ბრძანება N 2802

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.02.2025
№ დოკუმენტი 2802
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2802

17 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ---)

(მის.: ----) 2025 წლის 21 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2025 წლის 21 იანვრის №7275/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №094-62 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნელების მიერ წილების რეალიზაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას და შპს „---ის“ მიერ საწარმოსათვის დებიტორული დავალიანების ანაზღაურებად და საწარმოდან დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე დივიდენდის გაცემად განხილვას. ასევე, წილის ნასყიდობის ოპერაციის ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებულად განხილვას. გადამხდელის განმარტებით ადგილი ჰქონდა წილების ნასყიდობას და არა გადასახადების დამალვის მცდელობას, წილის ნასყიდობა კი გათავისუფლებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მიხედვით. მომჩივანი მიუთითებს, რომ შპს „----“-ის 70%-იანი წილის მფლობელთან ----თან დაძაბული ურთიერთობის გამო საწყის ეტაპზე გასხვისებული იქნა შპს „----“-ის ძირითადი ქონება (წისქვილი) ახალ კომპანიაზე შპს „----ზე“, რომ საქმიანობა არ შეჩერებულიყო და საქმიანობა გაგრძლებულიყო ახალი კომპანიის სახელით. გასხვისების ეტაპზე --- არ იყო ინფორმირებული ვინაიდან, დოკუმენტებს ხელი მოეწერა წარმომადგენლის მიერ, ხოლო შემდგომ ---ს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა სურდა, თუმცა ასე არ მოხდა და საბოლოოდ შპს „----“-ის პარტნიორებმა ---მა (შპს „---“-ის 70%-იანი წილი) და --- მა (შპს „----“-ის 30%-იანი წილი) თავიანთი წილები გაასხვისეს შპს „----ზე“ და ამ გზით მიიღეს კუთვნილი წილების ღირებულება. ასევე, შპს „---ს“ გააჩნდა დავალიანება შპს „---“-ის მიმართ მას შემდგომ რაც იყიდა ქონების სახით წისქვილკომბინატი, დავალიანების ნაწილი დაიფარა, ხოლო ნაწილი დარჩა დასაფარი, სანამ ეს დარჩენილი ნაწილი დაიფარებოდა მანამდე შეისყიდა შპს „----მა“ 100% წილები შპს „----“-ში. მას შემდეგ რაც წილები შეისყიდა, შპს „---ს“ კვლავ დასაფარი დავალიანებიის ნაწილში აქვს ასახული ის თანხა, რაც გადასახდელი აქვს შპს „---“-ისთვის დარჩენილი დავალიანების სახით. შპს „---“ ვალად აღიარებდა და აღიარებს დარჩენილ გადასახდელ თანხას იმ ქონებაზე, რაც მან შეისყიდა 2020 წლის აგვისტოს თვეში შპს „---“-ისგან. გარდა ამისა, გადამხდელი განმარტავს, რომ წილის ნასყიდობის ოპერაცია არ განხორციელებულა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, კერძოდ, --- ვერ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს იმისათვის, რომ ის ჩაითვალოს ურთიერთდამოკიდებულ პირად ან თავად ---- თვის ან შემსყიდველი საწარმოსთვის.

2. გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მხრიდან კვალიფიკაციის სწორად განსაზღვრის შემთხვევაშიც გაანგარიშებული თანხები არ არის სწორი. შემმოწმებელს უნდა დაერიცხა უფრო ნაკლები გადასახადი, ვინაიდან წილს გააჩნდა რეალური ღირებულება (წილის ღირებულება არ იყო 0 ლარი გაყიდვის მომენტში). შესაბამისად, მინიმუმ ის ღირებულება რაც წილს რეალურად გააჩნდა შემმოწმებელს უნდა გამოეკლო იმ თანხისთვის, რაც მან განაწილებულ მოგებად ჩათვალა.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №28664 და 20 დეკემბრის №32192 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 10 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 25 დეკემბრის №27287 ბრძანება და ამავე თარიღის №094-62 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 501 929 ლარი, მათ შორის, გადასახადი 725 565 ლარი, ჯარიმა 362 283 ლარი, საურავი 415 081 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

მომჩივნის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ხორბლის იმპორტი (რუსეთიდან), ქ. ---ში საკუთრებაში არსებულ წისქვილკომბინატში დაფქვა და ფქვილის სახით ადგილობრივი რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში ძირითადი საქმიანობიდან შემოსავალი აღარ უფიქსირდება, 2021 წელს გააჩნია საიჯარო შემოსავალი და უძრავი ქონების (ბინები, კომერციული ფართები) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი.

მომჩივანმა შპს „ა“-ს 2020 წლის აგვისტოს თვეში მიჰყიდა წისქვილკომბინატი სრულად 5 648 256 ლარად (თავისი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის საქონელი 2 465 882 ლარის). აღნიშნული თანხიდან 2020 წელს ანაზღაურებულია 1 313 050 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა 4 335 206 ლარი დებიტორულ დავალიანებაშია აღრიცხული შესამოწმებელ პერიოდის ბოლომდე.

შპს „ა“-მ აღნიშნული წისქვილკომბინატით დაიწყო იგივე სახის საქმიანობა 2020 წლის აგვისტოს თვიდან. აღსანიშნავია, რომ შპს „ა“-ს, რომელიც რეგისტრირებულია 04.08.2020 წელს, 100%-იანი წილით დამფუძნებელია ---- (მომჩივნის დირექტორი).

შპს „ა“-მ მომჩივანში შეიძინა წილები დამფუძნებელი ორი ფიზიკური პირისგან:

1) 2021 წლის 9 მარტს ----გან 70% წილი 950 000 აშშ დოლარად (3 154 190 ლარი),2) 2021 წლის 25 მაისს ----საგან (პირი წარმოადგენს შპს „ა“-ს დამფუძნებლის მამას) 30% წილი 350 000 აშშ დოლარად (1 158 710 ლარი), წილებში სულ გადაიხადა 1 300 000 აშშ დოლარი (4 312 900 ლარი).

შპს „ა“ აღნიშნული თარიღებიდან დღემდე წარმოადგენს მომჩივნის დამფუძნებელს. ვინაიდან:

მომჩივანს შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე ერიცხება დებიტორული მოთხოვნა შპს „ა-“ზე;

 შპს „ა“-მ წილის შეძენის სანაცვლოდ სრული თანხა გადაუხადა ფიზიკურ პირებს, რომლებიც არ დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ვინაიდან წილის ფლობის პერიოდი აღემატება 2 წელს;

 შპს „ა“-ს მიერ დებიტორული დავალიანების მომჩივნთვის გასტუმრებით და აღნიშნული თანხის მომჩივნის მიერ დამფუძნებლებზე დივიდენდად გაცემით, ამ უკანასკნელ კომპანიას გაცემულ დივიდენდზე დაერიცხებოდა მოგების და საშემოსავლო გადასახადები;

 წილის ნასყიდობის ოპერაცია განხორციელებულია ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის;

 მომჩივანს წილების რეალიზაციის მომენტში გააჩნდა საქმიანობიდან წარმოშობილი/დაგროვილი გაუნაწილებელი მოგების რესურსი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ მიიჩნია, რომ მეწილე ფიზიკური პირების საწარმოს წილებიდან გასვლით და მათთვის თანხის ამ ფორმით გადახდით, იკვეთება საწარმოს საგადასახადო ვალდებულების თავიდან აცილების რისკი. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის დამფუძნებლების მიერ წილების რეალიზაციას შეეცვალა კვალიფიკაცია და დაკვალიფიცირდა როგორც შპს „ა“-ს მიერ საწარმოსთვის დებიტორული დავალიანების ანაზღაურება და საწარმოდან დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე დივიდენდის გაცემა. წილის რეალიზაციის თანხას სულ 4 312 900 ლარს გამოაკლდა გასულ წლებში საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხა 1 273 480 ლარი და სხვაობას 3 039 420 ლარს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები. შესაბამისად, პირს დაერიცხა გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, მომჩივანმა შპს „ა“-ს 2020 წლის აგვისტოს თვეში მიჰყიდა წისქვილკომბინატი სრულად 5 648 256 ლარად (თავისი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის საქონელი 2 465 882 ლარის). აღნიშნული თანხიდან 2020 წელს ანაზღაურებულია 1 313 050 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა 4 335 206 ლარი დებიტორულ დავალიანებაშია აღრიცხული შესამოწმებელ პერიოდის ბოლომდე.

შპს „ა“-მ აღნიშნული წისქვილკომბინატით დაიწყო იგივე სახის საქმიანობა 2020 წლის აგვისტოს თვიდან.

შპს ,,ა“-ს 100%-იანი წილით დამფუძნებელია ----, მომჩივნის დირექტორი.

შპს „ა“-მ მომჩივან-ში შეიძინა წილები დამფუძნებელი ორი ფიზიკური პირისგან, 2021 წლის 9 მარტს --- გან 70%, ხოლო, 2021 წლის 25 მაისს ---გან (შპს „ა“-ს დამფუძნებლის მამა) 30%.

შპს „ა“ აღნიშნული თარიღებიდან დღემდე წარმოადგენს მომჩივნის დამფუძნებელს.

ვინაიდან:

 მომჩივანს შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე ერიცხება დებიტორული მოთხოვნა შპს „ა“-ზე ;

 შპს „ა“-მ წილის შეძენის სანაცვლოდ სრული თანხა გადაუხადა ფიზიკურ პირებს, რომლებიც არ დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ვინაიდან წილის ფლობის პერიოდი აღემატება 2 წელს;

 შპს „ა“-ს მიერ დებიტორული დავალიანების მომჩივნისთვის გასტუმრებით და აღნიშნული თანხის მომჩივნის მიერ დამფუძნებლებზე დივიდენდად გაცემით, ამ უკანასკნელ კომპანიას გაცემულ დივიდენდზე დაერიცხებოდა მოგების და საშემოსავლო გადასახადები;

 წილის ნასყიდობის ოპერაცია განხორციელებულია ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის;

 მომჩივანს წილების რეალიზაციის მომენტში გააჩნდა საქმიანობიდან წარმოშობილი/დაგროვილი გაუნაწილებელი მოგების რესურსი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეწილე ფიზიკური პირების საწარმოს წილებიდან გასვლით და მათთვის თანხის ამ ფორმით გადახდით, იკვეთება საწარმოს საგადასახადო ვალდებულების თავიდან აცილების რისკი.

ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, შპს „---“-ის დამფუძნებლების მიერ წილების რეალიზაციას შეეცვალა კვალიფიკაცია და დაკვალიფიცირდა როგორც შპს ,,---ს“ მიერ საწარმოსთვის დებიტორული დავალიანების ანაზღაურება და საწარმოდან დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე დივიდენდის გაცემა.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას, დასაბეგრი თანხის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია წილის შეძენისას რეალურად გადახდილი თანხები 350 000 აშშ დოლარის და 950 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და არა საწარმოს ბალანსზე არსებული მონაცემები (მათ შორის დებიტორულ მოთხოვნა) და სხვა.

დასაბეგრ თანხას გამოკლებულია საწესდებო კაპიტალი, რაც შემოწმების აქტშიც მითითებულია, ასევე გადასახადები დარიცხულია შესაბამის პერიოდებში 2021 წლის მარტისა და 2021 წლის მაისის თვეებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომ მეწილე ფიზიკური პირების საწარმოს წილებიდან გასვლით და მათთვის თანხის ამ ფორმით გადახდით, იკვეთება საწარმოს საგადასახადო ვალდებულების თავიდან აცილების რისკი. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, შპს „---“-ის დამფუძნებლების მიერ წილების რეალიზაციის ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეეცვალა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დამფუძნებლების მიერ წილების რეალიზაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა, შპს „----ის“ მიერ საწარმოსთვის დებიტორული დავალიანების ანაზღაურებად და საწარმოდან დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე დივიდენდის გაცემად განხილვა მართლზომიერია, შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნელების მიერ წილების რეალიზაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას;

2. გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მხრიდან კვალიფიკაციის სწორად განსაზღვრის შემთხვევაშიც გაანგარიშებული თანხები არ არის სწორი;

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგენილია, რომ მომჩივანმა შპს „ა“-ს 2020 წლის აგვისტოს თვეში მიჰყიდა წისქვილკომბინატი სრულად 5 648 256 ლარად (თავისი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის საქონელი 2 465 882 ლარის). აღნიშნული თანხიდან 2020 წელს ანაზღაურებულია 1 313 050 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა 4 335 206 ლარი დებიტორულ დავალიანებაშია აღრიცხული შესამოწმებელ პერიოდის ბოლომდე.

შემოწმებამ მიიჩნია, რომ მეწილე ფიზიკური პირების საწარმოს წილებიდან გასვლით და მათთვის თანხის ამ ფორმით გადახდით, იკვეთება საწარმოს საგადასახადო ვალდებულების თავიდან აცილების რისკი. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის დამფუძნებლების მიერ წილების რეალიზაციას შეეცვალა კვალიფიკაცია და დაკვალიფიცირდა როგორც შპს „ა“-ს მიერ საწარმოსთვის დებიტორული დავალიანების ანაზღაურება და საწარმოდან დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე დივიდენდის გაცემა. წილის რეალიზაციის თანხას სულ 4 312 900 ლარს გამოაკლდა გასულ წლებში საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხა 1 273 480 ლარი და სხვაობას 3 039 420 ლარს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დამფუძნებლების მიერ წილების რეალიზაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა, შპს „ა“-ს მიერ საწარმოსთვის დებიტორული დავალიანების ანაზღაურებად და საწარმოდან დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე დივიდენდის გაცემად განხილვა მართლზომიერია, შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,6,9); 19; 8 (12); 98 1; 130; 154; 269 (7).