გადაწყვეტილება №25242/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25242/2/2025
17 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 12.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------31.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25242/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2025 წლის №001-63 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.05.2025 წლის №11132 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 30 538.87 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 17 855.88
ჯარიმა - 5 626.12
საურავი -7 056.87
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტაილანდური მეთოდით მასაჟების პროცედურების ჩატარება.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5212 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლოსალარო აპარატითა და პოსტტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული მონაცემების შესწავლისას გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად დაუდგინდა 2022 წლის 30 აგვისტო, ხოლო, მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 18 ივლისიდან.
შემოწმების შედეგები აისახა 1.05.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 მაისის №9384 ბრძანება და ამავე თარიღის №001-63 საგადასახადო მოთხოვნა.
ხსენებული საგადასახადო მოთხოვნა, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.05.2025 წლის №11132 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე, 282-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ბუღალტრის შეცდომის გამო მოხდა დღგ-ზე დაგვიანებით რეგისტრაცია ნაცვლად 18.10.2022 წლისა განხორციელდა რეგისტრაცია 18.07.2023 წელს. ამბობს, რომ გადაიხდის ძირ თანხას და კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2025 წლის №------- წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ შემოწმებულია კომპანიის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო -სალარო აპარატითა და პოსტტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. აღნიშნული მონაცემების შესწავლისას მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი დაუდგინდა 30.08.2022 წელი, ნაცვლად 18.07.2023 წლისა.
მომჩივანი არ დავობს დარიცხვის მართლზომიერებაზე, არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მაგრამ მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით. მომჩივნის არგუმენტი, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო ადამიანური ფაქტორით, კერძოდ ბუღალტრის მიზეზით, არ წარმოადგენს კომპანიისთვის საპატიო გარემოებას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების არაჯეროვნად შესრულებისთვის.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტაილანდური მეთოდით მასაჟების პროცედურების ჩატარება.
გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად დაუდგინდა 2022 წლის 30 აგვისტო, ხოლო, მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 18 ივლისიდან.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;282(1);275(2):