ბრძანება N 5192
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5192
11 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, სოფ. -------)
2024 წლის 26 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2024 წლის 26 იანვრის №87230/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №078-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების ხელფასად დაკვალიფიცირებას და აცხადებს, რომ აღნიშნულ პირებთან დადებული იყო დამატებითი მომსახურების ხელშეკრულებები, რაზეც გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები;
2. არ ეთანხმება მივლინების ხარჯების ხელფასად დაკვალიფიცირებას და აცხადებს, რომ მივლინების ხარჯები ითვალისწინებს მხოლოდ დღიურ ნორმას, რაც არ უნდა გამხდარიყო სადავო.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6963 და 5 ივლისის №15969 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33032 ბრძანება და ამავე თარიღის №078-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 50 098 ლარი, მათ შორის, გადასახადი 30 235 ლარი, ჯარიმა 13 889 ლარი და საურავი 5 974 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული და ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. აღნიშნულის ანალიზით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის ძირითდი საქმიანობაა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში სხვადასხვა ტერიტორიაზე გზების, ხიდებისა და სამელიორაციო არხების მშენებლობა/რეაბილიტაცია. შემოწმებით დადგინდა, რომ სამუშაოების განხორციელებისას გადასახადის გადამხდელს მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ ------- და არამეწარმე ფ/პ ------- გადარიცხული აქვს თანხები სტატუსით „მომსახურების ანაზღაურება“ 64 080 ლარის ოდენობით, ასევე, ------- „სამეურნეო ხარჯებისთვის“ გადარიცხულია 88 405 ლარი. აღნიშნული ფიზიკური პირები წარმოადგენენ კომპანიის დაქირავებულ პირებს (აღნიშნულს ადასტურებს მათზე გაცემული ხელფასი). რაც შეეხება მათ მიერ საწარმოსთვის გაწეულ მომსახურებას, დოკუმენტურად არ დასტურდება, ასევე, შემოწმებისას არ არის წარმოდგენილი დოკუმენტები საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აღნიშნულ პირებზე გაცემული თანხები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დასაქმებული პირისთვის სამუშაოს შესრულებისთვის გაცემულ ანაზღაურებად (ხელფასად) და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. კომპანიის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში ფიქსირდება დაქირავებული ფიზიკური პირებისთვის გადარიცხული მივლინების თანხები (------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------) და ------- (პ/ნ -------)). საწარმოს მიერ ანაზღაურებულ მივლინების ხარჯებზე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია. ვინაიდან შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი მივლინების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ვერ ხერხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის №220 ბრძანებით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით მივლინების ხარჯის გაანგარიშება, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თახები დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად, რაც დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
● დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ ------- და არამეწარმე ფ/პ ------- გადარიცხული აქვს თანხები სტატუსით „მომსახურების ანაზღაურება“ 64 080 ლარის ოდენობით, ასევე, ------- „სამეურნეო ხარჯებისთვის“ გადარიცხულია 88 405 ლარი. აღნიშნული ფიზიკური პირები წარმოადგენენ კომპანიის დაქირავებულ პირებს ხოლო მათ მიერ საწარმოსთვის გაწეული მომსახურება დოკუმენტურად არ დასტურდება, ასევე, შემოწმებისას არ არის წარმოდგენილი დოკუმენტები საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით. აღნიშნულ პირებზე გაცემული თანხები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ------- იყო კომპანიის თანამშრომელი (მძღოლი), თუმცა 2022 წლის ივლისიდან როგორც მეწარმეს გაუფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მან აიღო ვალდებულება, გაერემონტებინა კომპანიის ბალანსზე არსებული ავტომანქანები და სპეცტექნიკა. ხელშეკრულება ითვალისწინებდა კომპანიის მხრიდან სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას. შესრულებული სამუშაოები გაიანგარიშებოდა გარკვეული პერიოდულობით და ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები. იყო სათადარიგო ნაწილის შესაძენად დამატებითი თანხის გადარიცხვის შემთხვევებიც, რაზეც იწერებოდა შესაბამისი აქტი ან დოკუმენტი და სწორედ ასეთი ჩარიცხვების დროს არის დაშვებული მექანიკური უზუსტობები და დანიშნულებაში მითითითებულია „სამეურნეო ხარჯისათვის“. ------- ასევე იყო კომპანიის თანამშრომელი (დამხმარე მუშა), თუმცა 2022 წლის თებერვლიდან გაუფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მან აიღო ვალდებულება ყალიბების მოსამზადებელ სამუშაოებზე, ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მიხედვით ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები.
საჩივარზე თანდართულია აღნიშნულ პირებთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები.
● დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, დაქირავებული ფიზიკური პირებისთვის გადარიცხულია მივლინების თანხები და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, ვერ ხერხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის №220 ბრძანებით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით მივლინების ხარჯის გაანგარიშება. ამდნეად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თახები დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით სრულდებოდა ხულოს მუნიციპალიტეტში სწორკუთხა მილის მოწყობის სამუშაოები, სადაც ------- დასაქმებული იყო ერთჯერადად მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე, ყოველდღიურ სამუშაობს ხელმძღვანელობდა ადგილზე, რაც დასტურდება ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ზედამხედველთან ერთად ხელწერებით. სამუშაოები დაიწყო 2022 წლის 23 აგვისტოს და დასრულდა 01 ოქტომბერს. ჯამში გაცემულია 1 200 ლარი სამივლინებო ხარჯი, რაც არ უნდა გამხდარიყო სადავო, რადგან თანხა გაიცემოდა დღიური ნორმის ფარგლებში. რაც შეეხება -------, ------- და ------- მიმართ გაცემულ მივლინების თანხებს, აღნიშნული პირები მივლინებულ იქნენ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ობიექტებზე სამუშაოდ, მივლინების ხარჯები ითვალისწინებდა მხოლოდ დღიურ ნორმას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია საგადასახადო შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების და მივლინების ხარჯების ხელფასად დაკვალიფიცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელის ძირითდი საქმიანობაა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში სხვადასხვა ტერიტორიაზე გზების, ხიდებისა და სამელიორაციო არხების მშენებლობა/რეაბილიტაცია. შემოწმებით დადგინდა, რომ სამუშაოების განხორციელებისას გადასახადის გადამხდელს მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ და არამეწარმე ფიზიკური პირისთვის გადარიცხული აქვს თანხები სტატუსით „მომსახურების ანაზღაურება“ და „სამეურნეო ხარჯებისთვის“. აღნიშნული ფიზიკური პირები წარმოადგენენ კომპანიის დაქირავებულ პირებს. აღნიშნულ პირებზე გაცემული თანხები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დასაქმებული პირისთვის სამუშაოს შესრულებისთვის გაცემულ ანაზღაურებად (ხელფასად) და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
2. კომპანიის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში ფიქსირდება დაქირავებული ფიზიკური პირებისთვის გადარიცხული მივლინების თანხები. საწარმოს მიერ ანაზღაურებულ მივლინების ხარჯებზე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია. ვინაიდან შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი მივლინების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ვერ ხერხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის №220 ბრძანებით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით მივლინების ხარჯის გაანგარიშება, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თახები დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად, რაც დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და არგუმენტაციის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადამხდელის მიერ ვადაში წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154;