ბრძანება N 15982

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.07.2025
№ დოკუმენტი 15982
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 15982

15 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 29 აპრილის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 მაისის, 22 მაისის და 3 ივლისის სხდომებზე (ოქმები №36, №42 და №52) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 29 აპრილის №95360/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აპრილის №006-77 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებული ფულის ნაშთის გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ სალაროში ფულის ინვენტარიზაციის პროცედურისას თანხები საქვეანგარიშოდ ერიცხებოდა ანგარიშვალდებულ პირს და აღნიშნული თანხა გაიხარჯა საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთნახმება კრედიტორული ნაშთების მიღებულ ავანსად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ შემოწმებას კრედიტორული ნაშთი არ უნდა დაეკვალიფიცირებინა ავანსად, რადგან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით განსაზღვრული წინაპირობები. ამასთან, მომჩივანი განმარტავს, რომ ბუღალტრულ პროგრამაში ცალკეულ კომპანიებს, რომლებსაც უფიქსირდება კრედიტორული ნაშთი, ასევე გააჩნია დებიტორული დავალიანება, რაც არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის გაანგარიშებისას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 თებერვლის №2023 და 27 მარტის №5751 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 7 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 28 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 8 აპრილის №6718 ბრძანება და ამავე თარიღის №006-77 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 96 725 ლარი, მათ შორის გადასახადი 62 966 ლარი, ჯარიმა 31 123 ლარი და საურავი 2 636 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვით გადამხდელს სალაროში (1110 და 1430 ანგარიშზე) უფიქსირდება უძრავი ნაშთები. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით, გაანგარიშდა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლის და საკასო ხარჯის მეათედი). დადგინდა სხვაობა განსაზღვრულ ყოველთვიურ სალაროს (1110, 1430) უძრავ ნაშთსა და შესაბამისი თვის გონივრულ ნაშთს შორის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, არაგონივრული ნაშთიდან მინიმალური ნაშთი ჩაითვალა 2023 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად. ამასთან, 2025 წლის 7 თებერვალს განხორციელდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 2 862 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სალაროში ფულის ინვენტარიზაციის თარიღში დადგინდა სალაროს უძრავი ნაშთი (1110, 1430), რასაც გამოაკლდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ნაღდი ფულის ფაქტიური ნაშთი და გამოაკლდა 2023 წლის ივნისში ხელფასად განხილული ნაშთი, სხვაობა დაკვალიფიცირდა 2025 წლის თებერვლის საანგარიშო თვეში გაცემულ ხელფასად. ხელფასად განხილული თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად ჩართულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

2. გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგის ბრუნვებს შორის. შემოწმების მიერ, წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით გაანგარიშდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, 1410 ანგარიშზე ცალკეულ პირებთან უფიქსირდებათ კრედიტორული ნაშთები, რაც გადამხდელის განმარტებით წარმოადგენს ზედმეტად გადახდილ თანხებს, რისი უკან დაბრუნებაც არ ხდება, ვინაიდან აღნიშნულ პირებთან აქვთ სავაჭრო ურთიერთობა, აღნიშნული ნაშთები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა ავანსად და დაიბეგრა დღგ-ით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლებისა და შემოწმებით დადგენილი 18%-ით დასაბეგრი ბრუნვების მიხედვით დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემები. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული ფულის ნაშთის გარდა, საწარმოს ეკონომიკური საქმიანობისთვის, საქვეანგარიშოდ გაცემული ჰქონდა კონკრეტული თანხები, რაც დასტურდება საჩივარზე თანდართული მტკიცებულებებით.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის თანახმად:

1. თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, პირის მიერ გადახდილი ანაზღაურება ჩაითვლება დასაბეგრ თანხად და ოპერაცია დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ანაზღაურების მიღების მომენტში სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:

ა) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება;

ბ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების რაოდენობა/ მოცულობა;

გ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების ღირებულება;

დ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას.

3. იმ შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობები, მაგრამ მხარეთა შეთანხმებით საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე განხორციელდა ანაზღაურების გადახდა და ანაზღაურების მიღების საანგარიშო პერიოდზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა, დღგ-ით დაბეგვრის დრო არის ანაზღაურების მიღების მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში 1410 ანგარიშზე ცალკეულ პირებთან უფიქსირდება კრედიტორული ნაშთები, რაც გადამხდელის განმარტებით წარმოადგენს ზედმეტად გადახდილ თანხებს, რისი უკან დაბრუნებაც არ ხდება. საგადასახადო შემოწმების მიერ აღნიშნული ნაშთები ჩაითვალა ავანსად და დაიბეგრა დღგ-ით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი აცხადებს, რომ 1410 ანგარიშზე არსებული კრედიტორული ნაშთები არ აკმაყოფილებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირობებს. ამდენად, მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნაშთების ავანსად განხილვა და შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრა არასწორია. ასევე აცხდებს, რომ დღგ-ის გაანგარიშებისას საგადასახადო შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბუღალტრულ პროგრამაში ცალკეული კომპანიები, რომლებსაც უფიქსირდებათ კრედიტორული ნაშთები, მათ ასევე გააჩნიათ დებიტორული დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, შეისწავლოს კრედიტორული ნაშთების ავანსად განხილვის საკითხი. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს დებიტორ-კრედიტორების განაშთვის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, შეისწავლოს კრედიტორული ნაშთების ავანსად განხილვის საკითხი. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს დებიტორ-კრედიტორების განაშთვის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოწმების მიერ გაანგარიშებული ფულის ნაშთის გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

2. კრედიტორული ნაშთების მიღებულ ავანსად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვით გადამხდელს სალაროში უფიქსირდება უძრავი ნაშთები. შემოწმების მიერ გაანგარიშდა გონივრული ნაშთის ოდენობა და დადგინდა სხვაობა განსაზღვრულ ყოველთვიურ სალაროს უძრავ ნაშთსა და შესაბამისი თვის გონივრულ ნაშთს შორის. არაგონივრული ნაშთიდან მინიმალური ნაშთი ჩაითვალა გაცემულ ხელფასად. ამასთან, 2025 წლის 7 თებერვალს განხორციელდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სალაროში ფულის ინვენტარიზაციის თარიღში დადგინდა სალაროს უძრავი ნაშთი, რასაც გამოაკლდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ნაღდი ფულის ფაქტიური ნაშთი და გამოაკლდა ხელფასად განხილული ნაშთი, სხვაობა დაკვალიფიცირდა 2025 წლის თებერვლის საანგარიშო თვეში გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

2. გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ბრუნვებს შორის. შემოწმების მიერ, წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით გაანგარიშდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, ცალკეულ პირებთან უფიქსირდებათ კრედიტორული ნაშთები, რაც გადამხდელის განმარტებით წარმოადგენს ზედმეტად გადახდილ თანხებს, რისი უკან დაბრუნებაც არ ხდება, ვინაიდან აღნიშნულ პირებთან აქვთ სავაჭრო ურთიერთობა, აღნიშნული ნაშთები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა ავანსად და დაიბეგრა დღგ-ით. შემოწმებით დადგენილი 18%-ით დასაბეგრი ბრუნვების მიხედვით დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემები. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კრედიტორული ნაშთების ავანსად განხილვის საკითხი. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს დებიტორ-კრედიტორების განაშთვის საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 105(2); 159;