ბრძანება N 10510

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.05.2023
№ დოკუმენტი 10510
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 10510

10.05.2023

შპს „--------“

(ფაქტ. მის: „--------“ )

2023 წლის 13 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 მაისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „--------“) №80364/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 9 მარტის ექსპერტიზის №002160/2023 დასკვნას და შპს N2 (ს/ნ „--------“) საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ 2023 წლის 4 აპრილის №7190 ბრძანებას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით ინვოისითაც დასტურდება, რომ საქონელი შინაარსობრივად აბსოლტურად შეესაბამება სეს ესნ-ის 8421 21 000 09 კოდს. საფილტრი მოწყობილობის სქემა ნახაზით ნათლად ჩანს რომ მათ მიერ დაშლილ მდგომარეობაში შემოტანილია წყლის გასაფილტრი მოწყობილობები, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. მისივე განცხადებით, აღნიშნული მტკიცებულების საბაჟოზე წარდგენის საშუალება არ მიეცაა და საქონელი აღქმული იქნა, როგორც სხვადსხვა დასახელების ცალკე კოდებზე მყოფ პროდუქციად, რაც მომჩივნის მოსაზრებით, არ შეესაბამება სიმართლეს. მომჩივანი ასევე არ ეთანხმება, სადავო ბრძანებაში ჩამოყალიბებულ ფორმულიერებას თითქოსდა გამოვლენილია არადეკლარირებული საქონელი, ვინაიდან კომპანიას, განზრახული არ ჰქონია არადეკლარირებული საქონლის შემოეტანა, რასაც მეტყველებს კომპანიის მიერ შევსებული დეკლარაციაც, ინვოისი და ყველა ის გარემოება, რომელიც ზუსტად ასახავს ინვოისში მოცემულ მონაცემებს ეს იქნება საბაჟო ღირებულება 49078,01 ლარი, საქონლის დასახელება თუ საქონლის საერთო წონა, რაც ექსპერტის დასკვნითაც დასტურდება. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე და განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 10 თებერვალს შპს N2-ის (ს/ნ „--------“) მიერ განხორციელდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში 14 ერთეული წყლის გასაფილტრი მოწყობილობის (დაშლილ მდგომარეობაში, სეს ესნ-ის 8421 21 000 09 სასაქონლო ქვესუბპოზიცია, საბაჟო ღირებულება – 49078,01 ლარი, საერთო წონა – 6173 კგ) წინასწარი დეკლარირება №„--------“ საქონლის საბაჟო დეკლარაციით. დეკლარირებული საქონელი 2023 წლის 28 თებერვალს შემოტანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ გავლით, რა დროსაც მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms”-ის მეშვეობით რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის შეირჩა „წითელი დერეფანი“.

2023 წლის 1-2 მარტს გაფორმების ეკონომიკურ ზონა „თბილისში“ №„--------“ საქონლის საბაჟო დეკლარაციისა და მისი თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების შედეგად, დეკლარირებულის ნაცვლად, გამოვლინდა სხვადასახვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი (საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი №20230307/1(0703.2023)).

ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის საფუძველზე, არადეკლარირებულ საქონელს განესაზღვრა დეკლარირებული საქონლისგან განსხვავებული სეს ესნ-ის კოდი და მისმა საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 49078,01 ლარი (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 9 მარტის ექსპერტიზის დასკვნა №002160/2023).

ვინაიდან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება სცილდებოდა 15 000 ლარს, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შენიშვნის პირველის ნაწილის მიხედვით, ამავე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საქმის მასალები, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (წერილის რეგ. №------ (15/03/2023)).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2023 წლის 28 მარტის №------- წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მასალების შესწავლის შედეგად, არ დაწყებულა გამოძიება და აღნიშნულიდან გამომდინარე ეთხოვა საბაჟო დეპარტამენტს იმოქმედოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

რადგანაც, 49078,01 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანისათვის, შპს N2 -ს (ს/ნ „------- “ ) არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, არსებობდა მის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების საფუძველი. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 4 აპრილს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა №7190 ბრძანება, რომლითაც მითითებულ პირს საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის − 49078,01 ლარის ოდენობით.

შპს N2-ის (ს/ნ „------- “) მიერ, საჩივარზე დამატებით, საბაჟო დეპარტამენტში წარმოდგენილ იქნა შპს „დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრი "------" -ის “ 2023 წლის 21 აპრილის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა №09/01. მასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გამცემი პირი (შპს „დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრი "------" “) არ იძებნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს რეესტრში (https://gac.gov.ge/ka/accredited-bodies/16). შესაბამისად, არ დასტურდება მისი აკრედიტაცია. გარდა აღნიშნულისა, მითითებული დოკუმენტით არც განსახილველი საქონლის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი და, ამასთანავე, იგი არ პასუხობს სადავო საკითხსაც.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებული იქნა 14 ერთეული წყლის გასაფილტრი მოწყობილობის (დაშლილ მდგომარეობაში, სეს ესნ-ის 8421 21 000 09 სასაქონლო ქვესუბპოზიცია, საბაჟო ღირებულება – 49078,01 ლარი, საერთო წონა – 6173 კგ) № „------- “ საქონლის საბაჟო დეკლარაციით, რომლისთვისაც შეირჩა „წითელი დერეფანი“. საბაჟო დეკლარაციისა და მისი თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების შედეგად, დეკლარირებულის ნაცვლად, გამოვლინდა სხვადასახვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი. არადეკლარირებულ საქონელს განესაზღვრა დეკლარირებული საქონლისგან განსხვავებული სეს ესნ-ის კოდი და მისმა საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 49078,01 ლარი.

შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა მართზომიერია.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საქართველოს საბაჟო კოდექსის თავი IV საქონლის საბაჟო ღირებულების შესაბამისად, კერძოდ 38-ე მუხლის - გარიგების ფასის (პირველი) მეთოდის მიხედვით. საქონლის კლასიფიკაციისთვის კი გამოყენებული იქნა „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე-3 მუხლში მოცემული ინტერპრეტაციის ძირითადი წესები: „მუხლი 3. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების მე-2 პუნქტი: კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებით და, თუ ამ ტექსტებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, შემდეგი დებულებების შესაბამისად: 6. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია რომელიმე სასაქონლო პოზიციის სუბპოზიციებში ხორციელდება ასეთი სუბპოზიციების დასახელებების და სუბპოზიციებთან დაკავშირებული შენიშვნების, ასევე mutatis mutandis, ზემოთ მოყვანილი წესების დებულებათა შესაბამისად, იმ პირობით, რომ მხოლოდ ერთსა და იმავე დონის სუბპოზიციებია შესადარისი. მოცემული წესის მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე შენიშვნები შესაბამისი კარისა და ჯგუფისთვის, თუ კონტექსტი არ მოითხოვს სხვაგვარად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონლის სეს ესნ კოდების შესახებ ინფორმაცია მიეთითა დანართი №1-ში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „--------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16), ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეკლარაციისა და მისი თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების შედეგად, დეკლარირებულის ნაცვლად, გამოვლინდა სხვადასახვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი. არადეკლარირებულ საქონელს განესაზღვრა დეკლარირებული საქონლისგან განსხვავებული სეს ესნ-ის კოდი.მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

13,35(1),163(1),168(1)

„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მუხლი 3.