გადაწყვეტილება №19524/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.06.2023
№ დოკუმენტი 19524/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19524/2/2023

2.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------- 26.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19524/2/2023).

 

დავის საგანი:

დეკლარაციაში აუსახავი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.02.2023 წლის №001838 ბრძანება;

2. საგადსახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.02.2023 წლის №232-1 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8345 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 31 508,41 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 30 860,41

საურავი - 648

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ „დასაბეგრი საგადასახადო დოკუმენტების მართვის შესახებ” შემოსავლების სამსახურის 17.11.2021 წლის №35949 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შესწავლილი იქნა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდი. დადგინდა, რომ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დეკლარაციით მომჩივანს არ ჰქონდა დაბეგრილი ოპერაცია დღგის თანხით, 30 860,41 ლარი.

6.02.2023 წელს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია რის შემდეგაც, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის არაერთი მცდელობისა, მომჩივანმა არ მოახდინა აღნიშნული სხვაობის დეკლარირება და არ დააზუსტა დღგ-ის დეკლარაცია.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.02.2023 წლის №001838 ბრძანებით დასაბეგრ სხვაობაზე განხორციელდა 30 860,41 ლარი დღგ-ის თანხის დარიცხვა, რაზეც გამოიცა ამავე დეპარტამენტის 27.02.2023 წლის №232-1 საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.02.2023 წლის №232-1 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8345 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციაზე და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება დარიცხვის შინაარსს, მიიჩნევს, რომ არასწორად მოხდა ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.02.2023 წლის №232-1 საგადასახადო მოთხოვნა და ამავე დეპარტამენტის 27.02.2023 წლის №001838 ბრძანება თანხის დარიცხვის შესახებ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

გ) საქონლის იმპორტი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;

გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

დადგენილია, რომ 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე მომჩივანს გამოუვლინდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია, რომელიც არ იყო დაბეგრილი. მიუხედავად, გადასახადის გადამხდელთან არაერთი კომუნიკაციისა, არ მომხდარა დაუბეგრავი თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა.

გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ არასწორად მოხდა ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.02.2023 წლის №232-1 საგადასახადო მოთხოვნა და ამავე დეპარტამენტის 27.02.2023 წლის №001838 ბრძანება თანხის დარიცხვის შესახებ.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტებს/მიზეზებს, რის საფუძველზეც იგი მოითხოვს ზემოხსენებული დარიცხვის გაუქმებას. ამასთან, არ იკვეთება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

დეკლარაციაში აუსახავი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდი. დადგინდა, რომ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დეკლარაციით მომჩივანს არ ჰქონდა დაბეგრილი ოპერაცია დღგ-ის თანხით, 30 860,41 ლარი.

6.02.2023 წელს განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია რის შემდეგაც, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის არაერთი მცდელობისა, მომჩივანმა არ მოახდინა აღნიშნული სხვაობის დეკლარირება და არ დააზუსტა დღგ-ის დეკლარაცია.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.02.2023 წლის №001838 ბრძანებით დასაბეგრ სხვაობაზე განხორციელდა 30 860,41 ლარი დღგ-ის თანხის დარიცხვა, რაზეც გამოიცა ამავე დეპარტამენტის 27.02.2023 წლის №232-1 საგადასახადო მოთხოვნა. რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8345 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(1), 61(3), 158(1), 159(1).