გადაწყვეტილება №26457/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.02.2026
№ დოკუმენტი 26457/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26457/2/2026

24 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----ის 13.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26457/2/2026).

 

დავის საგანი:

დავის განახლება ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.03.2024 წლის №035-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.03.2024 წლის №035-3 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11067 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 151 065,78 ლარი.

მათ შორის:

ჯარიმა - 129 686,93 (286.4)

ჯარიმა - 21 378,85 (286.9)

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №17348 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 245 048,01 ლარის ოდენობით. ასევე გამოვლინდა აღურიცხველი სმფ-ები საბაზრო ფასებით 297 238,16 ლარის ოდენობით, რაზედაც არ იქნა წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. აღნიშნულზე მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №CB1554785 №CB1554791 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები. ორივე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 2023 წლის 21 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 18 იანვრის №637 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 19 მარტს №5853 ბრძანება და 2024 წლის 20 მარტის №035-2 და №035-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები 2024 წლის 19 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 14 მაისის №11067 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 14.06.2024 წლის №23184/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.03.2024 წლის №035-2 და №035-3 საგადასახადო მოთხოვნები, შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11067 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.06.2024 წლის №23184/2/2024 გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 1.10.2024 წლის განჩინებით (საქმე №3/6351-21) სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი. მომჩივანი 13.01.2026 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში კვლავ წარმოადგენს საჩივარს ზემოაღნიშნულ აქტებზე დავის განახლების მოთხოვნით.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ინვენტარიზაციის პროცესში ვერ მოახერხა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების სრულად წარდგენა. ამის მიზეზი იყო ის ფაქტიც, რომ იმედოვნებდა საინვენტარიზაციო კომისია გამოიყენებდა სმფ-ის შეძენა და რეალიზაცია იმ დოკუმენტებს, რომლებიც ელექტრონულად ატვირთულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში. დღეის მდგომარეობით მის მიერ მოძიებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც თავის დროზე არ ჰქონდა წარდგენილი, რაც არის ახლად გამოვლენილი გარემოება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპიროებებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების შესაბამისად მოხდეს გადაწყვეტილების მიღება და მოხდეს დაკისრებული სანქციების კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

მომჩივანს ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს მის მიერ მოძიებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტებს, რომლებიც თავის დროზე არ ჰქონდა წარდგენილი. იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ საბჭოს 14.06.2024 წლის №23184/2/2024 გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის 1.10.2024 წლის განჩინებით (საქმე №3/6351-21) სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი, საბჭოს მიაჩნია, რომ მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 308-ე და 299-ე მუხლების საფუძველზე დავის განახლების თაობაზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

დავის განახლება ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 245 048,01 ლარის ოდენობით. ასევე გამოვლინდა აღურიცხველი სმფ-ები საბაზრო ფასებით 297 238,16 ლარის ოდენობით, რაზედაც არ იქნა წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. აღნიშნულზე მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები.

 

გადაწყვეტილება:

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ საბჭოს№23184/2/2024 გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის განჩინებით (საქმე №3/6351-21) სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი, საბჭოს მიაჩნია, რომ მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 308-ე და 299-ე მუხლების საფუძველზე დავის განახლების თაობაზე.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 308 (1,3); 299 (7).