გადაწყვეტილება №26556/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26556/2/2026
17 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 2.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26556/2/2026).
დავის საგანი:
არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილი ავანსის თანხის დაკვალიფიცირება საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2025 წლის №249-40 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.01.2026 წლის №489 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 505 755.36 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 317 041.29
დღგ - 24 587.98
საშემოსავლო გადასახადი - 292 453.31
ჯარიმა - 170 160.8
საურავი - 18 553.27
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ჭურჭლით და სხვადასხვა წვრილმანით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2025 წლის №11704 და 17.10.2025 წლის №22249 ბრძანებების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის საქმიანობის, 6.02.2023 წლიდან 1.08.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 3.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითზე ირკვევა შემდეგი:
შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ სამ არარეზიდენტ მომწოდებელზე ავანსის სახით გადახდილი თანხების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 1 483 900 ლარს. კერძოდ:
1. კომპანია „-------“., LTD-ისგან საქონელი ბოლოს მიღებული აქვს 2023 წლის აგვისტოში, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთი შეადგენს 634 486 ლარს. ბოლო თანხის ჩარიცხვა ფიქსირდება 2025 წლის მარტში.
2. კომპანია „-------“-ისგან საქონელი ბოლოს მიღებული აქვს 2023 წლის ნოემბერში, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთი შეადგენს 75 375 ლარს. ბოლო თანხის ჩარიცხვა ფიქსირდება 2023 წლის ნოემბერში.
3. კომპანია „-------“., LIMITED-ისგან საქონელი ბოლოს მიღებული აქვს 2025 წლის მაისში, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთი შეადგენს 774 039 ლარს. ბოლო თანხის ჩარიცხვა ფიქსირდება 2025 წლის აპრილში.
საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 101-ე, 104-ე და 154-ე მუხლების და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №11-ის („დებიტორული დავალიანების შესახებ“) საფუძველზე, არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილი ავანსის თანხის ნაწილი (1 169 813 ლარი) დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2025 წლის №25373 ბრძანება და ამავე თარიღის №249-40 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.01.2026 წლის №489 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ სამ არარეზიდენტ მომწოდებელზე ავანსის სახით გადახდილია თანხა, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 1 483 900 ლარს, თუმცა გადასახადის გადამხდელს გონივრულ ვადაში არ აქვს მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება, ამასთან, არ დასტურდება გადახდილი ავანსის თანხის უკან დაბრუნება.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ავანსის გადახდიდან გონივრულ ვადაში არ აქვს მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება, ამასთან, არ დასტურდება გადახდილი ავანსის თანხის უკან დაბრუნება, საგადასახადო შემოწმების მიერ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №11-ის მიხედვით მართლზომიერად განხორციელდა არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილი ავანსის თანხის ნაწილის (1 169 813 ლარის, რომელზეც გასული იყო გადახდიდან 12 თვე) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები გამოწვეულია ძირითადად საშემოსავლო გადასახადში არარეზიდენტ მომწოდებელზე ავანსის სახით გადახდილი თანხების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების გამო. აღნიშნულს არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ სამ არარეზიდენტ მომწოდებელზე ავანსის სახით გადახდილი თანხების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 1 483 900 ლარს. კერძოდ, 1. კომპანია „-------., LTD“-დან საქონელი ბოლოს მიღებული აქვს 2023 წლის აგვისტოში, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთი შეადგენს 634 486 ლარს. ბოლო თანხის ჩარიცხვა ფიქსირდება 2025 წლის მარტში. 2. კომპანია „------“-დან საქონელი ბოლოს მიღებული აქვს 2023 წლის ნოემბერში, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთი შეადგენს 75 375 ლარს. ბოლო თანხის ჩარიცხვა ფიქსირდება 2023 წლის ნოემბერში. 3. კომპანია „-------., LIMITED“-დან საქონელი ბოლოს მიღებული აქვს 2025 წლის მაისში, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთი შეადგენს 774 039 ლარს. ბოლო თანხის ჩარიცხვა ფიქსირდება 2025 წლის აპრილში.
არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილი ავანსის თანხების ნაწილი (1 169 813 ლარი) დაკვალიფიცირდა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობა მუდმივად მოიაზრებდა წინსწრებით/დეპოზიტად თანხის განთავსებას. შემოწმების ფარგლებში წამოჭრილი საკითხიდან გამომდინარე განხორციელდა მათთან ურთიერთობის პრინციპის გადახედვა და მიღწეული იქნა შეთანხმება ავანსად გადახდილი თანხების შესაბამისი საქონლის მიღებასთან დაკავშირებით. შედეგად: მაგალითად, ------., LIMITED შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთი შეადგენდა 774 039 ლარს, რის შემდგომაც 644 114 ლარის ღირებულების საქონელი უკვე მიღებულია, ნაწილი კი განხილვის და გამოგზავნის პროცესშია. აღსანიშნავია რომ მიღებულ საქონელზე თანხის გადახდა აღარ განხორციელებულა, რაც ადასტურებს რომ საქონლის მიღება განხორციელდა გადახდილი ავანსის ფარგლებში (მოთხოვნის შემთხვევაში მზად არის კომპანია წარმოადგინოს მომწოდებლებთან ურთიერთობის ამსახველი შესაბამისი შედარების აქტები).
შემოწმების აქტში განვითარებული ლოგიკით, თანხის ნაშთის სრული ოდენობა დირექტორზე გაცემულია უკვე ხელფასის სახით და საერთოდ გაუგებარს ხდის, საქონლის მიღების პირობებში თანხის კორექტირების საკითხს. ამასთან აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლების (მ.შ. შემოწმების შედეგებითვე) გათვალისწინებით არ რჩებოდა თავისუფალი ფულადი სახსრები და ავანსად გადახდილი თანხები კომპანიის დამფუძნებლის მიერ არის შეტანილი.
ამდენად, საგადასახადო შემოწმების აქტს არ ეთანხმება არარეზიდენტ მომწოდებელზე ავანსის სახით გადახდილი თანხების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების ნაწილში, ვინაიდან წარმოდგენილი ინფორმაცია ადასტურებს ნაშთების რეალობას, მითუმეტეს რომ მისი ძირითადი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია. შესაბამისად ითხოვს ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობა მუდმივად მოიაზრებდა წინსწრებით/დეპოზიტად თანხის განთავსებას. შემოწმების ფარგლებში წამოჭრილი საკითხიდან გამომდინარე განხორციელდა მათთან ურთიერთობის პრინციპის გადახედვა და მიღწეული იქნა შეთანხმება ავანსად გადახდილი თანხების შესაბამისი საქონლის მიღებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მიღებულ საქონელზე თანხის გადახდა აღარ განხორციელებულა, რაც ადასტურებს, რომ საქონლის მიღება განხორციელდა გადახდილი ავანსის ფარგლებში (მოთხოვნის შემთხვევაში მზად არის კომპანია წარმოადგინოს მომწოდებლებთან ურთიერთობის ამსახველი შესაბამისი შედარების აქტები). დღეის მდგომარეობით 1 483 900 ლარიდან საქონლის ძირითადი ნაწილი, 861 000 ლარის საქონელი, უკვე მიღებულია, რაც დასტურდება საბაჟო დეკლარაციებით. ჩინურ კომპანიებთან საქონლის სრულად მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება შედგა, თუმცა ამ ეტაპისთვის ვერ მოესწრო და საქონლის ნაწილის მოწოდება პროცესშია. შემოწმების შედეგად განვითარებული ლოგიკით, თანხის ნაშთის სრული ოდენობა დირექტორზე გაცემულია უკვე ხელფასის სახით და საერთოდ გაუგებარს ხდის, საქონლის მიღების პირობებში თანხის კორექტირების საკითხს. ამასთან აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლების (მ.შ. შემოწმების შედეგებითვე) გათვალისწინებით არ რჩებოდა თავისუფალი ფულადი სახსრები და ავანსად გადახდილი თანხები კომპანიის დამფუძნებლის მიერ არის შეტანილი, კომპანიას ფინანსურად საოპერაციო მოგება არ რჩება, გამომდინარე იქიდან, რომ საქონლის დიდი ნაშთი გააჩნია. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს გადახდილ ავანსებთან მიმართებით, ეჭვის შეტანის შემთხვევაში, შეეძლო არა ხელფასად, არამედ თუნდაც კაპიტალის შემცირებად განეხილა ავანსად გადარიცხული თანხა.
მომჩივნის არგუმენტებზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი ავანსის მზარდი ნაშთი. შემმოწმებელმა იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №11-ის („დებიტორული დავალიანების შესახებ“) შესაბამისად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ხელფასად დაკვალიფიცირდა მხოლოდ ის თანხა, რომლის გადახდიდან გასული იყო გონივრული ვადა. საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე საწარმოს არ ჰქონდა მიღებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება და საგადასახადო შემოწმების დანიშვნის თარიღამდე არ დასტურდებოდა ავანსის თანხის უკან დაბრუნება. აღსანიშნია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან, 1.08.2025 წლიდან, აქტის შედგენის თარიღამდე, 3.11.2025 წლამდე, მხოლოდ „-------“., LIMITED-დან 2025 წლის ოქტომბერში აქვს კომპანიას მიღებული 226 571.91 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი. ამავე კომპანიასთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ავანსის ნაშთად დარჩენილი თანხა შეადგენდა 230 597 ლარს. 3.11.2025 წლიდან დღემდე (საჩივრის განხილვის თარიღისთვის) „-------“., LIMITED-დან გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს 418 764 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი, „-------“ ., LTD-დან 112 352 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი და „-------“-დან 104 882 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები და დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ. კერძოდ,მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით (შემოწმების აქტის შედგენის შემდგომ პერიოდში კომპანიის მიერ საქონლის შემოტანა უკავშირდება გადარიცხული ავანსის თანხას და ავანსად გადახდილი თანხები კომპანიის დამფუძნებლის მიერ არის შეტანილი), დამატებით შესწავლას/შეფასებას საჭიროებს არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილი ავანსის თანხის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის საკითხი.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 16.01.2026 წლის №489 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.01.2026 წლის №489 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტ მომწოდებელზე ავანსის სახით გადახდილი თანხების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.ითხოვს ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ჭურჭლით და სხვადასხვა წვრილმანით ვაჭრობა.
შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში, გადამხდელის მიერ სამ არარეზიდენტ მომწოდებელზე ავანსის სახით გადახდილი თანხების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 1 483 900 ლარს.არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილი ავანსის თანხის ნაწილი დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 16.01.2026 წლის №489 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(4,9),101,154.