ბრძანება N 11697
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11697
29.05.2023
შპს „-------------ის“ (ს/ნ ------------)
(----------------)
2022 წლის 13 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 მაისის სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ -----------) 2022 წლის 13 დეკემბრის №77266/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ნოემბრის №022-24 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს, კერძოდ, არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციის შინაარსის შეცვლას და დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხების უკან გატანის დაკვალიფიცირებას დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არასარწმუნოდ ცნო საწყისი ნაშთები მაშინ, როდესაც შემოწმების დანიშვნამდე saras.gov.ge-ზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებაც ადასტურებს 2019 წლის საწყის ნაშთებს. მომჩივნის განმარტებით, ოპერაცია გამყარებულია საბანკო ამონაწერებით, შესაბამისი კრების ოქმებით და საგადასახადო დოკუმენტაციით, რაც წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტში. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმებამ თანხის გაცემის მომენტად მიიჩნია კაპიტალის შემცირების გადაწყვეტილების თარიღი, მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის თანხა გატანილი ფაქტობრივად არ ყოფილა.
გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით, ასევე არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, ვინაიდან მისი განმარტებით, კომპანიას სრულად გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 მარტის №7086 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------ის“ (ს/ნ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 26 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 15 ნოემბრის №28703 ბრძანება და ამავე თარიღის №022-24 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 434 464 ლარი, მათ შორის, გადასახადი 224 999 ლარი, ჯარიმა 112 500 ლარი, საურავი 96 965 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს პრემიალური ხაზის ალკოჰოლური სასმელების იმპორტი და მისი შემდგომი რეალიზაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე რეექსპორტის გზით. წარმოდგენილი ბრუნვითი უწყისის მიხედვით, საწარმოს უფიქსირდება 2019 წლამდე პერიოდში კაპიტალში შემოტანილი 900 000 ლარი, რაც დაფიქსირებული აქვს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე საწყის საკრედიტო ნაშთად, ხოლო 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში აღნიშნული კაპიტალი გატანილი აქვს სრულად. შემოწმებით ანალიზი ჩაუტარდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ვერ დადასტურდა ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის საწყისი საკრედიტო ნაშთის სისწორე, შესაბამისად, დამატებით იქნა გამოთხოვილი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, პარტნიორთა კრების ოქმები, რაც გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა. 2019 წლის დასაწყისში დაფიქსირებული კაპიტალის ოდენობა საწარმოს დაბალანსებული აქვს 2019 წლამდე დაგროვილი ზარალით - 747 837 ლარი, შესაბამისად, გაანალიზებულ იქნა აღნიშნული ზარალის წარმოშობის საფუძველი და დადგინდა, რომ 2017-2018 წლებში საწარმოს რეექსპორტის გზით რეალიზებული აქვს 788 484 ლარის თვითღირებულების სასაქონლო-მატერიალური მარაგები და მიღებული აქვს შემოსავალი 998 936 ლარის ოდენობით. საწარმო დღემდე მომგებიანია, ხოლო საგადასახადო და ფინანსურ მოგებებს შორის ბუღალტერიით წარმოდგენილი სხვაობის დადასტურება ვერ ხერხდება შესაბამისი დოკუმენტაციით. შესამოწმებელ პერიოდში ხდება კაპიტალის შემცირება/გაზრდა პერიოდულად, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განულებულია. ამასთან, 2019 წლის დასაწყისში კომპანიას არ უფიქსირდება საწყისი ნაშთები (სმფ-ების ნაშთი, ძირითადი საშუალებები და სხვა რაიმე აქტივი), ადგილი არ ჰქონია ადგილობრივ შეძენა-რეალიზაციას, ასევე, არ ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი ან/და დივიდენდი. შესაბამისად, ვერ დადასტურდა ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული ზარალის სისწორე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გატანილი თანხები შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორებზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ბრუნვით უწყისში საწარმოს უფიქსირდება 2019 წლამდე პერიოდში კაპიტალში შემოტანილი 900 000 ლარის ოდენობით, რაც დაფიქსირებული აქვს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე საწყის საკრედიტო ნაშთად, ხოლო 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში აღნიშნული კაპიტალი გატანილი აქვს სრულად. შემოწმების ხელთ არსებული მასალებით ვერ დადასტურდა ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის საწყისი საკრედიტო ნაშთის სისწორე და გადამხდელის მხრიდან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც არ წარმოდგენილა. საგადასახადო და ფინანსურ მოგებებს შორის წარმოდგენილი სხვაობა ვერ დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. შესამოწმებელ პერიოდში ხდება კაპიტალის შემცირება/გაზრდა პერიოდულად, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განულებულია. ამასთან, 2019 წლის დასაწყისში კომპანიას არ უფიქსირდება საწყისი ნაშთები (სმფ-ების ნაშთი, ძირითადი საშუალებები და სხვა რაიმე აქტივი), ადგილი არ ჰქონია ადგილობრივ შეძენა-რეალიზაციას, ასევე, არ ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი ან/და დივიდენდი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმებით ვერ დადასტურდა ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული ზარალის სისწორე, კომპანიიდან გატანილი თანხები მიჩნეულ იქნა დირექტორების ხელფასად შესაბამის პერიოდებში.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და ითხოვს მის გაუქმებას, თუმცა რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა.
რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის არამართლზომიერების თაობაზე გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ აღნიშნული მეთოდი არ ყოფილა გამოყენებული საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.კერძოდ, არ ეთანხმება ოპერაციის შინაარსის შეცვლას და დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხების უკან გატანის დაკვალიფიცირებას დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით, ასევე არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, ვინაიდან მისი განმარტებით, კომპანიას სრულად გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი ბრუნვით უწყისში საწარმოს უფიქსირდება 2019 წლამდე პერიოდში კაპიტალში შემოტანილი 900 000 ლარის ოდენობით, რაც დაფიქსირებული აქვს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე საწყის საკრედიტო ნაშთად, ხოლო 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში აღნიშნული კაპიტალი გატანილი აქვს სრულად. შემოწმების ხელთ არსებული მასალებით ვერ დადასტურდა ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის საწყისი საკრედიტო ნაშთის სისწორე და გადამხდელის მხრიდან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც არ წარმოდგენილა. საგადასახადო და ფინანსურ მოგებებს შორის წარმოდგენილი სხვაობა ვერ დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. შესამოწმებელ პერიოდში ხდება კაპიტალის შემცირება/გაზრდა პერიოდულად, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განულებულია. ამასთან, 2019 წლის დასაწყისში კომპანიას არ უფიქსირდება საწყისი ნაშთები (სმფ-ების ნაშთი, ძირითადი საშუალებები და სხვა რაიმე აქტივი), ადგილი არ ჰქონია ადგილობრივ შეძენა-რეალიზაციას, ასევე, არ ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი ან/და დივიდენდი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმებით ვერ დადასტურდა ბრუნვით უწყისში დაფიქსირებული ზარალის სისწორე, კომპანიიდან გატანილი თანხები მიჩნეულ იქნა დირექტორების ხელფასად შესაბამის პერიოდებში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9);101(1);154(1ა);43(4);