გადაწყვეტილება №27096/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.06.2026
№ დოკუმენტი 27096/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27096/2/2026

19 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 6.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27096/2/2026).

 

დავის საგანი:

საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2025 წლის №002-228 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.03.2026 წლის №6233 ბრძანება

 

დარიცხული თანხა: 146 399,37 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 93 880,8

ჯარიმა - 46 940,5

საურავი - 5 578,07

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.

აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო პროგრამის მიხედვით დამფუძნებლის მიერ სესხის სახით შეტანილი თანხების საწყისი ნაშთი შეადგენს 799 912 ლარს. აღნიშნული თანხა შესამოწმებელ პერიოდში ეტაპობრივად გატანილია დამფუძნებლის მიერ. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა არ მოიცავს წინა საანგარიშო პერიოდის მონაცემებს, რითაც დადასტურდებოდა შესამოწმებელი პერიოდის სასტარტო ნაშთების ნამდვილობა. აღნიშნული ნაშთების სისწორის/რეალობის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის საფუძველზე, განხორციელდა ანალიტიკური პროცედურები. ამასთან, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, საბანკო ანგარიშებზე ფულის ნაშთების გათვალისწინებით, დაზუსტდა 1.01.2022 წლის მდგომარეობით კომპანიის აქტივების ოდენობა, რაც განსხვავდება წარდგენილ ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული ნაშთისგან.

მოთხოვნის მიუხედავად გადასახადის გადამხდელს სასტარტო ნაშთების ფორმირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, საგადასახადო ორგანოსთვის არ მიუწოდებია. დამფუძნებლის შენატანის შემოწმებით დადგენილი ოდენობა, განსხვავდება დამფუძნებლის მიერ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოდან გატანილი თანხის ოდენობისგან. გამოვლენილი სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2025 წლის №002-228 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.03.2026 წლის №6233 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსხური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 491 მუხლზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმებას არ მოუთხოვია წინა საანგარიშო პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომლითაც დასტურდება შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთების ნამდვილობა. დამფუძნებლის შენატანის ოდენობა არ განსხვავდება კომპანიიდან გატანილი თანხის ოდენობისგან. ამასთან, საჩივარზე დანართის სახით წარმოადგენს 2021 წლის ბრუნვით უწყისს და საბუღალტრო პროგრამას.

შემოწმების მიერ არ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ინფორმაციის ანალიზი. წარდგენილი აქვს შესამოწმებელი პერიოდის ბუღალტრული მონაცემები, არ ყოფილა მოთხოვნილი წინა საანგარიშო პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, სადაც დადასტურდებოდა შესამოწმებელი პერიოდის სასტარტო ნაშთების ნამდვილობა ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებს ,,ინფო” საბუღალტრო პროგრამაში; დაზუსტება 1.01.2022 წლის მდგომარეობით კომპანიის აქტივების ოდენობის არ ხდება და არ განსხვავდება წარდგენილ ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული ნაშთისგან. შემოწმების მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა სასტარტო ნაშთების ფორმირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

შემოწმების შედეგები ამ ნაწილში ექვემდებარება კორექტირებას. აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინება, გამოიწვევს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

დადგენილია, რომ კომპანიის დამფუძნებლის შენატანის შემოწმებით დადგენილი ოდენობა, განსხვავდება დამფუძნებლის მიერ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოდან გატანილი თანხის ოდენობისგან. გამოვლენილი სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივნის განმარტებით, საგადასახადო ორგანოს არ მოუთხოვია წინა საანგარიშო პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომლითაც დასტურდება შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთების ნამდვილობა. დამფუძნებლის შენატანის ოდენობა არ განსხვავდება კომპანიიდან გატანილი თანხის ოდენობისგან. აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინება, გამოიწვევს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელი ითხოვს თანხის სრულად სესხად განხილვას და განმარტავს, რომ სესხის თანხა 799 912 ლარი სრულად საჭირო იყო საწარმოს ფუნქციონირებისთვის, ასევე მომჩივანმა წარმოადგინა საბუღალტრო პროგრამიდან 2021-2022 წლებზე ბრუნვითი უწყისი, რომელიც არ ცვლის შემოწმებით დადგენილ მონაცემებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში საჩივრის განხილვა 15.05.2026 წელს ჩატარდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. მომჩივანმა ითხოვა დრო დოკუმენტური მტკიცებულებების წარსადგენად. საბჭომ გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტები და ერთი კვირით შეაჩერა საჩივრის განხილვა, იმ მიზნით რომ მომჩივანი აუდიტის დეპარტამენტში წარადგენდა დამატებით მტკიცებულებებს. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ იქნა სარწმუნოდ მიჩნეული, ვინაიდან დოკუმენტის მიხედვით შეძენა განხორციელებულია ფიზიკური პირისგან, თუმცა, წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტში ვერ ხდება აღნიშნული ფიზიკური პირის იდენტიფიცირება (არასწორად არის მითითებული პირადი ნომერი). აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივანთან შედგა კომუნიკაცია, თუმცა, მიღება-ჩაბარების სწორი ვერსია მისი მხრიდან მოწოდებული არ არის.

საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ წარადგინა ახალი არგუმენტები ან მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო პროგრამის მიხედვით დამფუძნებლის მიერ სესხის სახით შეტანილი თანხები შესამოწმებელ პერიოდში ეტაპობრივად გატანილია დამფუძნებლის მიერ. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა არ მოიცავს წინა საანგარიშო პერიოდის მონაცემებს, რითაც დადასტურდებოდა შესამოწმებელი პერიოდის სასტარტო ნაშთების ნამდვილობა. აღნიშნული ნაშთების სისწორის/რეალობის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, განხორციელდა ანალიტიკური პროცედურები. ამასთან, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, საბანკო ანგარიშებზე ფულის ნაშთების გათვალისწინებით, დაზუსტდა კომპანიის აქტივების ოდენობა, რაც განსხვავდება წარდგენილ ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული ნაშთისგან.

მოთხოვნის მიუხედავად გადასახადის გადამხდელს სასტარტო ნაშთების ფორმირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, საგადასახადო ორგანოსთვის არ მიუწოდებია. დამფუძნებლის შენატანის შემოწმებით დადგენილი ოდენობა, განსხვავდება დამფუძნებლის მიერ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოდან გატანილი თანხის ოდენობისგან. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ წარადგინა ახალი არგუმენტები ან მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154