გადაწყვეტილება №24244/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24244/2/2024
29 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 1.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24244/2/2024).
დავის საგანი:
უარი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2024 წლის №ID:------- შესაგებელი;
2. შემოსავლების სამსახურის 1.11.2024 წლის №23320 ბრძანება.
სადავო თანხა: 45 999 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიამ 18.09.2024 წელს აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა №ID:------- გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, რომლითაც ითხოვდა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადამხდელის განმარტებით, ზედმეტობის წარმოშობის მიზეზი არის ძირითადი საშუალებების იმპორტისას საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხა.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე დადგინდა ხარვეზი. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით 30.09.2024 წელს მომჩივანმა წარადგინა ID:------- გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2024 წლის №ID:------- შესაგებლით, მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლით განსაზღვრული უარის თქმის საფუძველი, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა სალაროს არაგონივრული ნაშთი (საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა), რასთან დაკავშირებითაც არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულება.
აღნიშნული შესაგებელი 9.10.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.11.2024 წლის №23320 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 65-ე მუხლზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავზე, ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველ პუნქტზე, 135 მუხლის პირველ პუნქტზე და ასევე, მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილ ვადაში გადამხდელმა დამატებით წარადგინა დოკუმენტაცია, რომლის ანალიზის საფუძველზეც დადგინდა, რომ გადამხდელს უფიქსირდებოდა სალაროს არაგონივრული ნაშთი (საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა), რასთან დაკავშირებითაც არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა არგუმენტაციის და არაადეკვატური დასაბუთების გარეშე არ დააკმაყოფილა საჩივარი, რითაც საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს კომპანიას მისი კუთვნილი საოპერაციო სახსრების განკარგვით.
მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული არგუმენტაცია არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და სამართლებრივად არარელევანტური, ვინაიდან მას არავითარი კავშირი არ აქვს განსახილველ შემთხვევასთან, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მოცემული პასუხი წინააღმდეგობაშია ამ უკანასკნელ ნორმასთან, რაც დაუშვებელია. ამრიგად, ითხოვს დაკმაყოფილდეს საჩივარი, ვინაიდან არ არსებობს არცერთი საკანონმდებლო ნორმა იმის შესახებ, რომ უარი ეთქვას მოთხოვნილი თანხის დაბრუნებაზე. ასევე, დამატებით ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტობრივ გარემოებასა, რომ შემოსავლების სამსახურის „არგუმენტი“ არავითარ კავშირში თუ შემხებლობაში არ არის ამ შემთხვევასთან, ვინაიდან, კანონმდებლობით პირდაპირაა გათვალისწინებული, რომ მოთხოვნაში მითითებული თანხა დაბრუნებულ უნდა იქნეს.
საგულისხმოა ისიც, რომ კანონმდებლობა ამ კუთხით რაიმე გამონაკლისს არ ითვალისწინებს, რაზედაც შემოსავლების სამსახური აპელირებს. შესაბამისად, უდავოა, რომ უნდა დაკმაყოფილდეს საჩივარი, კერძოდ, ბათილად იქნეს ცნობილი სადავო შესაგებელი და შემოსავლების სამსახურის ბრძანება, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა კომპანიის მოთხოვნა.
ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ერთიან საბიუჯეტო გადასახადში/სანქციაში არსებული ზედმეტად გადახდილი თანხა 45 999 ლარი დაბრუნდეს კომპანიის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც საგადასახადო ორგანო ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 1.11.2024 წლის №23320 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
უარი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიამ აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, რომლითაც ითხოვდა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადამხდელის განმარტებით, ზედმეტობის წარმოშობის მიზეზი არის ძირითადი საშუალებების იმპორტისას საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხა.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე დადგინდა ხარვეზი. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტის შესაგებლით, მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული შესაგებელი 9.10.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.11.2024 წლის №23320 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63