ბრძანება N 4651

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.03.2023
№ დოკუმენტი 4651
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4651

10.03.2023

შპს --------- (ს/ნ ----------)

(მის: ------------------------)

2023 წლის 13 თენერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ---------) №79053/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 11 თებერვლის №EL199902 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შპს -----------ის დირექტორმა თავის კუთვნილი ტვირთთან (-----07/02/2023) ერთად 2023 წლის 9 თებერვალს საბაჟო კონტროლის ზონიდან ასევე გაიტანა შპს “--------ის“ (ს/ნ ---------) ტვირთი, იმ მიზეზით, რომ მისი კუთვნილი საქონლის წასაღებად მისულს, მანქანაში პალეტები დახვდა დაშლილ მდგომარეობაში, ხოლო კომპანიის კუთვნილი ტვირთი და შპს „--------ის“ ტვირთი იყო იდენტური. საწყობში მიტანის მერე დათვლისას აღმოაჩინეს ზედმეტობა, რის შემდეგ დაუკავშირდნენ გადამზიდს და დაადგინეს ზედმეტი ტვირთის მესაკუთრე. მეორე დღეს შპს „--------ის“ ტვირთი დააბრუნეს საბაჟო კონტროლის ზონაში, რა დროსაც ასევე შეხვდნენ შპს „------------ის“ წარმომადგენელს, რომელმაც გადათვალა საქონელი და დარწმუნდა, რომ ტვირთი სრულად და დაუზიანებლად იქნა დაბრუნებული. შესაბამისად, პრეტენზია არ გამოუთვამს.

აღნიშნულზე და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ პირველი შემთხვაა, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციიგან გათავისუფლებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 8 თებერვალს, საბაჟო გამშვები პუნქტი „----ის“ გავლით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა №------------ სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა მიმღების კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი (8 სატრანსპორტო ზედდებული (CMR) - საერთო წონა 17 675 კგ). ზოგადი დეკლარირების განხორციელების შემდეგ, მითითებულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დარეგისტრირდა №------- (08/02/2023) აღრიცხვის მოწმობა და შემდგომი საბაჟო ფორმალობების განხორციელების მიზნით, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------ის“ დანიშნულებით.

ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის ნაწილი, დეკლარანტის – შპს „----------ის“ (ს/ნ ----------) მიერ მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (სსდ №-----------), რის შემდეგაც საქონელი მითითებული კომპანიის წარმომადგენლის ზედამხედველობის ქვეშ გადაიტვირთა №----------- სატრანსპორტო საშუალებაში და გატანილ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან.

მოგვიანებით გაირკვა, რომ შპს „----------ის“ (ს/ნ ---------) მიერ კომპანიის კუთვნილ საქონელთან ერთად სატრანსპორტო საშუალებაში შეცდომით ჩაიტვირთა და საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილ იქნა, შპს „--------ის“ (ს/ნ ----------) კუთვნილი, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი.

საბაჟო ორგანოს მოთხოვნით, შპს „------------მა“ აღნიშნული საქონელი 2023 წლის 10 თებერვალს დააბრუნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------ის“ კონტროლის ზონაში. ვინაიდან, შპს „----------ის“ (ს/ნ ---------) მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვას და საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2023 წლის 11 თებერვალს შედგენილ იქნა №EL199902 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------ის“ (ს/ნ ---------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე საკანონმდებლო აქტის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქონელი მისი გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გადმოიტვირთოს ან გადაიტვირთოს მხოლოდ საბაჟო ორგანოს თანხმობით, ამ ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ადგილზე. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მესამე ნაწილი კი ადგენს, რომ საბაჟო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, ჯარიმის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით.

ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვას და საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილით, ამ კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს.

დადგენილია, რომ საბაჟო ორგანოს მოთხოვნით, მომჩივანმა აღნიშნული საქონელი 2023 წლის 10 თებერვალს დააბრუნა გეზ „თბილისის“ კონტროლის ზონაში. ამასთან, მომცივნის მიერ განსახილველი საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის (1000 ლარი) ნაცვლად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „---------------ის“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. 2023 წლის 11 თებერვლის №EL199902 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქცია (ჯარიმა 1000 ლარი) შეიცვალოს გაფრთხილებით; 3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.