჩნევს რომ საგადასახადო კოდექსი 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოს უნდა განეხორციელებინა მისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ამასთან, ასევე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კომპანიის კეთილსინდისიერება და სამართლებრივი შეცდომა გაითვალისწინა მხოლოდ ჯარიმის ნაწილში, ხოლო დამატებითი საგადასახადო ვალდებულებისა და საურავის ნაწილში იმავე გარემოებების უგულებელყოფა სათანადოდ არ დაასაბუთა.

მომჩივნის აღნიშნული არგუმენტი საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება დაკონკრეტდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიჩნევა აღიარებულ ვალდებულებად. ვალდებულების შემდგომი გადაანგარიშების მექანიზმი არ აყენებს თავდაპირველი დარიცხვის კანონიერებას ეჭვქვეშ და წარმოადგენს მხოლოდ ვალდებულების შესაძლო კორექტირების ინსტრუმენტს შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში.

შესაბამისად ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება მართლზომიერია.

რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას დარიცხულ საურავთან დაკავშირებით, საბჭო განმარტავს, რომ საურავი არის სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის, რომელიც შინაარსით წარმოადგენს ბიუჯეტში გადასახადის დაგვიანებით გადახდის შედეგად წარმოშობილი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაკისრებული საურავისგან მომჩივნის გათავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ვადა

ფაქტების აღწერა

24.03.2026 წელს გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს დაგვიანებით წარუდგინა 2025 წლის ივნისის თვის აქციზის გადასახადის დეკლარაცია. დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის 24.03.2026 წელს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №-----, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის 9.07.2026 წლის №15419 ბრძანებით საჩივარი განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2026 წლის 24 მარტის №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2026 წლის 24 მარტს. აღნიშნულ ნაწილში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2026 წლის 12 ივნისს.

შესაბამისი სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, ამ ნაწილში სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წინამდებარე საჩივრით მომჩივანი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 9 ივლისის №15419 ბრძანებას იმ ნაწილში, რომლითაც შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ იქნა მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილება, თუმცა არ უთითებს კონკრეტულ არგუმენტებს სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით.

მომჩივანი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებს, მიაჩნია, რომ ისინი მიღებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილი გამოკვლევის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმების ფორმალური განმარტებისა და ადმინისტრაციული აქტის დასაბუთებულობისა და თანმიმდევრულობის მოთხოვნების დარღვევით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 29.07.2026 წლის №----- წერილით ირკვევა, რომ მომსახურების დეპარტამენტის 24.03.2026 წლის №---- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობის ფაქტი დაფიქსირებულია 24.03.2026 წელს. შესაბამისად გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 23.04.2026 წელს. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 12.06.2026 წელს.

მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 9 ივლისის №15419 ბრძანების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ იქნა მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილება, თუმცა არ უთითებს კონკრეტულ არგუმენტებს გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით.

ამგვარად ვინაიდან გასულია სადაო აქტის გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 9 ივლისის №15419 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინების გასაჩივრების ვადა

ფაქტების აღწერა

კომპანიამ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ 22.05.2026 წლის №007-19407 შეტყობინება გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.07.2026 წლის №15121 ბრძანებით საჩივარი განუხილველი დარჩა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ სადავო შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2026 წლის 23 მაისს. შემოსავლების სამსახურში აღნიშნულ ნაწილში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2026 წლის 24 ივნისს.

შესაბამის სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი 2026 წლის 22 მაისის №------ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინების ნაწილში წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის 3.07.2026 წლის №15121 ბრძანებას იმ ნაწილში, რომლითაც შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ იქნა მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილება, თუმცა არ უთითებს კონკრეტულ არგუმენტებს გირავნობა-იპოთეკის შეტყობინების გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით.

ითხოვს აღნიშნული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ვინაიდან ის მიღებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილი გამოკვლევის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმების ფორმალური განმარტებისა და ადმინისტრაციული აქტის დასაბუთებულობისა და თანმიმდევრულობის მოთხოვნების დარღვევით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ 22.05.2026 წლის №----- შეტყობინების ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობის ფაქტი დაფიქსირებულია 23.05.2026 წელს. გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 22.06.2026 წელს, ორშაბათს. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 24.06.2026 წელს.

მომჩივანი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის 3.07.2026 წლის №15121 ბრძანებას იმ ნაწილში, რომლითაც შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ იქნა მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილება, თუმცა არ უთითებს კონკრეტულ არგუმენტებს გირავნობა-იპოთეკის თაობაზე წარდგენილი შეტყობინების გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით.

მითითებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან გასულია სადაო აქტის გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 ივლისის №15121 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალების წარდგენის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

23.06.2026 წლის მდგომარეობით რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (გადასახადი 8 295.94 ლარი, საურავი 288.36 ლარი) უზრუნველყოფის მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის 23.06.2026 წლის №----- ბრძანებით, მომჩივნის შპს საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ.

23.06.2026 წელს №------- საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 8 580,15 ლარი, რომლითაც შესრულებულდა აღნიშნული საინკასო დავალება.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

ვინაიდან გადასახადის გადამხდელს 2026 წლის 23 ივნისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება (დეკლარირებული), საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს ამ ნაწილში უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 3.07.2026 წლის №15121 ბრძანებას მის მიმართ იძულებითი ღონისძიების სახით ინკასოს გამოყენებას და ითხოვს აღნიშნული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ვინაიდან ის მიღებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილი გამოკვლევის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმების ფორმალური განმარტებისა და ადმინისტრაციული აქტის დასაბუთებულობისა და თანმიმდევრულობის მოთხოვნების დარღვევით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.

ვინაიდან მომჩივანს 22.06.2026 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, აღნიშნული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ 23.06.2026 წელს №---- ბრძანების გამოცემა მართლზომიერია და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 3.07.2026 წლის №15121 ბრძანების ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება/საურავის დარიცხვის მართლზომიერება;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ვადა;

3. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახე შეტყობინების გასაჩივრების ვადა;

4. საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალების წარდგენის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შესწორებული აქციზის დეკლარაცია, რის შედეგადაც, ზედმეტად გადახდილი თანხის გათვალისწინებით, დამატებით დაერიცხა საურავი და ნაწილობრივ აღდგა ადრე გადახდილი საურავიც, რის შედეგადაც წარმოიქმნა გადასახადისა და საურავისგან შემდგარი საგადასახადო დავალიანება.

ასევე დგინდება, რომ გადამხდელს დაგვიანებით წარდგენილი დეკლარაციისთვის შედგენოდა სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ცალკე გასაჩივრებულ იქნა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინებაც ორივე საჩივარი კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით განუხილველი დარჩა.

დამატებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით გამოცემულ იქნა ბრძანება საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალების წარდგენის შესახებ, რომელიც ანგარიშებიდან ჩამოწერილი თანხით სრულად შესრულდა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;192(7);272;302;301;238