გადაწყვეტილება №24096/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.12.2024
№ დოკუმენტი 24096/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24096/2/2024

24 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 11.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24096/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №041-38 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21527 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

588 974,58 ლარი. მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 391 145

ჯარიმა - 148 077

საურავი - 49 752,58

 

პროცედურული გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საქონლის და მცირე რაოდენობით ცხვრის ხორცის შესყიდვა-რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 14 იანვარს. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივნისის №13183 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის 2021 წლის 14 იანვრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 16.07.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №17265 ბრძანება და №041-38 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.10.2024 წლის №21527 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საშემოსავლო გადასახადის

დარიცხვა ფაქტების აღწერა

მეწარმეს რეალიზაციები უფიქსირდება 2022 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდიდან, ასევე, შესყიდვის აქტებიც ამავე პერიოდიდან არის წარმოდგენილი. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ობიექტი პროდუქციის რეალიზაციისთვის, ახორციელებს მხოლოდ დისტრიბუციას, კერძოდ, საქონელი შეაქვს სხვადასხვა მაღაზიასა და ბაზარში. გადასახადის გადამხდელი სხვადასხვა ფიზიკური პირისგან შესყიდვის აქტით ყიდულობს ადგილობრივი საქონლის და ცხვრის ხორცს, ხოლო ე.წ. „ბოინის“ (სასაკლაო) მომსახურებას თავად იხდის. მეწარმის განმარტებით საქონლისა და ცხვრის მხოლოდ ტან-ხორცის შესყიდვა ხორციელდება, ხოლო ნარჩენები (თავ-ფეხი, ტყავი და ა.შ.) უბრუნდება საქონლის მეპატრონეს, შესაბამისად, შესყიდვის აქტებში მითითებულია მხოლოდ ტან-ხორცის საფასური, რომელიც განსხვავდება ხორცის ხარისხის, ცხიმის შემცველობის, საქონლის ასაკის და სხვა კრიტერიუმის მიხედვით.

გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი 2022 წელს შეადგენდა 3%-ს, ხოლო 2023 წელს 2%-ს. მეწარმეს 2022-2023 წლებში საწყისი და საბოლოო სმფ-ების ნაშთები არ გააჩნია, რაც ასევე დასტურდება მეწარმის განმარტებითაც. შემოწმებით დადგინდა, რომ 2022 და 2023 წლების ფასნამატები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან (2022 წელს გამოვლინდა 9.8%, ხოლო 2023 წელს 160%-მდე). გადასახადის გადამხდელის წერილობითი განმარტებით 2023 წლის შესყიდვის აქტებში ტან-ხორცის ჯამურ წონაზე შეცდომით არის დამატებული შიდა გადაზიდვებში არსებული წონა, ასევე, გამოგზავნილია 2023 წელს შესყიდული საქონლის ექსელის ცხრილი, სადაც შეცვლილია ერთეულების ფასები, კერძოდ, ნაცვლად 5-10 ლარისა, დაფიქსირებულია 13-19 ლარი, ასევე, აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლების შესყიდვის აქტებში არ არის დაფიქსირებული ფიზიკური პირების პირადი ნომრები.

გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა, ასევე, არ ხორციელდება საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, ვინაიდან შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს (არ არის მითითებული პირადი ნომრები, ასევე, მეწარმის ახსნა-განმარტებით შესყიდვის აქტებში შეცდომით არის მითითებული საქონლის რაოდენობები და ღირებულებები). შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვის შესახებ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 79-ე, 79-ე, 81- ე, მე-100, 102-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ რადგან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, ხარჯებში დეკლარირებული შესყიდული სასაქონლომატერიალური ფასეულობების 75%-ის გათვალისწინება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელს არ აქვს სარეალიზაციო ობიექტი ის მხოლოდ დისტრიბუციას ახორციელებს და ამარაგებს სხვადასხვა იურიდიულ პირებს. ამდენად, მისი შემოსავლების 100% მიღებულია მხოლოდ ზედნადებების საფუძველზე. ასევე ბუღალტრის მიერ მოხდა ჩეკების ზედმეტად ამორტყმა, რის გამოც საშემოსავლო დეკლარაციაში შეცდომით იყო მითითებული თანხები. (წარმოადგინა ცხრილი). წარმოადგინა შესყიდვის აქტები და ითხოვს ერთობლივი შემოსავლების დაანგარიშებას გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ზედნადებების საფუძველზე. ამასთან, შემოსავლების სამსახურის პოზიცია შესყიდვის აქტებთან დაკავშირებით რომ ნოტარიულად უნდა იყოს დამოწმებული და დაფიქსირებული უნდა იყოს ფიზიკური პირების პირადი ნომრები გაუგებარია, ვინაიდან შემოწმების პროცესში ერთხელაც არ გაჟღერებულა მსგავსი მოთხოვნა. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ შეცვლილია შესყიდული საქონლის რაოდენობა ლოგიკურია, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა აღრიცხვას, შესაბამისად დაშვებული იყო შეცდომა, რომელიც გასწორებულია აუდიტის ჩართულობის შემდეგ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხორციელდება საქონლის დადგენილი წესით ჩამოწერა, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, არ გააჩნია ობიექტი პროდუქციის რეალიზაციისთვის და ახორციელებს მხოლოდ დისტრიბუციას. დეკლარირებული ფასნამატი 2022 წელს შეადგენდა 3%-ს, 2023 წელს 2%-ს, ხოლო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ პერიოდებზე ფასნამატები მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან (2022 წელს გამოვლინდა 9.8%, ხოლო 2023 წელს 160%-მდე).

მომჩივნის განმარტებით, 2023 წლის შესყიდვის აქტებში ტან-ხორცის ჯამურ წონაზე შეცდომით არის დამატებული შიდა გადაზიდვებში არსებული წონა, ასევე, შემოწმებისთვის მიწოდებულია 2023 წელს შესყიდული საქონლის ექსელის ცხრილი, სადაც შეცვლილია ერთეულების ფასები, შემოსავლები მიღებულია მხოლოდ ზედნადებების საფუძველზე. ასევე ბუღალტრის მიერ მოხდა ჩეკების ზედმეტად ამორტყმა, რის გამოც საშემოსავლო დეკლარაციაში შეცდომით იყო მითითებული თანხები (დაურთო ცხრილი, წარმოადგინა შესყიდვის აქტები). ითხოვს ერთობლივი შემოსავლების დაანგარიშებას გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ზედნადებების საფუძველზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი მოსმენისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს რეალიზაციის დოკუმენტებში მითითებული ჰქონდა მაღალი ფასნამატი, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა დეკლარირებულ ფასნამატთან, კერძოდ 2022 წელს გამოვლინდა 9.8%, ხოლო 2023 წელს 160%-მდე. ამასთან, შემოწმების პროცესში წარმოდგენილი შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები არ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს (არ იყო მითითებული პირადი ნომრები, ასევე, შეცდომით არის მითითებული შესყიდვის აქტებში საქონლის რაოდენობები და ღირებულებები), რაც ასევე დადასტურებულია გადასახადის გადამხდელის ახსნა განმარტებითაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა დეკლარირებული შესყიდული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 75%.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, ხარჯებში დეკლარირებული შესყიდული სასაქონლომატერიალური ფასეულობების 75%-ის გათვალისწინება და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ბრძანების გაუქმების და ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №041-38 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა ჯარიმა 148 077 ლარის, ხოლო საურავი 49 752,58 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ ბუღალტრის შეცდომის გამო მოხდა აღნიშნული და მას არ ჰქონდა წინასწარგანზრახული ქმედება დაემალა გადასახადი. ამდენად, მიაჩნია, რომ ეს ქმედება უნდა შეფასდეს როგორც შეცდომა და კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. მომჩივანი განმარტავს, რომ ბუღალტრის შეცდომის გამო მოხდა აღნიშნული და მას არ ჰქონდა წინასწარგანზრახული ქმედება დაემალა გადასახადი.

ამდენად, მიაჩნია, რომ ეს ქმედება უნდა შეფასდეს როგორც შეცდომა და კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.

მომჩივნის არგუმენტი, რომ გადასახადების დაუდეკლარირებლობა გამოწვეული იყო ადამიანური ფაქტორით, კერძოდ ბუღალტრის მიზეზით, არ წარმოადგენს მომჩივნისთვის საპატიო გარემოებას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.

ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა, ასევე, არ ხორციელდება საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, ვინაიდან შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვის შესახებ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (7); 73 (5); 100; 72.