ბრძანება N 19373
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19373
08 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,-------“ (ს/ნ ,,-------“ )
(მის.: ,,-------“ )
2023 წლის 20 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს ,,-------“ (ს/ნ ,,-------“ ) №82441/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №125-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. არ ეთანხმება შემოწმების პოზიციას იმ ნაწილში, რომ თითქოს ყველა დოკუმენტური რეალიზაციის შესაბამისი თანხა საწარმოს მიღებული აქვს. აცხადებს, რომ ახორციელებს ხილ-ბოსტნეულის ექსპორტს რუსეთის ფედერაციაში და ჰყავს რამდენიმე მყიდველი კომპანია. დღეის მდგომარეობით გადამხდელს არ აქვს სრულად მიღებული რეალიზებული პროდუქციის ღირებულება ჯამში 8 500 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგენს შესაბამის კომპანიებთან გაფორმებულ შედარების აქტებს. ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით დაკორექტირდეს დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.
2. არ ეთანხმება ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტების საფუძველზე შეძენილი საქონლის ღირებულების 25%-ის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით დარიცხულ მოგების გადასახადს. მიუთითებს, რომ შესყიდვის აქტებით განსაზღვრული თანხა შეადგენს 8 849 183 ლარს. ითხოვს შესყიდვის აქტების სრულად გათვალისწინებას. შესყიდვის აქტების სისწორის დასადასტურებლად წარმოადგენს ფიზიკურ პირებთან გაფორმებულ ნოტარიულად დამოწმებულ შესყიდვის აქტებს. ითხოვს წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებას და დარიცხული თანხის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №31562 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,-------’’ (ს/ნ ,,-------’’) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 15 სექტემბრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 1 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 21 ივნისის №14267 ბრძანება და ამავე თარიღის №125-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 466 696 ლარი, მათ შორის: გადასახადი 699 810 ლარი, ჯარიმა 591 937 ლარი, საურავი 174 949 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ახორციელებს საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის - ხილისა და ბოსტნეულის შეძენასა და შემდგომ ექსპორტირებას რუსეთის ფედერაციაში. საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმებისათვის ცნობილი ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე, საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ მასალებზე და საწარმოს წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ საბანკო ანგარიშების ამონაწერებისა და ახსნა-განმარტებების დაყრდნობით, შემოწმებამ შეადგინა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. ანგარიშის მიხედვით ყველა დადასტურებული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ყველა შეძენა ანაზღაურებულად, გარდა საქონლის იმპორტისთვის გადასახდელი თანხების 25%-ისა (საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით აღნიშნული შეძენების საფასური ანაზღაურებულია ნაღდი ანგარიშსწორებით, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მტკიცებულებები შემოწმებისათვის არ წარმოუდგენია, ამიტომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანების N8 დანართის მიხედვით ანაზღაურებულად ჩაითვალა საქონლის ღირებულების 75%). ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომლის კვალიფიკაციაზეც საწარმოს წარმომადგენლის მიერ არ იქნა მოცემული განმარტება, ამიტომ შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებით და სალაროს მინიმალური ნაშთის გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა საწამოს დირექტორზე შესაბამის პერიოდებში გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმებისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმება საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას, საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ მასალებსა და საწარმოს წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას. საწარმოს მიერ წარმოდგენილი იქნა ფიზიკური პირებისაგან ხილისა და ბოსტნეულის შეყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესყიდვის აქტები). წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას, მასში მითითებული საქონელის რაოდენობა და ფასები გადამოწმებულ იქნა საქონლის მომწოდებელ ფიზიკურ პირებთან. მიღებული განმარტებებით დადგინდა, რომ ფიზიკური პირების ნაწილი საერთოდ უარყოფდა საქონლის მიწოდებას, ნაწილი აცხადებდა, რომ ზოგადად ახოციელებდა ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციას, მაგრამ არ ადასტურებენ შესყიდვის აქტით დაფიქსირებულ მოცულობას ან/და ფასს. რიგ შემთხვევებში, განმარტებაში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები მკვეთრად განსხვავდებოდა შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფასებისაგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი N6) მიხედვით, შესყიდვის აქტებით საქონელის შესაძენად საწამოს მიერ გაცხადებული გადახდების 75% ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად, ხოლო 25 % საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, დაიბეგრა როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანამად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმებისათვის ცნობილი ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე, საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ მასალებზე და საწარმოს წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ საბანკო ანგარიშების ამონაწერებსა და ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით შემოწმებამ შეადგინა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომლის კვალიფიკაციაზეც საწარმოს წარმომადგენლის მიერ არ იქნა წარმოდგენილი განმარტება, ამიტომ შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებით და სალაროს მინიმალური ნაშთის გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე შესაბამის პერიოდებში გაცემულ ხელფასად.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახამად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულია, „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითება.
ზემოაღნიშნული მეთოდური მითითების თანახმად, გადამხდელის მიერ გაცხადებულ და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯებს შორის დადებითი სხვაობა, ხარჯის ფაქტობრივად გაწევის პერიოდ(ებ)ში განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიიჩნევა გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%, თუ გაწეული ხარჯის ოდენობის დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს მიერ წარმოდგენილი იქნა ფიზიკური პირებისაგან ხილისა და ბოსტნეულის შეყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესყიდვის აქტები). წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას, მასში მითითებული საქონელის რაოდენობა და ფასები გადამოწმებულ იქნა საქონლის მომწოდებელ ფიზიკურ პირებთან. მიღებული განმარტებებით დადგინდა, რომ ფიზიკური პირების ნაწილი საერთოდ უარყოფდა საქონლის მიწოდებას, ხოლო ნაწილი აცხადებდა, რომ ზოგადად ახოციელებდა ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციას, მაგრამ არ ადასტურებენ შესყიდვის აქტით დაფიქსირებულ მოცულობას ან/და ფასს. რიგ შემთხვევებში, განმარტებაში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები მკვეთრად განსხვავდებოდა შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფასებისაგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი N6) მიხედვით, შესყიდვის აქტებით საქონლის შესაძენად საწამოს მიერ გაცხადებული გადახდების 75% ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად, ხოლო 25% დაიბეგრა როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი.
ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,----- -ის “ (ს/ნ ,,-------’’) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით დაკორექტირდეს დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.
2. მომჩივანი არ ეთანხმება ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტების საფუძველზე შეძენილი საქონლის ღირებულების 25%-ის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით დარიცხულ მოგების გადასახადს.ითხოვს წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებას და დარიცხული თანხის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. ანგარიშის მიხედვით ყველა დადასტურებული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ყველა შეძენა ანაზღაურებულად, გარდა საქონლის იმპორტისთვის გადასახდელი თანხების 25%-ისა.
ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომლის კვალიფიკაციაზეც საწარმოს წარმომადგენლის მიერ არ იქნა მოცემული განმარტება.შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა საწამოს დირექტორზე შესაბამის პერიოდებში გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
2.საწარმოს მიერ წარმოდგენილი იქნა ფიზიკური პირებისაგან ხილისა და ბოსტნეულის შეყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები.წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას, მასში მითითებული საქონელის რაოდენობა და ფასები გადამოწმებულ იქნა საქონლის მომწოდებელ ფიზიკურ პირებთან.განმარტებაში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები მკვეთრად განსხვავდებოდა შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფასებისაგან. შესყიდვის აქტებით საქონელის შესაძენად საწამოს მიერ გაცხადებული გადახდების 75% ჩაითვალა დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად, ხოლო 25 % დაიბეგრა როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),97,982,101,154,275.