ბრძანება N 19444

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.09.2025
№ დოკუმენტი 19444
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19444

03 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (ფაქტ. მის.: ----- N --)

2025 წლის პირველი აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N 71) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის პირველი აგვისტოს N 97287/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის N 006-245 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ეთანხმება შემოწმების შედეგებს და აღნიშნავს, რომ მათი ქმედება გამოწვეულია შეცდომით. კერძოდ, სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ქონება არ ჰქონდათ ასახული 2024 წლის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში, რაც განპირობებულია არასწორი საბუღალტრო და საგადასახადო ანგარიშგებით, ვინაიდან საგადასახადო ანგარიშგების განმახორციელებელმა პირმა ჩათვალა, რომ მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარირება უნდა მომხდარიყო 2025 წლის პირველ ნოემბრამდე, ხოლო გადახდა შესაბამისი წლის 15 ნოემბრამდე. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის N 12725 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 14 სექტემბრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 9 ივლისის N 15489 ბრძანება და ამავე თარიღის N 006-245 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 51 563 ლარი, მათ შორის, გადასახადი 0 ლარი, ჯარიმა 17 187 ლარი, საურავი 0 ლარი, ხოლო მიწის (არასასოფლო) გადასახადი, რომლის გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა 34 375 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2024 წლის 13 მაისს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 143 231 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ N1-აუზზე (მიწისქვეშა), რომელიც მდებარეობს ----- მუნიციპალიტეტში, სოფელ ----- გაფორმებულია იჯარის ხელშეკრულება სარგებლობის ულებით (აღნიშნული ხელშეკრულება შეწყდა 20.05.2025 წლის გადაწყვეტილებით). მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, მის სარგებლობაში არსებულ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 143 231 კვ.მ მიწის ფართის დეკლარირება უნდა მოეხდინა 2024 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციით. გადამხდელმა 2024 წლის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში აღნიშნული მიწის ფართი არ შეიტანა და მიწაზე კუთვნილი ქონების გადასასახადი არ ერიცხება.

შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლი 203-ის მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 204-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 205-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მიწის ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლისმე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში. ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ აუზზე (მიწისქვეშა), გაფორმებულია იჯარის ხელშეკრულება სარგებლობის ულებით (აღნიშნული ხელშეკრულება შეწყდა 20.05.2025 წლის გადაწყვეტილებით). მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, მის სარგებლობაში არსებულ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართის დეკლარირება მომჩივანს უნდა მოეხდინა 2024 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციით. გადამხდელმა 2024 წლის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში აღნიშნული მიწის ფართი არ შეიტანა, შესაბამისად მიწაზე კუთვნილი ქონების გადასასახადი არ ქონდა დარიცხული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლი 203-ის მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 204-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 205-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მიწის ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 275.