გადაწყვეტილება №20646/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.01.2024
№ დოკუმენტი 20646/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20646/2/2023

24 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ -ის 23.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20646/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 18.11.2022 წლის 17401/2/2022 წლის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2023 წლის №001-166 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 555 366 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 286 160

დღგ - 90 310

მიწა-არასასოფლო - 306

საშემოსავლო გადასახადი - 183 434

ქონების გადასახადი - 12 110

ჯარიმა - 142 270

საურავი - 126 936

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე, ხოლო შპს „N1-ის“ (ს/ნ „------“ ) დამოუკიდებლად ფუნქციონირების ნაწილში 1.01.2018 წლიდან 19.06.2020 წლამდე (შერწყმამდე) პერიოდების, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია საქონლის მოძრაობის შესახებ, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. 2021 წლის 23 აპრილის №„------“ საგადასახადო შეტყობინების საფუძველზე მოთხოვნილ ინფორმაციაზე, ელექტრონული დანართის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა (ელექტრონული სახით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 2018–2020 წლების სანგარიშო პერიოდებზე (წლების მიხედვით). აღნიშნული ნაშთების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, მიღებული/შესყიდული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაციით გაანალიზდა 2018-2020 წლებში დეკლარირებული ფასნამატი, რომელიც შეადგენს 7.9%-ს.

შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები რამდენჯერმე, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე გაფრთხილებულია ერთხელ, ფასმაჩვენებელზე 2-ჯერ და სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაზე ერთხელ. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, საქონლის საკონტროლო შესყიდვის ანალიზით ფასნამატი შეადგენს 10%-ს. დოკუმენტური რეალიზაციის წილი დეკლარირებულ მთლიან რეალიზაციაში შეადგენს 0.15%-ს, რაც არაარსებითია საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისთვის. გადასახადის გადამხდელის მიერ, ასევე წარდგენილი იქნა ინფორმაცია 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ, საქონლის ჭრილში. ზემოთ ჩამოთვლილი, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზით, 2021 წელს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს მინუს 9%-ს.

შემოწმებით, ასევე დამატებით გაანალიზდა 2019-2020 წლების რამდენიმე თვეზე შემოწმებისთვის წარდგენილი საქონლის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შესაბამისობაში მოდის დეკლარირებული შემოსავლის და დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდვების მონაცემებთან და 2018-2020 წლებზე კომპანიის მიერ დეკლარირებულ ზემოხსენებულ ფასნამატთან. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, მხოლოდ 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე (იანვარი, თებერვალი, მარტი) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ფასნამატი 7.5%-ის ოდენობით. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით დაკორექტირდა 2021 წლის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;

- გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სალაროში თანხების მოძრაობის დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენა. გადასახადის გადამხდელის მიერ ელ. ფოსტის მეშვეობით წარდგენილი იქნა მხოლოდ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით არსებული სალაროს ნაშთი.

შემოწმების მიერ, სალაროს საწყის ნაშთად აღებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული სალაროს საბოლოო ნაშთის ოდენობა. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით (საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების მდგომარეობით) შემოსავლების და ხარჯების შეპირისპირებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი 984 842 ლარის ოდენობით, რომელშიც, შემოწმებით გაზრდილი შემოსავლის წილი შეადგენს 592 025 ლარს. ვინაიდან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ დასტურდება აღნიშნული ნაშთის სალაროში არსებობა, შემოწმებით აღნიშნული განხილული იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის გათვალისწინებით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №41862 ბრძანება და №001-505 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.07.2022 წლის №19081 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.07.2022 წლის №19081 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 18.11.2022 წლის №17401/2/2022 წლის გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ:

- პირველი სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა;

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან მიმართებით, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა

დავების განხილვის საბჭოს 18.11.2022 წლის №17401/2/2022 წლის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2023 წლის №001- 166 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა აუდიტის დეპარტამენტში, 18.11.2022 წლის №17401/2/2022 გადაწყვეტილების თანახმად, 22.02.2023 წელს (განცხადების რეგისტრაციის ნომერია "------") არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/მტკიცებულებები (გაანგარიშების ცხრილები).

წარდგენილ გაანგარიშების ცხრილებში ასახული იყო მტკიცებულებები 1.01.2021 წლის ნაშთის თვითღირებულების შესახებ, რომ პროგრამული მონაცემები არ შეესაბამებოდა რეალურ თვითღირებულებას და გვერდით ქონდა მიწერილი რეალური თვითღირებულება ერთეული პროდუქციის, რაც დაანგარიშებული იყო უკანასკნელი შეძენის დოკუმენტების მიხედვით. აღნიშნული მონაცემები შემმოწმებელმა აუდიტორმა ჩათვალა არასაკმარისად იმ მიზეზით, რომ „მე რა ვიცი იქნებოდა ნაშთში არსებული რაოდენობაც შეცდომით არისო და ამიტომ ვერ გავითვალისწინებ წარმოდგენილ მასალებს და მტკიცებულებებსო“, მისი და მისი სამმართველოს უფროსის განმარტებით, ახლა ვერ დაგიკმაყოფილებთო, აღსრულება გაასაჩივრე და მოითხოვე, რომ ძველი შემოწმებული პერიოდის საბოლოო ნაშთი რომ ავიღოთ, რასაც დავეყრდნობით, მთელს შემდგომ პერიოდზე გავავრცელოთ ფასნამატი და ისე დავიანგარიშოთ შემოსავალიო.

ყურადღება უნდა გამახვილდეს შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატის ცხრილზეც, რომელიც მას შემდეგ რაც მიწოდებული იქნა და მოახერხა ერთობლივად გავლა შემმოწმებელ აუდიტორთან აღმოჩნდა, რომ მის მიერ ფასნამატის გაანგარიშებისათვის აღებულ იქნა მხოლოდ 2 თვის, კერძოდ 2019 წლის ნოემბრის და 2020 წლის აპრილის თვის მონაცემები, რისი მიხედვითაც გაანგარიშებული ქონია ფასნამატი. აღსანიშნავია, რომ სხვა თვეებთან შედარებით, ამ ორ თვეში უფიქსირდებოდა ყველაზე დიდი ფასნამატი კომპანიას მარკეტის გაყიდვების პროგრამული ჩანაწერების მიხედვით და შემმოწმებელმა კი იმ მიზნით, რომ დიდი ფასნამატი გაანგარიშებულიყო, აიღო ზუსტად ეს ორი თვე. ანალოგიურად, 1.01.2021 წლის ნაშთის მსგავსად, შემმოწმებელ აუდიტორს არ მოუხდენია ჩამოწერილი პროდუქციის თვითღირებულების გადამოწმება, სადაც ასევე არეული იყო თვითღირებულებები, რაც იწვევს ფასნამატის არასწორ გაანგარიშებას, რის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებით გადასახდელად გადასახადი და სანქცია.

შემოწმების მიმდინარეობისას არაერთხელ იქნა გაფრთხილებული შემმოწმებელი აუდიტორი, რომ მარკეტის პროგრამულ ცხრილებში თვითღირებულებები არეული იყო პროგრამის დავირუსების და დაზიანების გამო.

მტკიცებულებების და უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის წარმოადგენს სხვაობებს რეალურ თვითღირებულებებსა და მარკეტის პროგრამულ მონაცემებში არსებულ თვითღირებულებებს შორის რითიც იხელმძღვანელა შემოწმებამ, როგორც ნაშთის ასევე, ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში, ითხოვს მათი მხრიდან დამატებით შესწავლას გადასახადის გადამხდელის თანდასწრებით და გადაანგარიშების გაკეთებას.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა საგადასახადო შემოწმების აქტში მოყვანილ შემდეგ საკითხებს, რომელიც დაკმაყოფილებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში:

საკითხი №1-აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის საკითხი სრულყოფილად შესწავლილი. შემოწმების მიერ საკითხთან დაკავშირებით ფაქტობრივ გარემოებაში აღწერილი ინფორმაცია არ ასახავს რეალობას და შემოწმების მიერ საკითხი არ არის შესწავლილი სრულყოფილად კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. შემმოწმებელ აუდიტორებს დაშვებული აქვთ მრავალი შეცდომა გაანგარიშების ცხრილებში, მათ შორის აღსანიშნავია, რომ შემმოწმებელ აუდიტორებს არასწორად აქვთ აღებული და გაანგარიშებული საბოლოო 31.03.2021 წლის ნაშთი. კომპანიის მიერ ხდება, როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ის დაბეგვრისგან გათავისუფლებული პროდუქციის რეალიზაციაც (როგორც ნულოვანის ასევე დაუბეგრავის). შემოწმებისთვის მიწოდებული ნაშთები შედგებოდა სრული თანხისგან, გადასახადების ჩათვლით. შემოწმებას ნაშთებში გათავისუფლებული საქონელი არ გაუმიჯნია და ნაშთებში მისი თვითღირებულება გაყოფილი აქვს 1.18-ზე ანუ, ამოღებულია დღგ მსგავსად დღგ-ით დასაბეგრი საქონლიდან, შედეგად შემმოწმებელთა აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ზრდა და კომპანიას არასწორად განესაზღვრა შემოსავალი, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. ამასთანავე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი 1.01.2021 წლის არასწორად არის აღებული შემმოწმებელი აუდიტორების მიერ და არ მომხდარა ნაშთის თვითღირებულების გადამოწმება. კომპანია მუშაობდა FMG მარკეტის პროგრამაში, რომელშიც საქონლის თვითღირებულება აირია და ვეღარ მოხდა სამწუხაროდ მისი გასწორება, პროგრამა საქონლის თვითღირებულებას არასწორად აჩვენებდა, კერძოდ საქონლის უმრავლესობაზე თვითღირებულებას აჩვენებდა ნაწილობრივ დღგ-ის ჩათვლით, აღნიშნულის დასადასტურებლად შემმოწმებელ აუდიტორებს მიაწოდებს შესაბამის გაანგარიშებასაც. ნაშთი რომელიც აღებული აქვთ 11 766 დასახელების საქონლიდან, სწორია მხოლოდ 1 191 დასახელების საქონლის თვითღირებულება, დანარჩენი საქონლის თვითღირებულებების სხვაობა კი რეალურ თვითღირებულებასთან არის -99%-დან 452%-მდე. აღნიშნული ადასტურებს, რომ შემმოწმებელმა აუდიტორებმა იხელმძღვანელეს არასწორი და გადაუმოწმებელი მონაცემებით და შედეგად, არასწორად განსაზღვრეს დაბეგვრის ობიექტი, რამაც გამოიწვია დამატებით გადასახადების და ჯარიმის დარიცხვა. არ ეთანხმება შემმოწმებელი აუდიტორების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას მხოლოდ 1.01.2021-31.03.2021 წლის საანგარიშო პერიოდზე გავრცელებას და ითხოვს არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებულ იქნეს მთელს შესამოწმებელ პერიოდზე ან კიდევ 2020 წლის 1 იანვრის ნაშთი იქნას აღებული და უკვე 2020-2021 წლებზე იქნეს გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება როგორც აღნიშნა არეულია 2021 წლის 1 იანვრის ნაშთში. ამასთანავე, დამატებით მტკიცებულების სახით მიაწოდებს მთელი შესამოწმებელი პერიოდის რეალურ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას, სადაც იდენტიფიცირებულია თითოეული საქონლის სარეალიზაციო ფასი, რის შედეგად საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 6%. არ ეთანხმება შემმოწმებელი აუდიტორების მიერ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილსაც, რომელიც საიდან იქნა გაანგარიშებული მისთვის უცნობია, მიუხედავად არაერთი თხოვნისა მათ მიერ არ მომხდარა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის მათთვის მოწოდება.

აღნიშნული საკითხი დააყენეს შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე და მოითხოვეს ცხრილების მოწოდება, მაგრამ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და ყოველგვარ არგუმენტს და მტკიცებულებას მოკლებული მიუხედავად იმისა, რომ განხილვისას გადასახადის გადამხდელის მხრიდან იყო მრავალი არგუმენტი დაფიქსირებული და მიწოდებული.

ითხოვს, შემმოწმებელ აუდიტორებთან ერთად გაანგარიშების ცხრილების და საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის და მტკიცებულებების გავლას, რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს დამატებით დარიცხული გადასახადის და ჯარიმის შემცირება, როგორც დღგ-ში, ასევე საშემოსავლო გადასახადში.

საკითხი №2 - აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშების ცხრილებში დაშვებულია უზუსტობები, არასწორად არის განსაზღვრული შემოსავლები, ხარჯები, ასევე ფულის მოძრაობის ანგარიშგებაც, რასთან დაკავშირებითაც შემმოწმებელ აუდიტორებს წარუდგენს მათ გაანგარიშებებში დაშვებული მექანიკური და არასწორი გაანგარიშების შედეგად მიღებული თანხების საპირისპირო სწორ მონაცემებს და ითხოვს მათთან ერთად გაანგარიშების ცხრილების გავლას და შესაბამისი გადაანგარიშების განხორციელებას, კერძოდ საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული გადასახადის და ჯარიმის შემცირებას.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოითხოვს აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენილი გაანგარიშების ცხრილების შემმოწმებელ აუდიტორებთან ერთად გავლას და შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 18.11.2022 წლის №17401/2/2022 წლის გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- პირველი სადავო საკითხთან დაკავშირებით (არაპირდაპირი მეთოდის მხოლოდ 2021 წლის იანვარი-მარტის პერიოდზე გავრცელება, გაანგარიშებული ფასნამატი), გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა;

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან მიმართებით, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

დავების განხილვის საბჭოს 18.11.2022 წლის №17401/2/2022 წლის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის დასკვნიდან ირკვევა შემდეგი: მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულებების სახით წარდგენილი იქნა ფასნამატის გაანგარიშების და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული გაანგარიშებები შემოწმებისათვის ცნობილი იყო შემოწმების მიმდინარეობის პროცესშიც, რომელსაც შემოწმება არ დაეთანხმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე გადაანგარიშების პროცესშიც არ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის და შესაბამისად აქტით დარიცხული გადასახადები დარჩა უცვლელი.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, აღნიშნავს, რომ საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად წარადგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/მტკიცებულებები (გაანგარიშების ცხრილები), რომელშიც ასახული იყო ინფორმაცია 1.01.2021 წლის ნაშთის თვითღირებულების შესახებ (რომ პროგრამული მონაცემები არ შეესაბამებოდა რეალურ თვითღირებულებას) და გვერდით ქონდა მიწერილი რეალური თვითღირებულება ერთეული პროდუქციის, რაც უკანასკნელი შეძენის დოკუმენტების მიხედვით იქნა გაანგარიშებული, მაგრამ აღნიშნული მონაცემები შემმოწმებელი აუდიტორის მიერ ჩაითვალა არასაკმარისად. ამასთან, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატის ცხრილის მიწოდების და შემმოწმებელ აუდიტორთან ერთობლივად გავლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასნამატის გაანგარიშებისათვის აღებულია მხოლოდ 2 თვის (2019 წლის ნოემბრის და 2020 წლის აპრილის თვის) მონაცემები, რომლებშიც (სხვა თვეებთან შედარებით) ფიქსირდებოდა ყველაზე დიდი ფასნამატი კომპანიის პროგრამული ჩანაწერების მიხედვით და რომ 1.01.2021 წლის ნაშთის მსგავსად, შემმოწმებელ აუდიტორს არ მოუხდენია ჩამოწერილი პროდუქციის თვითღირებულების გადამოწმება, სადაც ასევე არეული იყო თვითღირებულებები, რაც იწვევს ფასნამატის არასწორ გაანგარიშებას, წარმოადგენს სხვაობებს რეალურ თვითღირებულებებსა და პროგრამულ მონაცემებში არსებულ თვითღირებულებებს შორის რითიც იხელმძღვანელა შემოწმებამ, როგორც ნაშთის ასევე, ფასნამატის გაანგარიშების ცხრილში და ითხოვს მათი მონაწილეობით დამატებით შესწავლას და გადაანგარიშების განხორციელებას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა კვლავაც აღნიშნა, რომ წარადგინა გაანგარიშების ცხრილები ფასნამატთან დაკავშირებით, მოხდა შემმოწმებელ აუდიტორთან ერთად გავლა, მაგრამ არ მოხდა მათი მონაცემების გაზიარება, როგორც აღნიშნავდა და აღნიშნავს, პროგრამა დაზიანებული იყო და აღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორი თვითღირებულებები იქნა წარდგენილი (ხან მეტი, ხან ნაკლები) და ამდენად აღებული იქნა არასწორად განსაზღვრული ნაშთი, არაპირდაპირი მეთოდი გავრცელდა მხოლოდ სამ თვეზე და არა მთლიან პერიოდზე, აღებული იქნა 2019 წლის ნოემბრის და 2020 წლის აპრილის თვის ფასნამატები, ანუ ის ორი თვე რომელშიც ყველაზე მაღალი ფასნამატი (8% და 9%) ფიქსირდებოდა (მაგრამ უცნობია რატომ იქნა არჩეული მაინცდამაინც ეს ორი თვე) რასაც არ ეთანხმება. ამასთან გარდა იმისა, რომ არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას მხოლოდ 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე, ითხოვს მისი მთელ შესამოწმებელ პერიოდზე გავრცელებას, ხოლო რაც შეეხება ნაშთს, ითხოვს შემოწმებამ იხელმძღვანელოს ბოლო აუდირებული შემოწმებით დადგენილი ნაშთით და მის მიერ წარდგენილი ფასნამატის ცხრილებით.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოწმებამ მოიცვა 2018 წლიდან 2021 წლის აპრილამდე პერიოდი, შემოწმება დაეყრდნო ბუღალტრის მიერ 2018-2020 წლებზე წარდგენილ პროგრამულ მონაცემებს და 2021 წელთან მიმართებით საერთოდ არ იქნა წარდგენილი არაფერი, ამასთან დადგინდა, რომ წარდგენილი მონაცემები მეტნაკლებად შესაბამისობაში მოდიოდა დეკლარირებულ მონაცემებთან, ამდენად ამ პერიოდებზე არ გავრცელდა არაპირდაპირი მეთოდი. რაც შეეხება 2021 წლის ნაშთს, რაზეც დავობს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი და ამბობს არასწორიაო, მიწოდებული იქნა ბუღალტრის მიერ და პროგრამულადაც იგივე დგინდებოდა. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილი იქნა გაანგარიშების ცხრილი საქონლის სახეობების მიხედვით და გვერდით ქონდა მიწერილი თვითღირებულება ერთეული პროდუქციის, გამოყვანილია საშუალო ფასნამატები, რომელიც მაგალითად საქონელზე (კოკა-კოლა) თუ პროგრამულად არის 2 ლარი, მის ნაცვლად წარდგენილ ცხრილში მითითებულია 1.80 ლარი, რომელიც გამოყვანილია ბოლო შეძენების მიხედვით, რაც არაარსებითია, არის პირიქითაც. არ იქნა კვლავაც წარდგენილი 2021 წლის ნაშთის ოდენობა, ამდენად წარდგენილი იქნა იდენტური გაანგარიშება, რაც მანამდე იყო წარდგენილი, გაიარეს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით და არ იქნა გათვალისწინებული მის მიერ წარდგენილი ცხრილით განსაზღვრული მონაცემები. არ ეთანხმება მომჩივანი 2021 წლის ნაშთს, მაგრამ არ წარმოადგენს რა არის სწორი ნაშთი და რაში მდგომარეობს შემოწმებით დადგენილისაგან სხვაობა, თუნდაც მის მიერ წარდგენილი ცხრილის მიხედვით. ამასთან, შემოწმების მიერ 2019 წლის ნოემბრის და 2020 წლის აპრილის თვეების, ანუ ყველაზე მაღალი ფასნამატების აღების თაობაზე მომჩივნის არგუმენტზე აღნიშნა, რომ თუ აღნიშნულ თვეებზე ფასნამატი წარმომადგენლის მონაცემებით შეადგენს შესაბამისად 8 და 9%-ს, მაშინ როგორ არის შემოწმებით გავრცელებული ფასნამატი 7.5%-ი მასზე მაღალი.

ამგვარად, მომჩივანი წარმოადგენს სადავო საკითხების ნაწილში არგუმენტებს, რომლის საფუძველზეც არ ეთანხმება შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას, რომელიც მანამდე წარმოდგენილი არგუმენტების ანალოგიურია და რომელთა საფუძველზეც იქნა მიღებული საბჭოს გადაწყვეტილება, ამასთან საბჭოს სხდომაზე არ წარმოუდგენია არსებითად ისეთი არგუმენტები, რაც შეცვლიდა სადავოდ წარმოდგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 18.11.2022 წლის №17401/2/2022 წლის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად,საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე და ამდენად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენილი გაანგარიშების ცხრილების შემმოწმებელ აუდიტორებთან ერთად გავლას და შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, მიღებული/შესყიდული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაციით გაანალიზდა 2018-2020 წლებში დეკლარირებული ფასნამატი, რომელიც შეადგენს 7.9%-ს.

შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელთან ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები რამდენჯერმე, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე გაფრთხილებულია ერთხელ, ფასმაჩვენებელზე 2-ჯერ და სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაზე ერთხელ. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, საქონლის საკონტროლო შესყიდვის ანალიზით ფასნამატი შეადგენს 10%-ს. დოკუმენტური რეალიზაციის წილი დეკლარირებულ მთლიან რეალიზაციაში შეადგენს 0.15%-ს, რაც არაარსებითია საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისთვის. გადასახადის გადამხდელის მიერ, ასევე წარდგენილი იქნა ინფორმაცია 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ, საქონლის ჭრილში. ზემოთ ჩამოთვლილი, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზით, 2021 წელს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს მინუს 9%-ს.

შემოწმებით, ასევე დამატებით გაანალიზდა 2019-2020 წლების რამდენიმე თვეზე შემოწმებისთვის წარდგენილი საქონლის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შესაბამისობაში მოდის დეკლარირებული შემოსავლის და დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდვების მონაცემებთან და 2018-2020 წლებზე კომპანიის მიერ დეკლარირებულ ზემოხსენებულ ფასნამატთან. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, მხოლოდ 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ფასნამატი 7.5%-ის ოდენობით. შედეგად,დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების მიერ, სალაროს საწყის ნაშთად აღებულ იქნა გადამხდელის მიერ მიწოდებული სალაროს საბოლოო ნაშთის ოდენობა.ვინაიდან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ დასტურდება აღნიშნული ნაშთის სალაროში არსებობა, შემოწმებით აღნიშნული განხილული იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 18.11.2022 წლის №17401/2/2022 წლის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად,საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე და ამდენად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21).