გადაწყვეტილება №21525/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.05.2024
№ დოკუმენტი 21525/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21525/2/2023

02 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 7.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21525/2/2023).

 

დავის საგანი:

სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №001-215 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30625 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 56 855,81 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 31 550

დღგ - (- 2 782)

საშემოსავლო გადასახადი - 34 332

ჯარიმა - 19 752

საურავი - 5 553,81

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო და სასოფლო პროდუქციის იმპორტი და მათი რეალიზაცია საქართველოში.

აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი.

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ------- შემოყვანილი ჰყავს თვლიანი ტრაქტორები შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აღნიშნული ტრაქტორები შეძენილია ფიზიკური პირებისაგან, თანხა გადახდილია ხელზე და ჩამოწერილია ანგარიშვალდებულ პირზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული ტრაქტორების საინვოისო ღირებულება შეადგენს 52 140 ლარს, თუმცა კომპანიას ჩამოწერილი აქვს ანგარიშვალდებულ პირზე თანხა 143 285 ლარის ოდენობით (სავარაუდოდ ჩამოწერილია საბაჟოზე ექსპორტის შეფასებული ღირებულების გათვალისწინებით).

შემოწმებით სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილი თანხა ჩაითვალა დაქირავებული პირის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №001-215 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30625 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30625 ბრძანება არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ ტრაქტორების შეძენის ინვოისებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ღირებულება უნდა იყოს მითითებული აშშ დოლარში. საჩივრებს თან ურთავს კორექტირებულ ინვოისებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული და შესაბამისი წესით დამოწმებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილი თანხის დაქირავებული პირის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა მოეხსნას დარიცხული სანქციები, ვინაიდან სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გადასახადის გადამხდელი არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, კომპანია მხოლოდ ერთხელ არის დაჯარიმებული - 100 ლარით, საქართველოს ფარგლებს გარეთ საბანკო ანგარიშების გახსნის შეტყობინების დაგვიანებით წარმოდგენაზე და მხოლოდ ამ წელს ბიუჯეტში გადახდილი აქვს 353 658,6 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამდენად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო და სასოფლო პროდუქციის იმპორტი და მათი რეალიზაცია საქართველოში.

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შემოყვანილი ჰყავს თვლიანი ტრაქტორები შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აღნიშნული ტრაქტორები შეძენილია ფიზიკური პირებისაგან, თანხა გადახდილია ხელზე და ჩამოწერილია ანგარიშვალდებულ პირზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა. შემოწმებით სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილი თანხა ჩაითვალა დაქირავებული პირის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამდენად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)