გადაწყვეტილება №18456/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18456/2/2022
16.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ -ს 15.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18456/2/2022).
დავის საგანი:
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება საბაზრო ფასის მიხედვით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2022 წლის №001-57 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22966 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 22 848,93 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 14 226
მიწა (არასასოფლო) - 48
ქონების გადასახადი - 14 178
ჯარიმა - 4 670,5
საურავი - 3 952,43
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი.
შემოწმების პროცესში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა ქალაქ „-------“ №9-ში მდებარე 220,69 მ 2 ფართი (ს/კ „-------“ ), (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 1.10.2013). საგადასახადო შემოწმებით გაირკვა, რომ ხსენებულ ქონებაზე გადამხდელი ქონების გადასახადის ნაწილში არ ახორციელებდა დეკლარირებას. აღსანიშნავია, რომ კომპანიას, შესამოწმებელ პერიოდში საერთოდ არ უფიქსირდება წარდგენილი დეკლარაციები.
საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი. ასევე, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2022 წლის №001-57 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22966 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-7 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-7 პუნქტზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანმა 23.04.2004 წელს 10 000 ლარად შეიძინა 100%-იანი წილი 22.12.1995 წელს დაფუძნებული შპს „-------“ , რომლის ქონებას წარმოადგენდა კომერციული ფართი, მდებარე „-------“ - ის №9-ში. ფართი შეადგენს 220,69 მ 2 -ს. მიწა არც 1995 წელს რეგისტრირებულ შპს „-------“ -ს და არც შპს „-------“ -ს არ გააჩნია საკუთრებაში. კომერციული ფართი წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულს. მომჩივანს არ ეკუთვნის მიწის გადასახადის დარიცხვა, საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად.
ქონების გადასახადი დაერიცხა 2019 და 2020 წლის შეფასებული საბაზრო ღირებულებით, რაც არასწორია, როგორც საგადასახადო კუთხით, ასევე ფინანსური კუთხით. შენობა 1995 წლიდან არის „-------“ -ს საკუთრებაში და აშენებულია 70-80-იან წლებში, მას გააჩნია მინიმალური ღირებულება. შენობა კი შეაფასეს საბაზრო ღირებულებით, რაც არასწორია .საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.
შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საბაზრო ღირებულებას და მოიძიებს დამატებით მასალებს ქონების ფასთან დაკავშირებით, პირიქით, აუდიტის დეპარტამენტი მომჩივანს სთავაზობდა შეეფასებინა ქონება. გადასახადის გადამხდელმა არ შეაფასა, რადგან ქონების გადასახადის დარიცხვა უნდა მომხდარიყო ნარჩენ საბალანსო ღირებულებიდან და ვერ ხვდებოდა რა კავშირშია ქონების საბაზრო ღირებულება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის 41 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, წესი არ ვრცელდება:
ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე;
გ) იმ შემთხვევაზე, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის შესაძლებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილში მითითებული საფუძვლის გარეშე (მაგალითად: ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონების ღირებულება; ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის აღურიცხველობის გამოვლენა; გადამხდელთან არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის შეუძლებლობა და ა. შ.).
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში უფიქსირდებოდა უძრავი ქონება, რომელიც არ ჰქონდა აღრიცხული და დაბეგრილი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, 17.03.2022 წლის შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის (№54736/03/22) საფუძველზე განისაზღვრა ქონების საბაზრო ღირებულება 159 050 აშშ დოლარად და სწორედ აღნიშნული საბაზრო ღირებულებიდან განისაზღვრა ქონების გადასახადი
მომჩივნის არგუმენტი, რომ ქონების გადასახადის დარიცხვა 2019 და 2020 წელს შეფასებული საბაზრო ღირებულებით არასწორია სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლებზე, ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-7 პუნქტზე, რაც ითვალისწინებს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.