ბრძანება N 10129

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.05.2023
№ დოკუმენტი 10129
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 10129

08.05.2023

შპს „------------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ------------------ )

2022 წლის 29 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 აპრილის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა შპს „---------------“ (ს/ნ -----------) №237761/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 დეკემბრის №006-552 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის N230 ბრძანების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, ითხოვს შემოწმებისას გამოყენებული საწვავის ხარჯვის ნორმის არანაკლებ 20%-ით გაზრდას. აცხადებს, რომ საწარმო იყენებდა მოძველებულ, 6-10 წლის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა საწვავის ხარჯვის ნორმა განსხვავდება ახალი ავტომობილის ხარჯვის ნორმისგან. ასევე, მოითხოვს პანდემიის პერიოდში თანამშრომელთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად გახარჯული საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად განხილვას და შესაბამისი გადასახადების გადაანგარიშებას.

2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 ივლისის N24172 და 29 დეკემბრის №41934 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 12 დეკემბრის №31287 ბრძანება და ამავე თარიღის №006-552 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 59 461 ლარი, მათ შორის, გადასახადი 33 628 ლარი, ჯარიმა 13 637 ლარი, საურავი 12 196 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის ანალიზის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა იურიდიული პირებისგან უფიქსირდება საწვავის, კერძოდ, ბენზინის შეძენა ჯამურად 40 000 ლიტრის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს მიღებული ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ სრულად აქვს ჩათვლილი. ამასთან, შემოწმების ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელის საკუთრებაშია 5 სხვადასხვა ტიპის ავტომობილი, რომელთგანაც ერთი არის უფუნქციო. შემოწმების ეტაპზე გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა ახსნა-განმარტება საწვავის გახარჯვის მიზნობრიობის შესახებ, ასევე გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ავტომობილების გავლილი მანძილების შესახებ, რომელიც დაფიქსირებულია ავტომობილის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშებში. ზემოაღნიშნული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ საწვავის დაახლოებით 61%-ის ხარჯვის მიზნობრიობა შემოწმების ეტაპზე არ იკვეთება. შესაბამისად, აღნიშნული საწვავი შემოწმების მიერ ჩაითვალა როგორც უსასყიდლო საქონლის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 983 მუხლის პირველი ნაწილის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმოს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ანალიზის მიხედვით დგინდება, რომ 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე გადამხდელს მიღებული აქვს სხვადასხვა სახის მომსახურებები ინდივიდუალურ მეწარმედ არარეგისტრირებული პირებისაგან. გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებულმა განაცემმა (მიღებული მომსახურების ღირებულებამ) შეადგინა 30 451 ლარი, რომელიც არ არის ასახული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების გადასახადის ანალიზის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელს შემცირებული თანხით აქვს დაფიქსირებული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება. გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ პროგრამაში 2100 ანგარიშებზე უფიქსირდება მანქანა-დანადგარების ფლობა, რომელიც შეძენილი აქვს სალიზინგო კომპანიისგან ლიზინგის ხელშეკრულებით. ლიზინგით მიღებულ ქონებას გადამხდელი არ ბეგრავს ქონების გადასახადით, თუმცა ამავე ანგარიშზე დარიცხული ცვეთის ხარჯით სრულად იმცირებს ქონების ღირებულებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ

მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის

„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

„ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის N230 ბრძანების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ საწვავის ფაქტობრივად ხარჯვის ნორმები რეგლამენტირებული არ არის, საწვავი ჩამოიწერება ფაქტობრივი ხარჯისა და ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. ამასთან, ფაქტობრივი და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით განსაზღვრული ხარჯის რაოდენობრივი შედარებისას, დასაშვებია ცდომილება, რომლის ფარგლებშიც საწვავზე გაწეული ხარჯი არ ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო ჩათვლილი დღგ-ის თანხა აღდგენას, კერძოდ:

ა) თუ სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის, სპეცტექნიკა და სხვა) გამოშვების წლიდან გასულია არაუმეტეს 5 კალენდარული წელი – 20%-იანი ცდომილება;

ბ) სხვა შემთხვევაში – 25%-იანი ცდომილება

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კერძოდ, მზა პროდუქციის მისაწოდებლად პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან ვიზიტისთვის იყენებს როგორც საკუთარ, ისე სხვა პირის მოძველებულ (6-10 წლის) ავტომობილებს. ასევე, პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვების დროს, სამუშაო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, საწარმო უზრუნველყოფდა თანამშრომელთა გადაადგილებას სამსახურიდან საცხოვრებელ ადგილამდე და პირიქით, რისთვისაც საწვავით უზრუნველყოფდა დასაქმებულის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, ასევე დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, ასევე დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1.გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმებისას გამოყენებული საწვავის ხარჯვის ნორმის არანაკლებ 20%-ით გაზრდას

2.გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა იურიდიული პირებისგან უფიქსირდება საწვავის, კერძოდ, ბენზინის შეძენა.გადასახადის გადამხდელს მიღებული ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ სრულად აქვს ჩათვლილი. ასევე, დგინდება, რომ გადამხდელის საკუთრებაშია 5 სხვადასხვა ტიპის ავტომობილი, რომელთგანაც ერთი არის უფუნქციო.ზემოაღნიშნული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ საწვავის დაახლოებით 61%-ის ხარჯვის მიზნობრიობა შემოწმების ეტაპზე არ იკვეთება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ანალიზის მიხედვით დგინდება, რომ 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე გადამხდელს მიღებული აქვს სხვადასხვა სახის მომსახურებები ინდივიდუალურ მეწარმედ არარეგისტრირებული პირებისაგან.გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების გადასახადის ანალიზის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელს შემცირებული თანხით აქვს დაფიქსირებული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება.

 

გადაწყვეტილება

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, ასევე დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

97,98,161,159,163,64,270,275