ბრძანება N 5626
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5626
27 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2025 წლის 23 იანვრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 თებერვლის, 27 თებერვლის და 20 მარტის სხდომებზე (ოქმები №15; №17 და №21) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 23 იანვრის №93856/1/2025 და №8955/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 დეკემბრის №005-190 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი განმარტავს, რომ 2024 წლის თებერვლის პერიოდში არ განხორციელებულა დივიდენდის გაცემა (ან რაიმე ფორმით კაპიტალის შემცირება). შესაბამისად, საგადასახადო შემმოწმებლებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციითაც არ ფიქსირდება დივიდენდის გაცემის ფაქტი (ან რაიმე ფორმით კაპიტალის შემცირება). გადამხდელი ითხოვს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხის (3 157 ლარი), ჯარიმის (1 579 ლარი), საურავის და ასევე მოგების გადასახადში დარიცხული თანხის (11 145 ლარი), ჯარიმის (5 573 ლარი) და საურავის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 1 მაისის №10307 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2024 წლის 11 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 18 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 დეკემბრის №27117 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №005-190 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 266 898 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 145 496 ლარი, ჯარიმა 69 490 ლარი და საურავი 51 912 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „--------“ (ს/ნ -------) მიერ წარმოდგენილია ბუღალტრული ჩანაწერების ელექტრონული ცხრილები. წარმოდგენილი მასალის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2021 წლის საწყისი კაპიტალის ნაშთი შეადგენს 721 649 ლარს, აღნიშნული თანხიდან 2021 წლის განმავლობაში გატანილია სალდირებულად 420 649 ლარი, ხოლო დარჩენილი კაპიტალის ნაშთი 2022 წლის საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირებულია, როგორც დამფუძნებლისგან აღებული სესხი, რომელიც მცირდება 2022, 2023 და 2024 წლებში ჯამში 279 950 ლარის ოდენობით. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ „https://reportal.ge/“-ზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების მონაცემები, რომლის მიხედვითაც საწარმოს 2021 წლის საწყის ნაშთად კაპიტალი არ უფიქსირდება. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კომპანიის მიერ 2023 წელს განხორციელდა ფინანსური ანგარიშგებების კორექტირება კერძოდ: დაკორექტირდა 2020, 2021 და 2022 წლების ფინანსური ნაშთები. მნიშვნელოვანია, რომ კორექტირებული ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით შპს „---------“ არ გააჩნია საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთები. საწესდებო კაპიტალის სანდოობის გადამოწმების მიზნით გადასახადის გადამხდელისგან დამატებით მოთხოვნილ იქნა ბუღალტრული ჩანაწერები და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმების მსვლელობისას პირის მიერ ვერ-არ განხორციელებულა მოთხოვნილი ინფორმაცია-დოკუმენტაციის წარმოდგენა და შესაბამისად საწყისი საწესდებო კაპიტალის ნაშთის დადასტურება. შემოწმების მიერ განხორციელდა 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული მოგებისა და 2021 წლის 1 იანვრამდე მიღებული ფინანსური მოგების გაანგარიშება, რის შედეგადაც 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კაპიტალის ნაშთიდან 277 831 ლარი მიჩნეულ იქნა 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებულ მოგებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად აღნიშნულ მოგებაზე განხორციელდა მოგების გადასახადის ჩათვლა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 130-ე მუხლების გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საწყისი კაპიტალის ნაშთი ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით შეადგენს 721 649 ლარს. აღნიშნული თანხიდან 2021 წლის განმავლობაში გატანილია სალდირებულად 420 649 ლარი, ხოლო დარჩენილი კაპიტალის ნაშთი 2022 წლის საბუღალტრო მონაცემებში დაფიქსირებულია, როგორც დამფუძნებლისგან აღებული სესხი, რომელიც მცირდება 2022, 2023 და 2024 წლებში ჯამში 279 950 ლარის ოდენობით. ამასთან, შპს „-------“ 2020, 2021 და 2022 წლების ფინანსური ანგარიშგების მიხედვით არ გააჩნია საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთები. შემოწმების მიერ განხორციელდა 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული მოგებისა და 2021 წლის 1 იანვრამდე მიღებული ფინანსური მოგების გაანგარიშება, რის შედეგადაც 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კაპიტალის ნაშთიდან 277 831 ლარი მიჩნეულ იქნა 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებულ მოგებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად, აღნიშნულ მოგებაზე განხორციელდა მოგების გადასახადის ჩათვლა.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კაპიტალის თანხის შემცირება და კომპანიის დამფუძნებლისგან აღებული სესხის გატანა საგადასახადო შემოწმების მიერ განხილულ იქნა განაწილებულ დივიდენდად. დაბეგვრის თარიღებთან დაკავშირებით, შემოწმება სრულად დაეყრდნო გადამხდელის საბუღალტრო პროგრამას (1c და სუპერფინა), რომლის მიხედვითაც ხდებოდა კაპიტალის და სესხის ნაშთის შემცირება სალაროს მეშვეობით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მიეცა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად შეესწავლა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისად სადავო საკითხი, რის შემდეგაც გადასახადის გადამხდელს დამატებითი არგუმენტები/პრეტენზიები საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხის, ჯარიმის საურავის და ასევე მოგების გადასახადში დარიცხული თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების მონაცემები, რომლის მიხედვითაც საწარმოს 2021 წლის საწყის ნაშთად კაპიტალი არ უფიქსირდება.
შემოწმების მსვლელობისას პირის მიერ ვერ-არ განხორციელებულა მოთხოვნილი ინფორმაცია-დოკუმენტაციის წარმოდგენა და შესაბამისად საწყისი საწესდებო კაპიტალის ნაშთის დადასტურება. შემოწმების მიერ განხორციელდა 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული მოგებისა და 2021 წლის 1 იანვრამდე მიღებული ფინანსური მოგების გაანგარიშება, რის შედეგადაც 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კაპიტალის ნაშთიდან 277 831 ლარი მიჩნეულ იქნა 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებულ მოგებად და აღნიშნულ მოგებაზე განხორციელდა მოგების გადასახადის ჩათვლა. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა
გადაწყვეტილება
წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9);97(1);981(1);309(92);8(12):130(1);154(1ზ);