გადაწყვეტილება №26187/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.12.2025
№ დოკუმენტი 26187/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26187/2/2025

17 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 18.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26187/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13476 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2025 წლის №007-260 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2025 წლის №24632 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 125 474,11 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 76 713,90

ჯარიმა - 38 357

საურავი - 10 403,21

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ბეტონის წარმოება და ბეტონსაქაჩით მომსახურების გაწევა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 19.05.2025 წლის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები, გაანგარიშების ცხრილები, კალკულაციები, ჩგდ-ები და სხვა). დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 7 072 283 ლარი. ხოლო გაწეულმა ხარჯმა (მასალების შეძენა, ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ბანკის საკომისიოები, ტრანსპორტირების ხარჯი, იჯარა და სხვა) - 6 632 175 ლარი. ხარჯებში გამოიქვითა, როგორც დოკუმენტურად დადასტურებული, ასევე, ბეტონის რეალიზაციის დროს გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი, რომლის ნაწილზეც გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ჩგდ-ები (231 726 ლარზე), ხოლო ნაწილზე არ ჰქონდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, იდენტიფიცირებულ იქნა ზედნადებების მიხედვით ის რეალიზაციები, რაზეც ტრანსპორტირების ხარჯი გაწეული ჰქონდა გამყიდველს - შპს „-------“. ამის შემდგომ, დადგინდა ბეტონის გადაზიდვის საშუალო ღირებულება, რაც დაანგარიშდა გადამხდელის მიერ წარდგენილი ჩგდ-ების მიხედვით. კერძოდ, ისეთ რეისებზე რაზეც არ იყო წარდგენილი ხარჯის დოკუმენტი, გავრცელდა ჩგდ-ებში დაფიქსირებული მინიმალური ღირებულები 85,36 ლარი. ასევე, მანქანის ნომრების მიხედვით მოხდა პირთა იდენტიფიცირება (ბეტონმზიდების მფლობელების) და დადგინდა იყვნენ თუ არა ეს პირები გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულები. გამოქვითვას დაექვემდებარა, მხოლოდ იმ პირების მიერ გაწეული ტრანსპორტირების მომსახურება, რომლებიც რეგისტრირებულები იყვნენ გადასახადის გადამხდელებად. ჯამურად ხარჯებში გამოქვითვას დაექვემდებარა არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი ტრანსპორტირების ხარჯი, რამაც შეადგინა 213 741 ლარი. საბოლოოდ, ბეტონის რეალიზაციის ფარგლებში გაწეულმა ტრანსპორტირების ხარჯმა 2022-2024 წლებში შეადგინა 445 467 ლარი. შემოსავლების სხვაობამ მიღებულ და გასულ ფულს შორის პერიოდის დასაწყისსა და ბოლოში საბანკო ანგარიშზე არსებული ფულის ნაშთის, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების გათვალისწინებით, შეადგინა 558 338 ლარი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მიხედვით განისაზღვრა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი წლების მიხედვით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე 23.05.2025 წელს გამოიცა №10532 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №007-75 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13476 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- ბეტონის ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს მიერ ბეტონის ტრანსპორტირების დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ჩგდ-ებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებლით და აღნიშნულის გათვალისწინებით განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- ამწეს შეკეთებასა და ბეტონის გამაგრებით სამუშაოებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13476 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 9.09.2025 წლის დასკვნა საფუძველზე, დარიცხული გადასახადი შემცირდა 62 871 ლარით, ხოლო ჯარიმა 31 435 ლარით. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2025 წელს №21265 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა 30.09.2025 წლის №007-260 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.11.2025 წლის №24632 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ჩგდ-ებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებელი, რომელიც წარმოადგენდა 181 ლარს. რის შედეგადაც ტრანსპორტირების ხარჯმა შეადგინა 684 949 ლარი. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, ამწეს შეკეთებისა და ბეტონის გამაგრებით საშუალებებზე გაწეული ხარჯების ქვითრები, ასევე აქტი. აღნიშნული მტკიცებულებებიდან გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ბეტონის გამაგრებით საშუალებებზე გაწეული ხარჯი, 12 000 ლარი. ამწეკრანის შეკეთების ხარჯი კი არ იქნა გათვალისწინებული, რადგან მომსახურების გამწევი პირი წარმოადგენდა არამეწარმე ფიზიკურ პირს და შპს ,,-------“ თავად ჰქონდა ვალდებულება დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, ბეტონმზიდი მანქანების მიერ ობიექტზე მისვლის შემდგომ 40 წუთიდან ერთ საათამდე მიტანილი ბეტონის დაცლის ხარჯების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ტრანსპორტირება მოიცავდა როგორც მიტანის ასევე მოცდის ღირებულებას, რადგან ჩგდ-ებში ცალკე გამოყოფილი მოცდის თანხა არ ფიქსირდებოდა. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, ვინაიდან ხარჯებში გათვალისწინებულია ჩგდ-ებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებელი, აღნიშნული მოიცავს როგორც ტრანსპორტირების, ისე მოცდის ღირებულებას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დაკორექტირებულ თანხაში არ არის ასახული ტრანსპორტირების მთლიანი ხარჯი. კერძოდ ტრანსპორტირების ხარჯი მთლიანად შეადგენს 955 100 ლარს, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ ათვლილია მხოლოდ 684 949 ლარი. ტრანსპორტის მიერ გაკეთებული რეისების რაოდენობა და ფასები მისამართების მიხედვით გაკეთებულია და თან ერთვის საჩივარს.

კომპანიის 2022 წლის შემოსავალმა შეადგინა 1 292 280 ლარი, საერთო ხარჯი იყო 1 428 971,3 ლარი, მათ შორის ბეტონის ტრანსპორტირების ხარჯი - 200 350 ლარი.

2023 წლის შემოსავალი შეადგენს 2 698 072 ლარს, საერთო ხარჯი არის 2 456 735 ლარს, მათ შორის ბეტონის ტრანსპორტირების ხარჯი - 354 550 ლარს.

2024 წლის შემოსავალმა შეადგინა 3 083 029 ლარი, საერთო ხარჯი არის 2 908 480 ლარი, მათ შორის ბეტონის ტრანსპორტირების ხარჯი - 374 200 ლარი.

ბეტონის ტრანსპორტირების ხარჯმა 2022-24 წლებში სულ შეადგინა 955 100 ლარი. ასევე ზედნადებებში მითითებულ რეალიზაციის თანხაში არის როგორც ბეტონის ღირებულება, ასევე ტრანსპორტირების თანხაც, რომელიც დაბეგრილია.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად ბეტონის ტრანსპორტირების ხარჯი არის 684 949 ლარი, რასაც არ ეთანხმება მომჩივანი. სხვაობა დარიცხულ და რეალურ თანხას შორის არის 270 151 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს გაუქმდეს დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი, ვინაიდან ბეტონმზიდი მანქანები, რომელთაც მიაქვთ 15-20 ტონა ტვირთი ახლო მანძილზე 1 კმ-ის ფარგლებში ტრანსპორტირების ხარჯი არის 150 ლარი, ხოლო შემდგომ მანძილის მიხედვით იზრდება ტრანსპორტირების ხარჯი. ასევე გამოწერილი ზედნადებებიდან ჩანს თუ რამდენი ლარის ფარგლებში დადიან ბეტონმზიდები ობიექტებზე.

აუდიტის გაანგარიშების მიხედვით 2024 წლის 31 დეკემბრისთვის არსებული კრედიტორული დავალიანება 50 000 ლარი დამატებულია შემოსავალში. აღნიშნული დავალიანება გადახდილია 2025 წლის იანვარ-თებერვლის თვეში, მომჩივანი ითხოვს აღნიშნული თანხის ამოღებას შემოსავლიდან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13476 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- ბეტონის ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს მიერ ბეტონის ტრანსპორტირების დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ჩგდ-ებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებლით და აღნიშნულის გათვალისწინებით განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- ამწეკრანის შეკეთებასა და ბეტონის გამაგრებით სამუშაოებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13476 ბრძანების აღსრულების მიზნით, 9.09.2025 წელს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის თანახმადაც, ბეტონის ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებით, შემმოწმებელთა მიერ გათვალისწინებულ იქნა ჩგდ-ებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებელი, კერძოდ, 181 ლარი, რის შედეგადაც ტრანსპორტირების ხარჯმა შეადგინა 684 949 ლარი. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები (ქვითრები და აქტი) ამწეს შეკეთებისა და ბეტონის გამაგრებით სამუშაოებზე გაწეული ხარჯებთან დაკავშირებით. ამ მტკიცებულებებიდან გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ბეტონის გამაგრებით სამუშაოებზე გაწეული ხარჯი 12 000 ლარი. ამწეს შეკეთების ხარჯი კი არ იქნა გათვალისწინებული, რადგან მომსახურების გამწევი პირი წარმოადგენდა არამეწარმე ფიზიკურ პირს და შპს ,,-------“ თავად ჰქონდა ვალდებულება დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან. აქედან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, პირს შეუმცირდა გადასახადი 62 871 ლარით, ხოლო ჯარიმა 31 435 ლარით.

მომჩივანი არ ეთანხმება ბეტონის ტრანსპორტირების ხარჯების გაანგარიშებას და უთითებს, რომ ბეტონმზიდი მანქანების ტრანსპორტირების ღირებულება ერთი კილომეტრის ფარგლებში შეადგენდა 150 ლარს, ხოლო შორ მანძილზე იზრდებოდა მანძილის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ხარჯების გაანგარიშება ჩგდ-ებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებლით. გამოწერილი ზედნადებებიდან ჩანს თუ რამდენი ლარის ფარგლებში დადიან ბეტონმზიდები ობიექტებზე.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 25.11.2025 წლის №105327-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ბეტონის ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებით, შემმოწმებელთა მიერ გათვალისწინებულ იქნა ჩგდ-ებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებელი, კერძოდ, 181 ლარი. რის შედეგადაც ტრანსპორტირების ხარჯმა შეადგინა 684 949 ლარი. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები (ქვითრები და აქტი) ამწეკრანის შეკეთებისა და ბეტონის გამაგრებით საშუალებებზე გაწეული ხარჯებთან დაკავშირებით. ამ მტკიცებულებებიდან გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ბეტონის გამაგრებით საშუალებებზე გაწეული ხარჯი 12 000 ლარი. ამწეკრანის შეკეთების ხარჯი კი არ იქნა გათვალისწინებული, რადგან მომსახურების გამწევი პირი წარმოადგენდა არამეწარმე ფიზიკურ პირს და შპს ,,-------“ თავად ჰქონდა ვალდებულება დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან. აქედან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივანი ასევე ითხოვს კრედიტორული დავალიანებად შეფასებული 50 000 ლარის ამოღებას შემოსავლიდან, რადგან ეს დავალიანება მას გასტუმრებული ჰქონდა 2025 წლის იანვარსა და თებერვალში.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13476 ბრძანებით ამ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამ საკითხის დამატებით შესწავლა აუდიტის დეპარტამენტისთვის დავალებული არ ყოფილა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13476 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13476 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა ჩგდ-ებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებელი, რომელიც წარმოადგენდა 181 ლარს. რის შედეგადაც ტრანსპორტირების ხარჯმა შეადგინა 684 949 ლარი. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, ამწეს შეკეთებისა და ბეტონის გამაგრებით საშუალებებზე გაწეული ხარჯების ქვითრები, ასევე აქტი. აღნიშნული მტკიცებულებებიდან გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ბეტონის გამაგრებით საშუალებებზე გაწეული ხარჯი. ამწეკრანის შეკეთების ხარჯი კი არ იქნა გათვალისწინებული, რადგან მომსახურების გამწევი პირი წარმოადგენდა არამეწარმე ფიზიკურ პირს და მომჩივანს თავად ჰქონდა ვალდებულება დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, ბეტონმზიდი მანქანების მიერ ობიექტზე მისვლის შემდგომ 40 წუთიდან ერთ საათამდე მიტანილი ბეტონის დაცლის ხარჯების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ტრანსპორტირება მოიცავდა როგორც მიტანის ასევე მოცდის ღირებულებას, რადგან ჩგდ-ებში ცალკე გამოყოფილი მოცდის თანხა არ ფიქსირდებოდა. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, ვინაიდან ხარჯებში გათვალისწინებულია ჩგდ-ებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებელი, აღნიშნული მოიცავს როგორც ტრანსპორტირების, ისე მოცდის ღირებულებას. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13476 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)