გადაწყვეტილება №23257/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.09.2024
№ დოკუმენტი 23257/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23257/2/2024

27 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----------ი (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 14.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23257/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 მარტის №4658 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2024 წლის №081-79 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.05.2024 წლის №12410 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 731 430 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 881 989

დღგ - 315 698

მოგების გადასახადი - 304 923

საშემოსავლო გადასახადი - 261 368

ჯარიმა - 447 901

საურავი - 401 540

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „-------სა“ და ორ ფიზიკურ პირს შორის 2019 წელს დაიდო ხელშეკრულებები უძრავი ქონების (მიწის) ნასყიდობის შესახებ. ხელშეკრულებების თანახმად, ფიზიკურმა პირმა ---------მა (პ/ნ --------) შპს „--------ს“ გადასცა არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (1 309 კვ.მ 05.32.11.222), სანაცვლოდ შპს „------მა“ აიღო ვალდებულება მშენებარე მრავალფუნქციურ საცხოვრებელ სახლში ფიზიკური პირისთვის გადაეცა 1 007 კვ.მ იზოლირებული საცხოვრებელი ფართი. აგრეთვე, ფ/პ -------სგან (პ/ნ ---------) 2019 წლის ივნისში შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი (883 კვ.მ 05.32.11.339), რომლის სანაცვლოდ, 2022 წლის თებერვალში გადაუფორმა ორი იზოლირებული საცხოვრებელი ფართი. კორპუსების მშენებლობა დაიწყო 2019 წელს. საწარმომ ფიზიკური პირებისთვის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ფართები არ განიხილა ბარტერულ ოპერაციად და არ ასახა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვაში. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერთი მხრივ, ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების სანაცვლოდ ფართების მიღება, ხოლო მეორე მხრივ, საწარმოსთვის ფართების აშენების სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღება წარმოადგენს ბარტერულ ოპერაციას. საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის გათვალისწინებით და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირებზე გადაცემული საცხოვრებელი ფართების საბაზრო ფასებით გაიზარდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, სულ 1 333 289 ლარით. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სულ 7 809 440 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, საბუღალტრო პროგრამა, საწარმოს მიერ რეალიზებული ბინების ხელშეკრულებები და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია. შედეგად, გამოვლინდა მცირე სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის, რაც გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, შემოსავლების სამსახურის მიერ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „------ის“ მიერ რეალიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შესახებ, რის შესწავლის შედეგადაც, დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებითა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ანალიზით. აგრეთვე, აღნიშნულ პირებთან ჩატარდა სატელეფონო კომუნიკაცია და მოთხოვნილ იქნა შესაბამისი ახსნა-განმარტებები შეძენილი ფართებისა და გადახდილი თანხების შესახებ. აღნიშნული ოპერაციები (ფართების რეალიზაცია და მიღებული ფულადი სახსრები) გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო ასახული ბუღალტრულ გატარებებში (პროგრამაში) და არც მათი დეკლარირება განხორციელებულა. შესაბამისად, საწარმოს მიერ რეალიზებული ფართები საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, მიღებული ფულადი საშუალებები განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე, ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად. შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 28.12.2022 წლის №33431 ბრძანება და №081-335 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4658 ბრძანებით:

1. საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. პირველ სადავო საკითხთან (ფიზიკურ პირებზე გადაცემული საცხოვრებელი ფართების საბაზრო ფასის გათვალისწინებით დღგ-ით დაბეგვრა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოსა და ფიზიკურ პირებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართების გადაცემის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-2 სადავო საკითხთან (რეალიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების დღგ-ით დაბეგვრა და მიღებული ფულადი საშუალებების საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე, სადავო საკითხი შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4658 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 786 435 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 516 087 ლარით, ჯარიმა 270 348 ლარით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 23 აპრილის №9402 ბრძანება და №081-79 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.05.2024 წლის №12410 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და აღნიშნა, რომ გადამხდელს საჩივარში სადავო გარემოებებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

გაუგებარია რა თანხები იქნა განხილული დირექტორზე, ------------ძეზე ხელფასის სახით განაცემად, რომლებიც დაიბეგრა წყაროსთან სსკ-ის 154-ე მუხლით. ვინაიდან, მთლიანი პროექტის მოცულობა შეადგენს 52 520 მ 2 -ს, რომლის საპროექტო ღირებულება 2022 წლის ფასებით შეადგენს 28 მლნ ლარს, რომლის აშენებაც ხორციელდება სრულად მოზიდული თანხებით. კერძოდ, როგორც დოკუმენტურად და ბუღალტრულად დასტურდება, შესამოწმებელ პერიოდში გაწეულმა ხარჯებმა სულ შეადგინა 14,323,985 ლარი. მათ შორის დაუმთავრებელ მშენებლობაზე კაპიტალიზებულმა ხარჯმა შეადგინა 9,256,424 ლარი; სხვა პირდაპირმა ხარჯებმა, რომლის კაპიტალიზაციაც არ მომხდარა შეადგინა 5,067,561 ლარი, მათ შორის რეალიზებული მასალების თვითღირებულება 2 943 451, სხვა ხარჯებმა (იჯარა, ადმინისტრაციის ხელფასი, საშუამავლო მომსახურება, მარკეტინგული-სარეკლამო, პირგასამტეხლო და ა.შ. ) შეადგინა 2 124 110 ლარი (იხ. დანართი - "ხარჯები").

გარდა ამისა ასევე დოკუმენტურად და ბუღალტრულად დასტურდება, რომ აღნიშნულ ხარჯებზე გადახდილმა თანხამ შეადგინა 13 031 821 ლარი, მათ შორის ნაღდი ანგარიშსწორებით სალაროდან გადახდილმა თანხამ 789 759 ლარი, ხოლო ანგარიშვალდებული პირებიდან (საქვეანგარიშოდ მიღებული თანხებიდან) 234 669 ლარი, საბანკო ანგარიშიდან უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილმა თანხამ 12 007 394 ლარი (იხ. დანართი - "სალარო და ბანკი").

შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრა 7 386 509 ლარი, მათ შორის ბარტერული ოპერაციის შედეგად დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 129 906 ლარი. ბარტერული ოპერაციის გარეშე დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 6 256 603 ლარი დღგ-ს გარეშე.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან ნათელია, რომ კომპანიას გარდა რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებისა, მოზიდული აქვს საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია იმისათვის რომ შემოწმების პერიოდის ბოლოსთვის არსებულ კონდიციამდე მიეყვანა ობიექტი.

ნებისმიერი თანხა, რომელიც კომპანიის მიერ იქნა მოძიებული, სრულად არის აღრიცხული სააღრიცხვო დოკუმენტაციაში და მიმართულია მშენებლობის ხარჯების დასაფარად, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვა გამოწვეულია იმ გარემოებით რომ შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები არ იქნა შეპირისპირებული ხარჯებთან.

აღნიშნული საკითხი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 მარტის N4658 ბრძანებით დაკმაყოფილდა და დაევალა:

(რეალიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების დღგ-ით დაბეგვრა და მიღებული ფულადი საშუალებების საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე, სადავო საკითხი შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).;

წარდგენილი იქნა შემოსავლების და ხარჯების რეესტრი, რომელიც დასტურდება დოკუმენტურად. მიუხედავად ამისა, აღნიშნული საკითხი ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული შემმოწმებლის მიერ და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დამატებით დარიცხული თანხები ნაწილობრივ იქნა შემცირებული.

ითხოვს, გათვალისწინდეს ზემოთ აღნიშნული გარემოებები და სრულად მოეხსნას საშემოსავლო გადასახადში დამატებით დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4658 ბრძანებით:

1. საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. პირველ სადავო საკითხთან (ფიზიკურ პირებზე გადაცემული საცხოვრებელი ფართების საბაზრო ფასის გათვალისწინებით დღგ-ით დაბეგვრა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოსა და ფიზიკურ პირებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართების გადაცემის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-2 სადავო საკითხთან (რეალიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების დღგ-ით დაბეგვრა და მიღებული ფულადი საშუალებების საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე, სადავო საკითხი შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4658 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის დასკვნა, რომლის მიხედვით:

1. შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოსა და ფიზიკურ პირებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართების გადაცემის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლა და აღნიშნულ ნაწილში მოხდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დღგ-ში 203 383 ლარის და ჯარიმა 101 692 ლარის სრულად შემცირება.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა რამდენიმე ფიზიკურ პირთან განხორციელებული ოპერაციის შედარების აქტი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ფიზიკური პირები ფულადი საშუალებების გადახდას ადასტურებდნენ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, აგრეთვე, შემოწმებისთვის ზემოთ აღნიშნული ფიზიკური პირების ძირითად ნაწილს უკვე წარდგენილი ჰქონდათ ახსნა-განმარტებები ფულადი საშუალებების გადახდასთან დაკავშირებით, რითაც ადასტურებდნენ თანხის გადახდას და შესაბამისად, შემოწმების მიერ დაბეგრილია ხელშეკრულებების გაფორმების შესაბამის პერიოდებში დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით. ამასთანავე, გადამხდელმა წარადგინა ისეთი ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებები, რომლებისგანაც ინფორმაციის გამოთხოვა შემოწმების მიერ შემოწმების მიმდინარეობისას ვერ მოხერხდა, ამ ნაწილში წარმოდგენილი ახსნაგანმარტებების საფუძველზე მოხდა შესაბამისი თანხების კორექტირება, რაც დღგ-ის ნაწილში შეადგენს 16 010 ლარს, აგრეთვე, აღნიშნული საკითხი გავლენას ახდენს საშემოსავლო გადასახადის დარიცხვაზეც და საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 26 238 ლარით. ამასთან, დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დამატებით შემცირდა შემოწმების მიერ იმ პირებზე დარიცხული დღგ-ის თანხები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირობას. შედეგად. გადასახდელი დღგ-ის თანხა სულ შემცირდა 221 019 ლარით, ხოლო ჯარიმა შესაბამისი პროპორციების მიხედვით დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ინფორმაცია შპს „--------ის" მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული და შესამოწმებელი პერიოდის გარეთ დაბრუნებული და დასაბრუნებელი ფართების შესახებ, რომელ ფართებზე გადახდილი თანხებიც შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხილული იყო დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაბეგრილი იყო წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. ვინაიდან აღნიშნული თანხები საწარმოში შემოსული იყო, თუმცა მათი სალაროში არსებობა არ ფიქსირდებოდა, შემმოწმებლების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უკან დაბრუნებული და დასაბრუნებელი ფართების შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მიმდინარე გადაანგარიშებით, აღნიშნული მიღებული თანხების საფუძველზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი შემცირდა და განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა მოგების გადასახადით. აგრეთვე, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა დირექტორის მიერ უპროცენტო სესხზე დარიცხული/მიღებული სარგებელი. საწარმოს აღნიშნულ ნაწილში საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდა 387 167 ლარით, უპროცენტო სესხზე მიღებულ სარგებელზე დაერიცხა 48 425 ლარი, ხოლო მოგების გადასახადში დაერიცხა 273 296 ლარი, ხოლო ჯარიმები შესაბამისი პროპორციების მიხედვით დაექვემდებარა შემცირებას/დარიცხვას. დასკვნის შედეგად საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 786 435 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 516 087 ლარით, ჯარიმა 270 348 ლარით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4658 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (ხარჯების განსაზღვრა), რომელზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4658 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4658 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №4658 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №33431 ბრძანება და №081-335 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №4658 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფიზიკურ პირებზე გადაცემული საცხოვრებელი ფართების საბაზრო ფასის გათვალისწინებით დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოსა და ფიზიკურ პირებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართების გადაცემის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.ხოლორეალიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების დღგ-ით დაბეგვრასთან და მიღებული ფულადი საშუალებების საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

ასევე,დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები.სადავო საკითხი შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №4658 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 786 435 ლარის ოდენობით,რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა №9402 ბრძანება და №081-79 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №12410 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4658 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);